მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Wednesday, October 28, 2009

ყვავილები

ბუჩა 2 წლის და 2 თვის წინ გავიცანი. არასდროს ყვავილები არ უჩუქნია.
ჯერ ჩუმად ველოდბოდი, მერე ნამიოკებით, მერე ვუთხარი, მერე ჩხუბში წამოვაძახე...
არაფერმა გაჭრა. ყვავილები არ მაჩუქა....

შარშან ოქტომბერში გადავედით ახალ სახლში, დენი არ იყო ჯერ შეყვანილი ოფიციალურად. ერთ კაბელზე ვისხედით 5-6 ოჯახი. საჭმელს ”პლიტაზე” ვაკეთებდი, რომელიც ზრდილობის გულისთვის ბჟუტავდა და ერთ ჩაიდანს საათნახევარში ადუღებდა. დროს ვკარგავდი ძალიან ბევრს საჭმლის გასაკეთებლად. 7 თვის ორსული, სამსახურიდან მოვდივარ, საჭმელი უნდა გავკეთო და ეს დებილი პლიტა კიდევ ჩუმადაა, არ აკეთებს არაფერს... გაზის ბალონზე, შევუჭამე ტვინი ბუჩას, მოიტანე თქო. ხოდა არ იბერტყავდა ყურს მგონი.
ერთ დღესაც მოვდივარ სამსახურიდან, დაღლილი, პლიტა ჩავრთე და ნახევარი საათის შემდეგ, ამომასხა ყელში ”სანამ გაზის ბალონი არ მექნება, მე საჭმელს არ გავაკეთებ თქო!!!”. იმის კვალობაზე რას ნიშნავს მაგისთვის ”საჭმელს აღარ გავაკეთბ”, ბუჩამ ძალიან წყნარად მიიღო ეს ჩემი ისტერიკა.
ნანუკა ჩემ ოთახში შედის, გამოდის, შედის გამოდის, ”დედა ეს წითელი რა დევს შენ ლოგინზე?”. წავედი სანახავად რა დევს ჩემ ლოგინზე წითელი და სანამ შევალ და შევიხედები, უკვე ვხვდები რომ გაზის ბალონია, შვეედი და ვხედავ ლამაზად შეფუთულ რაღაც ნივთს ”პილიგრიმის” შეფუთვით და სტიკერით. გავხსენი და ააააააა, დავიწყე სიცილი, კივილი, გამეხარდა ძალიან:


-------------------------
---გუშიწინ ვიკამათეთ, დილით ისევ გაგრძელდა კამათი. მანქანიდანაც კი გადმოვედი და ფეხით წამოვედი სამსახურში, ისე მეწყინა...
საღამოს გუშინ, ეკატოს ვუვცლიდი, როცა ბუჩა მოვიდა. შემოვიდა და ყვავილები გამომიწოდა, ეხლაც კი ამიფრიალდა გული, რომ გამახსენდა. ასე ძალიან გაზის ბალონიც არ გამხარებია თქო :)
ძალიან მიყვარს
კარგი მყავს
»»  read more

Friday, October 23, 2009

შიში

არა, სიკვდილის შიში კი არ მაქვს, ეკატოს და ნანუკას რომ ვუყურებ, არ მინდა რომ უჩემოდ იყვნენ.
როგორ ვუყვარვარ და რამხელა საყრდენი ვარ მაგათთვის.
რამხელა ტრაგედია იქნება მე თუ არ ვეყოლები. აი ამაზე ვგიჟდები, რომ ვფიქრობ.
მით უმეტეს ბავშვობაში როცა კარგავენ დედებს.
მაგრამ ხომ არსებობს ასეთი შემთხვევები? როცა პაწიები კარგავენ დედას. ესე იგი იმ ბავშვებს შეუძლიათ ამ ტკივილის ატანა და ღმერთი იმიტომ უშვებს ასეთ განსაცდელს. ხო, მაგრამ მაინც დიდი ტკივილია. საკუთარი თავი კი არა, იმათი ტკივილი მტკივა თითქოს. და ღმერთს ვთხოვ, რომ ჩემი თავი ყავდეთ ამათ.
სიკვდილზე ყევლა ფიქრობს ასე თუ ისე, მეც.
როცა ადამიანისთვის სიკვდილის ცნება შემოდის. შემდეგი ეტაპებია:
1. შიში (რა საშინელებაა)
2. უარყოფა (ეს მე არ მომივა)
3. შეგუება (მაინც უნდა მოვკვდე)
4. სიკვდილის მიღება - ეს მორწმუნე ადამიანისთვის ბევრად უფრო იოლია.
ვფიქრობ რომ მე მე-4 სტადიაში ვარ, ანუ ვფიქრობ როგორ ვიცხოვრო ისე, რომ იქ სასუფეველში მოვხვდე, მაგრამ როგორც ყველა ადამიანი, ფიქრებით შემოვიფარგლები და საქმე საქმეზე რომ მიდგება, მეზარება.

ისე, არავინაა დაზღვეული რომ თუნდაც ეს წამი მისთვის უკანასკნელი არ იქნება. ყოველ ღამე რომ ვწვები, რაღაც მომენტშივუშვებ რომ შეიძლება დილა არ დადგეს.
დილით კი არასდროს იცი, როგორ დაღამდები.

ამას რომ ფიქრობ, მერე ბევრი რაღაც ხდება სულ ერთი. არა ღირებული.
ხდები მიმტევებელი. არ ეკიდები წვრილმანებზე ადამიანებს. ცდილობ ახლობელი ადამიანები მოისიყვარულო.
თუნდაც ამიტომ ღირს ვაჟას ნათქვამად: შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა :)

მიკვირს ვისაც ღმერთის არ სწამს.
როცა იცი, რომ აუცილებლად მოკვდები.
რელიგია კი გეუბნება, რომ თუ რწმენა გექნება არ მოკვდები (31. ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა. იოანე, 20)
არჩევანი არ გაქვს, არ ჯობია ირწმუნო და შანსი გქონდეს რომ სიკვდილის მერეც იარსებო, ვიდრე არ გწამდეს და იფიქრო, რომ სიკვდილის მერე გაქრები?
მით უმეტეს რწმენა ისეთია, სულ ოდნავ თუ შემოუშვი გულში, თანდათანობით მთელ სხეულს აგივსებს სიხარულით, სიცოცხლით, ბედნიერებით, სიყვარულით.
გადავუხვიე თემას მგონი. :)

საერთოდ ითვლება რომ ყველა ”ფობიის” თავი და თავი სიკვდილის შიშია. გეშინია იმიტომ რომ საფრთხეს გრძნობ, ანუ ირღვევა მასლოუს პირამიდის სულ პირველი საფეხური - უსაფრთხოება, ადამიანის უპირველესი მოთხოვნილება. თუმცა, ჩემი აზრით, სიკვდილის შიში არ არის ყველაზე ძლიერი გრძნობა, როგორ მეცნიერები ფიქრობენ. ასე რომ იყოს, არ გაწირავდა დედა შვილისთვის თავს, მეომარი - სამშობლოსთვის, მოწამეები - ღვთისთვის.

ესე იგი სიყვარული უფრო ძლიერი ყოფილა ვიდრე სიკვდილი :)
სიყვარული კი უფალია :)
»»  read more

Wednesday, October 21, 2009

დაგვიანებული კაიფი

მრცხვენია თქმა, მაგრამ გურამ დოჩანაშვილის არაფერი წამიკითხავს აქამდე.
სახლში არ გვქონდა მაგის წიგნები ეტყობა, თორემ აუცილებლად მომხვდებოდა ხელში. ბიბლიოთეკაში არ ვიკითხავდი, სათაური დამაფრთხობდა. გუშინწინ ფორუმზე გოგოებმა დაწერეს ნაწყვეტი დოჩანაშვილისგან.
”მოდიოდა ქალი, რომელიც იყო სახელად
იისფერი...
მოჰყვებოდა კაცი, რომელსაც ერქვა
გავძეხი...
მე კი აქ ვიყავი ზედმეტი, ისევე როგორც სიტყვა
მაშასადამე...”
ძალიან მომეწონა. მომეწონა არ ქვია ამას. ინტერესიც ცუდი სიტყვაა. აი ადამიანს რომ ”შენიანად” იგრძნობ უცბად, ისე დამემართა.
მანამდე ხინკალი და ბითურობა მქონდა მოსმენილი, მაგრამ ეტყობა ხინკალი მიყვარს ძალიან და დანარჩენი ვერ აღვიქვი სათანადოდ....
დღეს გადავწყვიტე წამეკითხა.
სამსახურში ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ ძალიან გაბრუებული ვარ და ვერაფერს ვაკეთებ. ფორუმზე ვპოსტავ და მაფია ვორს ვთამაშობ.
ძალიან კარგი საიტია www.lib.ge
პირველივე ნაწარმოები ”ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება” აღმოჩნდა. დავიწყე კითხვა დასაწისიდანვე მივხვდი რომ ლამაზად ნაწერია. თითოეული სიტყვა ყურადღებით და ”გემრიელად” რომ უნდა წაიკითხო. ვკითხულობ, ვკითხულობ და ჩემს შიგნით საიტის ჩამოტვირთვისას რომ იწერება, ის ხდება. Loading.... Loading....
ვგრძნობ როგორ ვივსები. როგორ ვხვდები რომ სისულელეა უაზროდ დახარჯო დრო ინტერნეტთამაშებში, უაზრო ჭორაობაში, როცა აქვე გვერდზე ასეთი გემრიელი, სასიამოვნო, გულიანი ნაწერია. როცა შეგიძლია რომ დროის მოკვლის მაგივრად, შეავსო დრო და შეივსო შენ. გამდიდრდე შიგნიდან, გაითბო ტვინი, გულმა შეგიღიტინოს სიხარულისგან და გაიღიმო, რომ ასეთი რაღაცეები არსებობს ცხოვრებაში.
ბოლომდე მჯეროდა რომ მიხვდებოდა გმირი რასაც შალვა ცდილობდა მისთვის დაენახებინა. გული დამწყდა რომ ვერ მიხვდა... რამდენ ასეთ ნამდვილ რაღაცას ვერ ვხვდებით ყოველ დღე და ყოველ წუთს? ცხოვრებას არასაჭირო რაღაცეებით ვავსებთ, როცა იმდენი რამეა სანახავი და მოსასწრები. ნამდვილის დეფიციტია ყველგან....

....
ამოვბეჭდე და ავკინძავ ეხლა. ნანუკას მინდა წავაკითხო. :)

ესეც ჩვენი საქართველო, რომელიც გერასიმემ ვერ შეიგრძნო. სოფელში, ჩემი სახლიდან გადაღებული სურათია.
»»  read more

Tuesday, October 20, 2009

ვარჯიში


ბოლო პერიოდია ვარჯიში დავიწყე.
მთელი ცოხვრება ვვარჯიშობდი. ჯერ ტანვარჯიშზე დავდიოდი. 14-15 წლიდან სახლში ვვარჯიშობდი. სტუდენტობისას სახლში +დარბაზში. მერე კუს ტბაზე დავრბოდი + ვვარჯიშობდი.
2 წელია თითქმის არ მივარჯიშია, თუ არ ჩავთვლით 1 თვე აუზზე სიარულს.
მშობიარობის შემდეგ სულ მინდოდა დამეწყო ვარჯიში. იმის გამო რომ ძუძუზე მყავს ეკატო, ბუჩამ თქვა არ შეიძლება დატვირთვაო. პატარ -პატარა ვარჯიშებს მაინც ვაკეთებდი, მუცლის და მკერდისთვის ძირითადად.
გუშინ დილით საბოლოოდ დავიწყე ვარჯიში. სირბილს ვერ ვახერხებ ჯერ ეკატოს რეჟიმის გამო, დილით ადრე იღვიძებს და მაგ დროს მარტო მე მღვიძავს სახლში. ზაფხულში წავიყვან ნანუკასაც და მაგასაც კუს ტბაზე და ვირბენ.
ძალიან მიყვარს სირბილი. სხვასთან ერთად ვერ დავრბივარ. იმას თავის ტემპი აქვს, მე - ჩემი. ნელა ნელა რითმულად სუნთქავ და რომ ფიქრობ რომ მეტი აღარ შეგიძლია, ზუსტად ამ დროს იხსნება ის ”მეორე სუნთქვა” და მერე თუ გინდა ირბინე კილომეტრები, პრობლემა აღარ გაქვს :)
ადრე წავიკითხე ენდორფინები მარტო სირბილის, ორგაზმის და შოკოლადის ჭამის დროს გამოიყოფაო. არ ვიცი, შეიძლება სხვა დროსაც, მაგრამ სირბილის დროს რომ ნამდვილად გამოიყოფა, მაგაზე თავს დავდებ. :)
როცა ვვარჯიშობ, მთელი დღე ფანტასტიურად ვგრძნობ თავს. შიგნიდან ვიცვლები და უცბად ვხდები, ლამაზიც, ტანწერწეტიც, სექსუალურიც... ეს გარეთაც გადმოდის მერე :)
არასდროს მივარჯიშია გასახდომად. არც ეხლა ვფიქრობ რომ უნდა გავხდე. საკუთარი გარეგნობით ანუ ბუნებით მომადლდებულით, ნამდვილად კმაყოფილი ვარ. მოვლა კი ყველას და ყველაფერს სჭირდება.
მოკლედ, მგონია რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას ვუბრუნდები ისევ. ხოდა როგორც მე და ჩემი და ვამბობთ, უნდა გავნაშდე რააა ;)
»»  read more

Monday, October 19, 2009

საჩუქარი

მაინცდამაინც საჩუქრები არ მიყვარს, მირჩევნია შემითანხმდნენ რა მინდა და ისე მიყიდონ დაბადების დღისთვის რამე, ვიდრე სურპრიზად. მე როცა ვინმესთვის რამეს ვარჩევ, იმ ადამიანის ადგილზე წარმოვიდგენ თავს და ვარიანტებს ისე განვიხილავ. თუ ოდნავ მაინც ახლობელია და არა ვთქვათ, ნანუკას კლასელი, მაშინ ვურეკავ იმ ადამიანს და ვეუბნები საჩუქრად რა გირჩევნია, ეს, ეს თუ ეს? კმაყოფილები ვართ ორივე მჩუქებელიც და ”მიჩუქებულიც” :)
32 წლის მანძილზე ბევრი საჩუქარი მიმიღია. ვეცდები გავიხსენო გამორჩეულები.
ყველაზე ორიგინალური
- ერთი ბიჭი იყო, აი კინაღამ ცოლად გავყევი-თქო, რომ დავწერე წინა პოსტში, ჩემი დაბადების დღე რომ მოდიოდა (ანუ ღამის 12-ისთვის) რაღაც ხმაური ისმოდა ჩემი ფანჯრის წინ, რომ გავიხედე საკმაოდ ბნელოდა და ვერაფერი გავარჩიე. დილით რომ გავიხედე, უფრო სწორედ ჯერ დედაჩემმა გაიხედა და რეაქციით მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, გავიხედე და ჩემი ფანჯრის წინ კედელზე ულამაზესი ფერებით ეხატა საკმაოდ ორიგინალური მზე. ძალიან გამიხარდა და გათბა ზამთრის ის დღე. დღემდე მახსენდება ის მომენტი.
ყველაზე ლამაზი:
ესეც იმ ბიჭს უკავშირდება, სადღაც სურათში ვნახე ჭადრაკის მინის დაფა და მასზე დაწყობილი ფიგურების შესაფერისი ზომების ჭიქები. ერთ მხარეს წითელი სითხით, მეორე მხარეს - გამჭირვალე.
ხოდა ერთხელაც მაჩუქა ეს დაფა, დაწყობილი ჭიქებით, და ცალკე გაუხსნელი 2 ცალი მარტინი: წითელი და თეთრი. ვაპირებდი დამესხა კიდეცო, მაგრამ უშენოდ არ გავხსენიო.
რაღაცნაირი
2 ცალი კალამი, ერთი ჩემთვის, ერთი ნანუკასთვის. საერთოდ საწერი საშუალებები ძალიან მიყვარს, მგონი არც არავის უჩუქნია იმ ბიჭის გარდა.
პრაქტიკული
- საპურე, რომელიც ჩემმა ყოფილმა თანამშრომელმა მაჩუქა.
- სამკაულების ჩასადები, რომელიც ზუსტად ვეღარ ვიხსენებ ვინ მაჩუქა :(
- ნესესერი, რომელიც ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა ჩამომიტანა გერმანიიდან.
- ძროხის გამოსახულებიანი ჭურჭლის ტილოები, ჩემი შვედი პროექტ მენეჯერისგან
- ოქროს ჯაჭვი და ჯვარი, დედაჩემისგან :)
- საფულე ჩემი დისგან და სიძისგან
- მანგოს ჩანთა ჩემი ჯიპელი ჯგუფელისგან და მეგობრისგან
- სუნამო ”Allure", ვინც ნესესერი მაჩუქა, იმ ბიჭისგან, ვალენტინობაზე.
- სუნამო დ/გ ”Blue", ბუჩას ბიძაშვილი ლეკასგან.
- ნამცხვრის ჩასადები შუშის მრგვალი, მეჯვარე და ეკატოს ნათლია ნინოსგან
ყვავილები
-ვარდები, ნანუკას მამისგან, ჩემ დაბადების დღეზე
-იისფერი ყვავილების თაიგული, რომელიც უძალიანკეთილესმა ადამიანმა გამოატანა ვიღაცას და მომიტანა სახლში, მივხვდი რა თქმა უნდა ვისგანაც იყო.
-ძალიან ლამაზი ჰოლანდიური ყვავილი, ერთი ცალი, რომელიც ვერ ვიხსენებ ვინ მაჩუქა :(
ბუჩასგან
- ნიშნობის ბეჭედი ჩემ დაბადების დღეზე
- სუნამო ”j'adore" ეკატო რომ გაჩნდა.
ეხლა დავფიქრდი, წელს დაბადების დღეზე ნეტავ რა მაჩუქა თქო და ვერ გავიხსენე, ა ჟალ...
თქვენი ყველაზე ორიგინალური ან დასამახსოვრებელი საჩუქარი ?
»»  read more

Friday, October 16, 2009

როგორ მეშინოდა ქორწინების


ჩემ ნაწერს გადავაწყდი, ჯვრისწერის წინა დღეს დამიწერია:
”ხვალიდან ახალი იწყება.
აი ახალი... ყველაფერი ახალი...
რომ არ მოგატყუო, მეშინია.
მაგრად.
ხანდახან ისე მაგრად მეშინია რომ მანქანის კარები მინდა გავაღო და წავიდე. მაგრამ სად გინდა წახვიდე?
ეხლა ისე ვარ, თითქოს ფრთებს მაჭრიან..
არადა არც არასდროს მქონია....
უბრალოდ ისე მიყვარდა ფრენა... უფრთოდ....
ეხლა შეგრძნება მაქვს რომ ვეღარ ვიფრენ...
ერთი ვიცი რომ ბევრი დღეები უნდა გათენდეს...
ღმერთს ვთხოვ რომ გათენდეს...
დანარჩენი ალბათ მოვა თავის დროზე და თავის ადგილზე....
ფრთები კიდევ ჯობია ისევ იქ იყოს, სადაც არის..
თორემ ჩემთან ერთად დაბერდებიან...
........ბებერი ფრთები საცოდავი სანახავია...” (20 თებერვალი, 2008)

საერთოდ ბავშვობაში არასდროს ვფიქრობდი გათხოვებაზე.
სულ ვფიქრობდი, რომ ვიქნებოდი დიპლომატი, მეყოლებოდა ერთი შვილი და ვიქნებოდი საკუთარი ცხოვრებით დაკავებული.
არ ვთამაშობდი თოჯინებით. მქონდა მანქანების კოლექცია, ჯარისკაცები, რომლებსაც ვაომებდი სერიოზულად. მქონდა გერმანული საექიმო ნაკრები უმაგრესი და იმით თოჯინებს ყოველდღე ოპრაციას ვუკეთებდი. რბილი დათუნია მყავდა, რომელსაც რაღაც ლაქა დააჩნდა შუბლზე და ყოველდღე მიდიოდა ამ ”ნატკენზე” პერაცია, თავის ნემსებით, გაკერვებით და ამბებით. ლოლ.
3 წლიდან ვკითხულობდი. არ არსებობდა ჩემთვის არც სტუმრად ყოფნა, არც სტუმარი სახლში, ვიჯექი და ვკითხულობდი.
პირველი ”პაკლონიკი” 8 წლის ასაკში გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში, როცა მე და ჩემ კლასელს ერთი ბიჭი მოგვიახლოვდა და კინოში დაგვპატიჟა კვირას (სოლოლაკში კვირაობით მულტფილმების ჩვენება იყო). მე დავიბენი, ჩემი კლასელი არ დაბნდა და ”ჩვენ ბიჭებთან ერთად კინოში არ დავდივართო” მკვახედ უთხრა. მე კიდევ შემეშინდა. ისე შემეშინდა, რომ როცა იმ ბიჭს ვხედავდი ქუჩაში იყო, სკოლიდან სახლში არ მივდიოდი. ვიდექი და ველოდებოდი როდის წავიდოდა. ის კიდევ, მე მელოდებოდა, როდის გამოვიდოდი. ხოდა ვიყავი ასე. აღარ მახსოვს როგორ დამთავრდა, მაგ პერიოდი...
მერე 11 წლის რომ ვიყავით ცხვარიჭამიაში წავედით ბანაკში. იქ უამრავ ბიჭს მოვეწონე, ვიდექი და ვითვლიდი პაკლონიკების რაოდენობას და ვხალისობდი :). მერე 12 წლის ასაკში მეზობელ ბიჭს მოვეწონე, მეგობრობის დღიურში ჩამიწერრა, მთელი ცხოვრების შენთან გატარებას ვნატრობო. საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო, მეც მომეწონა, მაგრამ არც ეს მახსოვს რითი დამთავრდა.
პირველი სერიოზული სიყვარული მე-9 კლასში იყო. ძააალიან სერიოზული. მე კავეენის კაპიტანი ვიყავი, ის კიდევ კავეენში იღებდა მონაწილეობას. რეპეტიაციაზე შევდივარ პირველად და ვიღაც ვაკელი ტიპი ზის მერხთან და მაგარ გატეხილშია. იმ დღეს გარდაიცვალა მერკური. მეც მიყვარდა ფრედი, ხოდა გავუგეთსავით. 1 წელი გავქაჩეთ, მერე დამადო. ვიღაც მე-6 სკოლელი გოგო მოეწონა. ხოდა მე დამშორდა. მე კიდევ მაგის ჯიბრზე სიგარეტის მოწევა გადავწყვიტე. იმ პერიოდში დავიწყე გაზეთში მუშაობა. იმ პერიოდში აღმოვაჩინე რომ თურმე კარგი ფეხები მაქვს, კარგი მკერდი, და საერთოდ კარგი გოგო ვარ თურმე. სიგარეტი ერთი ღერი მოვწიე და მერე მივხვდი რომ ბიჭის გამო სისულელეებს აღარასდროს გავაკეთებდი.
მერე იყო პატარ პატარა ურთიერთობები.
და მერე იყო ნანუკას მამა.
რომ დავინახე ეგრევე შემიყვარდა. ეხლაც მახსოვს ის მომენტი, რუსთაველზე სმაკის ოფისთან იდგა. აი დუმც... და შემიყვარდა ძალიან, ძალიან. რამოდენიმე დღის შემდეგ, ჩემი პირადობის მოწმობის გამოსატანად მივედით. გამომართვა, დახედა და კითხვა დაიწყო: ხატია ... მცხ. ქიქოძის ქ-ზე. ტელეფონი: 98 93 33. უი მეთქი მანდ ტელეფონი რატომ დაწერეს თქო, არა აქ არ წერია, მე მახსოვსო და გამიღიმა. ნუუუ.... ლამის გული წამივიდა სიხარულისგან.
1 წლის მერე მიხვდა რომ ვუყვარდი, მანამდე ვერ ხვდებოდა და უბრალოდ ერთად ვიყავით. მე მიყვარდა, იმას- არა.
როცა შემომთავაზა აღარ წახვიდე სასხლში, დარჩიო, არ დავრჩი. მეთქი სხვა დროს იყოს თქო და ეს სხვა დრო აღარ დადგა. უფრო სწორედ დადგა, ოღონდ ძალიან გვიან.
დავრჩი ორსულად. ვიცოდი რომ ცოლად არ მომიყვანდა.
დანარჩენი დეტალები არ არის საინტერესო. მერე ბევრი ინანა იმანაც და მეც ჩვენი შეცდომები. მთავარი ისაა, რომ ნანუკა მყავს, და რომ არა მარტო დარჩენა ორსულობაში, ეკლესიაში კიდევ დიდხანს არ მივიდოდი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის :)
დიდად არც მინაღვლია რომ მარტოხელა დედა ვიქნებოდი. საკუთარი თავის იმედი მქონდა. ვმუშაობდი, ხელფასი მქონდა ასე თუ ისე ნორმალური. :)
ხოდა ამ ჩემ დამოუკიდებელ ცხოვრებაშიც მქონდა სიყვარულები, ერთს თითქმის ცოლადაც კი გავყევი.....

....სანამ არ გამოჩნდა ის, ვინც ჩემია და ვინც ”მე”-ა. მართლა მე-ა, საკუთარ თავს ვეღარ აღვიქვავ განყენებულად. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შენარჩუნებული მაქვს ”დამოუკიდებლობა”, როცა ჩემ თავზე ვფიქრობ, ავტომატურად მოვიაზრებ ბუჩასაც. დაახლოებით იმას გავს, როცა შვილი ჩნდება, ”შვილამდე” როგორ არსებობდი ამ არსების გარეშე, რომ ვერ წარმოგიდგენია. ასე გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში ჩემი ბუჩა :)
რომლის გულისთვის დავთმე ბევრი რაღაც და ოჯახი გვაქვს.
როცა მამაოს ვეუბნები, რომ მინდა რომ ყველაფერი ვასიამოვნო ნანუკას, ეკატოს, ბუჩას და მე ძალიან ვიღლები-თქო. ეს არის სიყვარულიო, თავგანწირვააო სხვისი გულისთვისო, ხოდა ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა მართლა მივხვდი რა ყოფილა სიყვარული.
ის, კი რაც მანამდე იყო, ხშირად ვნანობ ხოლმე, ვნანობ აბსტრაქტულად, თორემ კონკრეტულად, ყველა ურთიერთობამ მომცა რაღაც გამოცდილება, რამაც აქამდე მომიყვანა და ეხლა ვაფასებ იმას, რაც მაქვს. :)
»»  read more

Thursday, October 15, 2009

ხითხითები

ძალიან საყვარელი ვიდეოა.
ეკატოც დაახლოებით ასეთი ხმით იცინის და სამსახურში რომ ვუსმენ ამას, უფრო მენატრება პატარა კაპარჩხანა:

2-3 დღეა ”პრავებს მიკაჩავებს”. როცა რამე უნდა ეგრევე მუქარაზე გადადის, მუშტებს შეკრავს და იჭიმება, მეც თუ მაგრად ”დავხვდი”, მერე იღიმება და თავისას ცდილობს მაინც. ძალინა სასაცილოა :)
ხოხავს ძალინა სასაცილოდ. ვერ ხვდებოდა რომ ხოხვით შეიძლებოდა გადაადგილება შორ მანძილზე, ხოდა მეც დავდექი ოთხზე და ერთი ხელი ავწიე, ვითომ მეც ხოხვას ვაპირებდი და დავუძახე, მოდი მეთქი. ხოდა წამოვიდა ჩემსკენ, ჭკუაზე არ იყო ისე გაეხარდა. სამაგიეროდ, აივნის კარს ვეღავ ვტოვებთ ღიას უყურდაღებოდი თუ ეკატოც იმ ოთახშია. მიხოხდება და ჯერჯერობით მარტო კარის მიხურვით შემოიფარგლება, მაგრამ შეიძება გახოხდეს კიდეც. ფეხზეც დგება იატაკიდან - საყვარელი საქმიანობაა :)
მეძახის ძალიან საყვარლად: ”დე-და”, ”და” და როცა შია ”მე, მე მეეე” ასე იძახის ხოლმე :)
გადავუღებ ვიდეოს და დავდებ უახლოეს დღეებში. :)
»»  read more

Tuesday, October 13, 2009

ჩემი სასახლე



დედაჩემის ბინა, ანუ სადაც მე ვცხოვრობდი ბოლო 10 წლის მანძილზე, მდებარეობს შავთელის ქ. 17-ში. ვინც არ იცის, ეს არის კონკასთან, ბავშვთა გალერიასთან ანჩისხატისკენ რომ ქუჩა შედის, პირველივე სახლი.
ამას წინათ იაჰუში ძველი თბილისის ექსპერტს, ტემპერას ვესაუბრებოდი :)აღმოჩნდა, რომ ეს სახლი ბაგრატიონ-მუხრანსკებს ეკუთვნოდათ. ამიტომაც ერქვა მაგ უბანს თურმე მუხრანთუბანი. (ეხლა იქ მდებარე რესტორანს აქვს ეს სახელი).
ნანუკას შემიძლია ვუთხრა, რომ თურმე სასახლეში ცხოვრობდა :)
სულ ვფიქრობდი, იქ როცა ვცხოვრობდი, როგორი იქნებოდა წინა საუკუნეებში ოთახები განლაგებული თქო. სარდაფები ფაქტიურად ნახევარსარდაფებია, ალბათ მოსამსახურეები ცხოვრობდნენ იქ.
რაღაცნაირად მაგარი შეგრძნებაა როცა მე-18 საუკუნის სახლში ცხოვრობ :)
»»  read more

Monday, October 12, 2009

კალენდარი

ესეც ჩემი დავალება ამ ორშაბათისთვის :)

»»  read more

მატერიალური გეგმა (c) tomushka

ეს tomsuhka-ს ბლოგიდან გადმოვაკოპირე. დაწერით კი ჩემი დაწერილია :)
ოცნებებს შევეშვი დაახლოებით 10 წლის წინ. არ მიყვარს. სულ ვამბობ, ფიზიკურად აქ ხარ, გონებით კი სადღაც სხვაგან, ამასობაში სრულყოფილად ვერც აქ ხარ და ვერც იქ :)
ბავშვობის ოცნებებიც არ მახსოვს. ის მახსოვს რომ არასდროს მდომებია გათხოვება.
ეხლაც არ მაქვს ოცნებები. არსებობს გეგმა, რომელიც მინდა რომ გავახროციელო. დანარჩენი კი თავისთავად მოდის, ღვთის წყალობად მივიჩნევ ყველაფერს.
სურვილები რა თქმა უნდა მაქვს, ამათგან რატომღაც უპირველესი დედაჩემის ბინის პრობლემის მოგვარებაა. მშენებარეში იყიდა ბინა, მეც და მაგათაც, მაგრამ ვერ ამთავრებს კომპანია ამ სახლს ბოლომდე, არადა ის ბინა, სადაც ეხლა ცხოვრობს 2 წლინახევრის წინ გაყიდა. მყიდველმა ძალიან იჯიგრა :) თუმცა მთლიანი სახლი იყიდა და ერთი მოსახლე ვერ მოტეხა ვერანაირად. ეხლა იმ ერთმაც მიყიდა თავისი ბინა (წარმოდგენაც ძნელია რა ფასად ;) )და ახალწლამდე აქვთ ორივეს ვადა.
მეორე ალბათ ჩემი კარიერაა, რომელიც მინდა რომ წარმატებული მქონდეს.
მესამე ადგილზე ბუჩას კარიერას დავაყენებდი. ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ზედმეტად აქვს პატიოსნების და სამართლიანობის მომენტი. ჯერ კიდევ ფერადი აქვს სათვალეები.
მეტი ვერაფერს ვიტყვი შვილების და დიშვილების ჯანმრთელობა, წარმატება და კარგად ყოფნა ეს თავისთავადია.
ხო კიდევ მანსარდა მინდა გავაკეთო და სადმე ახლოს ქალაქგარეთ პატარა სახლი ვიყიდო.
სულ ეს ვარ :)
»»  read more
Related Posts with Thumbnails