მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Showing posts with label ეკატო. Show all posts
Showing posts with label ეკატო. Show all posts

Tuesday, May 8, 2012

პაწაწუნები

მე და ნანუკა
პატარა არსებებს რომ ვხედავ, გული მეკუმშება. ინტერნეტში არსებულ სურათებზეც, თუ პატარა ცხოველია გამოსახული, იგივე გრძნობა მაქვს. მინდა რომ ჩავეხუტო და მოვეფერო. დავიცვა.

ბავშვებზე ეს გრძნობა გაათასმაგებული მაქვს. არადა მეც ვიყავი ბავშვი, შენც, დედაჩემიც, ბებიაჩემიც და უკვე გარდაცვლილი ბებიაჩემის დედაც და მამაც, რაც არ უნდა ძნელი წარმოსადგენი იყოს. ბებიაჩემს რომ ვუყურებ, სულ ვცდილობ წარმოვიდგინო როგორი ბავშვი იყო, როგორ ეხუტებოდა თავის დედას, როგორ დარბოდა ფეხშიშველი ხელში პურის ნაჭრით.

დაგიფიქსირებიათ როგორ იყურებიან ბავშვები? რაც არ უნდა ბანალური იყოს პასუხი, ასეა - გულწრფელად. გულწრფელად და მინდობით. გენდობიან. ასი პროცენტით არა, უფრო მეტით. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე საკუთარ თავს ენდობიან.

მარიამს ვატრიალებდი ხელში ამას წინათ, მიუხედავად იმისა რომ ვერ ხედავდა, ვარდებოდა თუ არა, თვალებში მიყურებდა და მშვიდად იყო. სულ რომ ძირს დამეგდო, ბოლო წამამდე არ ექნებოდა შიშის შეგრძნება, იმიტომ რომ მენდობა.

ხო, გული ზუსტად იმიტომ მეკუმშება, რომ ჩვენთან უწევთ ურთიერთობა. დიდებთან, ცბიერებთან, უხეშებთან, გულგრილებთან.

როდის ვკარგავთ იმ დიდ გულს, რაც ბავშვობაში გვაქვს? რატომ ვკარგავთ?
არადა თუ არ დაკარგავ, მაშინ მოგატყუებენ, ხელს მოგკიდებენ და უფსკრულის პირას მიგიყვანენ, რომ იქნებ ფეხი დაგიცდეს, ზოგი, თუ თვალებში უყურებ, ფეხსაც დაგიდებს.

აი, ამიტომ მიჩნდება სურვილი რომ ყველა პატარას მოვკიდო ხელი, მოვეხვიო და გულში ჩავიკრა. მინდა, რომ კარგად და თბილად იგრძნონ თავი. მენანებიან. ეს გულწრფელობა და სიყვარულის გრძნობა მენანება, რაც მათთშია  და რასაც აუცილებლად, ნელანელა დააკარგინებს ცხოვრება.

"2. და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა 3. და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. "


»»  read more

Wednesday, April 25, 2012

უძინარი მე


»»  read more

Wednesday, August 24, 2011

მე - დედა

ეკატერინე 2 კვირა აქაა. ეს ბოლო დღეებია რუსიკოსთან ვერ მიმყავს, ფაქტიურად სულ ჩემთან არის. ძალიან ვიღლები, ნუ ვიღლები იმიტომ, რომ მუდმივ კონტაქტს ითხოვს. სამსახურში ერთად დავდივართ. უკვე იცის, რომ დილიტ სახლიდან რომ გამოდის "სასახურში მიდივართ". კიდევ კარგი მარტო ვარ და ყველა შვებულებაშია. ჩემი თანამშრომლის კომპიუტერთან ზის და უყურებს მულტფილმებს. მერე მივდივართ.
ვსეირნობთ. ხან ვესტუმრებით ვინმეს, ხან სადმე შევივლით.
ვტკბებით ერთმანეთთან ურთიერთობით მეც და ისიც.
რამხელა ბედნიერებაა, როცა გაქვს იმის ფუფუნება შვილებთან იყო და უყურო როგორ იზრდებიან.
ეხლა ცოტა ვიღლები. ელემენტარული ტუალეტში როცა უნდოდა, ხელში აყვანა და გადაყენება მიხდებოდა. ისედაც ყოველ 5 წუთში ითხოვს რომ მივიდე, გამიზიაროს მულტფილმში პუტო აფრინდა თუ კატა გამოჩნდა. რამეს თუ ვერ იგებს, ხელს მკიდებს, მივყავარ და მთხოვს ავუხსნა რა არის. ჩემ მდგომარეობაში ცოტა მიჭირს. ამას წინათ ბასტი-ბუბუს კარაოკეზე მამღერა და მაცეკვა. დედაჩემი მეუბნება, ნამეტანი ანებივრებო, არ ვფიქრობ მასე, ისეთი ასაკი აქვს, მაქსიმალურად უნდა იგრძნოს ჩემგან რომ გვერდით ვყავარ და ჩემი იმედი ქონდეს, რომ თავდაჯერებულ ადამიანად ჩამოყალიბდეს, ხოდა თუ ჩემგან მარტო ყურადღებას ითხოვს, რისი გულისთვის მოვაკლო?

გუშინწინ ნანუკაც ჩამოვიდა.
ძალიან რთული პერიოდი აქვს. მე კიდევ ნერვები ცოტა წკიპზე მაქვს, რომ ყველაფერზე შენიშვნა არ მივცე. არადა საერთოდ არ მუშაობს საკუთარ თავზე. დაეწყო თინეიჯერული წიკები - "არ გესმის შენ ჩემი". ვიმშობიარებ და ცოტა მკაცრად მოვკიდებ ხელს. სწავლაც დაიწყება. აბსოლუტურად არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ტვინი ერთი მიმართულებით მუშაობს მარტო - როგორ და რითი გაერთოს. რთული პერიოდი გვაქვს წინ. ერთადერთი, რაც ძალიან მაწყნარებს, კარგი ადამიანია. რაღაცეები მალავს ამას, მაგრამ შიგნით კარგი ადამიანია. უნებისყოფოა ცოტა, იქნებ შეიძლება ამის გამომუშავება?

მე ჩემი თავი რაც მახსოვს, მუდმივად ვცდილობდი რომ რაღაც შემეცვალა და უკეთესი გავმხდარიყავი, სულ პატარაობიდანვე, აი სადანაც ჩემი თავი მახსოვს. შეიძლება ესეც კომპლექსია, რომ სხვების ყურადღება, სიყვარული და პატივისცემა მომეპოვებინა, თუმცა ნაკლებად მგონია, რომ სულ პატარა ასაკში მაგის დეფიციტი მქონოდა.
იგივეს რომ ვერ ვატყობ ნანუკას, ძალიან მწყინს.

ეკატერინე თუ რამეს აკეთებს, ჩანს რომ სანამ გააკეთებდა იფიქრა.
აი ნანუკასთვის მსგავსი არაფერი შემიმჩნევია.
ისიც არ ვიცი რა ჯობია, სხვისი მაგალითები მოვუყვე თუ ავუხსნა მის ასეთ საქციელს რა შედეგიც შეიძლება ქონდეს?

ჩემი შეცდომებიც არის ნაწილობრივ. მე და ნანუკას რომ ცალკე გვეცხოვრა და არა დედაჩემთან, ალბათ უფრო სხვანაირად მოვიქცეოდი, უფრო მეტად დავატანდი თავს ძალას და მივაჩვევდი რაღაცეებს. იქნებ არ არის ეხლაც გვიანი. აი შვებულებას ავიღებ, 1 თვე ვიქნები სახლში და ვნახოთ, იქნებ რამე შეიცვალოს.
»»  read more

Sunday, July 31, 2011

მოწყენილი და მარტოხელა ძროხა


გავუშვი ჩემები, ცოტა გვიან წავიდნენ, სადღაც 2 საათში წესით ჩავლენ უკვე.
მენატრებიან უკვე.
სახლში კიბეზე რომ ამოვდიოდი, ეკატერინეს ხმა ჩმოსმოდა ყურში ”ლატომ გათისე?” პრეტენზიანარევი ტონით. და რომ წარმოვიდგინე რომ მინიმუმ 2 კვირა ამას ვერ გავიგებდი, ლამის ვიტირე. ბავშვები ოთახში რომ შევედი, მეთქი ჯანდაბას, დავალაგებ მე ან იყოს ასეთი არეული, ოღონდ აქ იყოს ნანუკა თქო. აი ხომ ძალიან გადაღლილი ვარ და ერთი სული მაქვს რომ დავისვენო და ჰაერივით მჭირდებოდა მარტო ყოფნა და მარტო საკუთარ თავზე ზრუნვა, ჯანდაბას! მზად ვარ დავიტვირთო ოღონდ აქ იყვნენ და ერთად ვიყოთ.
პირველი 2-3 დღე ძალიან მიჭირს ხოლმე, თან ბუჩაც არ არის აქ.
იმედია მალე გავა დრო.
უბრალოდ თავს ვინუგეშებ რომ ძალიან კარგ ადგილზე იქნებიან და დაისვენებენ.


»»  read more

Saturday, July 30, 2011

აცე, ვიროოოო!


აი სრულიად აღშფოთებულმა უნდა დავწერო დღევანდელი, უფრო სწორედ, უკვე გასული დღე.
იმითდავიწყებ, რომ ღამე ისევ არ მეძინა, ეკატერინემ ისევ გამაღვიძა რამოდენიმეჯერ, ცხელოდა ეტყობა, მერე მე ვერ ვიძინებდი, იმიტომ რომ მე მცხელოდა და ასე გავქაჩეთ და დილით 7:45-ზე ავდექი. ისიცნ ეკატერინეს ძალდატანებით ”მიკი მაუსი ცართე ლაა”.
10-ისთვის წავედით მე, ნანუკა და ეკატერინე ოჯახის ექიმთან, ნანუკას რაღაც თიაქარივით აქვს ხელზე. იქიდან 11-ზე რაღაც შეხვედრა უნდა ყოფილიყო და პულტი ჭირდებოდათ ჩემი ოთახიდან, ხოდა კისრის ტეხით გავიქეცი სამსახურში, ეკატერინე თან წავიყვანე.
სამსახურშჳ საქმეები გავაკეთე, ეკატერინე ხან ხტუნაობდა, ხან ზურას კომპზე მულტფილმებს უყურებდა, 4-ზე წამოვედით და ისევ ნანუკა მივიყვანე ექიმთან - ამჯერად ენდოკრინოლოგთან. 5-ზე ავიყვანე წყნეთში და იქიდან მე და ეკატერინე რომ ჩამოვედით, ტექნო ბუმში შევედით და ვენტილატორი ვიყიდეთ. 6-ზე მაკდონალდსშჳ ვიყავით დაპატიჟებულები და იქ მივქანდით. ძალიან გაერთო ეკატერინე, რომ გამოვიდა ”ჰეფი ბერსდეი კიდევ მინდა”-თი მივიყვანე მანქანამდე.
მერე გამახსენდა რომ წამლები მაქვს საყიდელი ზეგისთვის, ამათ რომ ვუშვებ და სანაპიროზე ფარმადეპოში მივედი (ნარინჯისფერი რომ არის, მგონი ფარმადეპო ქვია, სულ მერევა მაგი და ფარმაცენტრი). ვიყიდეთ რაც საყიდელი მქონდა და ვხვდები რომ ისეთი დაღლილი ვარ, სახლშჳ მარტო ვერ მივალ. გადავწყვიტე ბუჩასთვის გამევლო, რადგან ცალმხრივი ვარ (ეს პრინციპის ამბავია, ვეჯიბრები ჯეოსელს!!!). მივედით სასმსახურში ბუჩასთან და იქ ვიჯექი და ვისვენებდი. ბულატმა (სტუდენტმა) დამირეკა და როგორც ყოველთვის, გამბურღა თავის ბინის საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, 11-ის ნახევარზე გამოვეტიეთ ბუჩას სამსახურიდან და დავაწექით წყნეთისკენ გზას, ეკატერინეს უკვე ეძინა.
სანამ ნანუკა ვიპოვეთ სად იყო, სანამ ის, სანამ ეს, ჩამოვედით თბილისში 12-ის ნახევარზე. პოპულშჳ წვენები, კვერცხი, მაწონი და მონადირული ვიყიდეთ და სახლში ამოვედი, როგორ არ მკითხოთ, როგორ ამოვიარე 5 სართული ფეხით, არ ვიცი.
სანამ ბუჩა ვენტილატორს აწყობდა, მე შევწვი მონადირული და ყველაინი კვერცხი და მერე წამოვწექი ისე, რომ სა№ჭელიც ვერ ვჭამე. არადა მთელი დღე მშიერი ვიყავი.
ცოტა წავუძინე და რომ ავდექი შევჭამე ”ჩემი წილი”. ეხლა გული მაქსვ ცუდად, პულსი მაქვს ჩქარი და ისეთი დაღლილი ვარ, რომ ვერც კი ვიძინებ. თან ძალიან, ძალიან, ძალიან მცხელა. ბანაობაც მეშინია - ცუდად არ გავხდე.
ერთადერთი დადებითი მომენტი ის იყო, რომ მთელი დღე ეკატერინე ჩემთან იყო - რა ბედნიერებაა, როცა შეგიძლია შვილებთან ყოფნა :)

ხო, ზემოთ თქმულს დაამატეთ რომ მერვე თვეში ვარ უკვე და გარდა საკუთარი თავისა, კილონახევრიან არსებას დავატარებ კიდევ თან :)
»»  read more

Saturday, April 23, 2011

ახალი ტელეფონი


ბუჩამ ახალი მობილური მიყიდა გუშინ. :)
ამოუვიდა ყელში ეტყობა, მე რომ ვერ მირეკავდა და დაივერთი ირთვებოდა ისევ თავის ნომერზე.
ძალიან გამეხარდა.
თვითონ ფაქტი, რომ გამახარა და ჩემზე იზრუნა.
ტელეფონს ნელა ნელა ვითვისებ, Sony Ericsson Elm. ყველა ფუნქცია აქვს რაც კი ტელეფონში მომწონს, WI-Fi-დან დაწყებული, რადიო-ფანარით დამთავრებული. ერთადერთი ქართული ფონტები ვერ დავაყენე. იმედაი, მოვაგვარებ მაგ პრობლემასაც :)

დღეს კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთა ბუჩამ - ძალიან ბედნიერი კაცი ვარო, მყავს ლამაზი ცოლიო, რომელიც არის ამავე დროს ჭკვიანიო, ეს უკვე იშვიათობააო, პლუს ცოტას ლაპარაკობს, ეს გამონაკლისი შემთხვევააო, და ბოლოს, კარგად ატარებს მანქანასო, ფაქტიურად უნიკუმი მყევხარო :D

ეკატერინეს ყურების ანთება აქვს. საერთოდ სუსტადაა, ხვალიდან ანტიბიოტიკს დავუწყებ.
აღდგომა მოდის.
ძველებური სიხარულით ვერა, მაგრამ მაინც სადღესასწაულო შეგრძნება მაქვს.
ყველას გილოცავთ :)
ქრისტე აღსდგა! :)
»»  read more

Tuesday, February 22, 2011

აჰაიდა ჰორმონები

აი საკუთარი თავი გიჟი რომ გგონია, მასე ვარ.
ოღონდ ჯერჯერობით ჯერ ვფიქრობ ეხლა გავგიჟდე თუ არა და მერე ვგიჟდები. ერთადერთი ეკატერინეს ჭიჭყინზე ვითრგუნები მორალურად. თან მარტო ჩემთან ჭიჭყინებს. ხმას რომ იღებს, მე ვესვენები ხოლმე.
თუმცა ერთი ორჯერ გავაჩუმე. მაგრამ ეხლა ესეც დაამუღამა, როდის ვაპირებ რომ გავაჩუმო და აქეთ მაჩუმებს "ეეეეხაააა, დედიკოოო ცუუუუუუ. ცუმად, ცუმად" და თან ტუჩზე იდებს თითს, ჩუმად იყავიო. ტუტუცი ეგა.
ნანუკა დიდი გოგოა უკვე :) თბილი და საყვარელი. რა პაწაწუნა იყო რომ გაჩნდა და ამხელა და ლამაზი გოგოა. ძალიან ბედნიერი ვარ :)
ეკატერნეც ძალიან მიყვარს და საერთოდ, რა მაგარია ბევრი შვილები, ბევრი სიყვარულები გაქვს და შენც ბევრი ხარ :)
აი ბუჩასთან რაღაც ტოქსიკოზის გამო თუ იმის მოუცლელობის გამო, ვერ ვიცლით ერთმანეთისთვის, იმედია დროებითია. გადაივლის ეს პერიოდიც :)
წავალ, ისევ ვიმუშავებ.

ისე, გუშინ ვფიქრობდი, მამა პაისის აქვს თავის ერთ ერთ წერილში, "თუ შენ გჭირდება ჭიქა ხვალი დილის 10 საათზე და მართლა გჭირდება, ხვალ დილის 9 საათზე ეს ჭიქა ღმერთს შენთვიოს უკვე გამზადებული ექნებაო" და უამრავი მაგალითი მოყავს.
მე სანამ გავიგებდი რომ ორსულად ვარ, მანამდე გამომიჩნდა ეს სამსახური, სადაც უფრო მეტად თავისუფალი დრო მაქვს და ნაკლები სტრესი მაქვს. ღმერთმა მანამდე იზრუნა ამაზე, ვიდრე მე ეს საკითხი შემაწუხებდა. დიდება და მადლობა უფალს კიდევ ერთხელ :)
»»  read more

Monday, January 3, 2011

ბავშვები

ეხლა ფბ–ზე ერთ ალბომს ვათვალიერებდი, პატარა ბავშის სურათებია, ეტყობა რომ რაღაც პრობლემები აქვს, თვალებიც უელამდება, ხელებიც რაღაცნაირად უკავია, ეტყობა ტვინის პრობლემა უნდა იყოს, არადა ისეთი საყვარელია. ტირილი დავიწყე.
ღმერთს ხომ ჩემზე მილიონჯერ უფრო მეტად უყვარს ეს ბავშვები. როგორ არ მინდა სიტყვა "რატომ" ვიხმარო, მაგრამ ხანდახან ადამიანური სისუტით ხტება ხოლმე ეს კითხვა.
ვერ გავიგებთ.
არადა რა მარტივია – ყველა ბავში უნდა იყოს ბედნიერი.
ქუჩაში რომ მათხოვრობს და კამფეტს ჩაუდებ, როგორ უხარია, ასე ფული ვერ გაახარებს. ქუჩაში არ არის მაგის ადგილი. არც ერთი ბავშვის ადგილი :(
ან ის ბავში ახალი წლის ღამეს რომ დაიღუპა.
ან ის ბავშვი, დედა რომ გარდაეცვალა.
არ ვკითხულობ, რატომ. უგუნურობაა... მაგრამ მტკივა ...

ამ პოსტს არ შეეფერება, მაგრამ დღეს ეკატერინეს დაბადების დღეა. 2 წლის გახდა :)
"დაბადების დგეა, ბუშტებიიიი..... საჩუქრები?" მთელი დილა ასე ბუტბუტებდა.
ეხლა სამსახურში ვარ. ცოტა ადრე იქნებ წავიდე :)
»»  read more

Friday, November 26, 2010

ახალი წელი

ადრე დავწერე არ მიყვარს დრესასწაულები მეთქი, რელიგიურის გარდა.
ახალ წელიც გაუგებარი დღესასწაული იყო.
მაგრამ წელს რაღაც სხვანაირად ვარ, ველოდები, როდის მოვრთავ ნაძვის ხეს, როდის აანთებენ ქუჩაში განათებებს, როდის ..... როდის მოვა ახალი წელი.

მერე მივხვდი რომ ეკატერინეს გამო ვარ ასე, შარშან პატარა იყო, და მხოლოდ იმას ახერხებდა რომ ჰჰჰჰჰ, რა ლამაზიაზე, ნაძვის ხისკენ იხედებოდა. წელს ბევრ რამეს ვნახავთ, გავისეირნებთ თოვლიან ქუჩებში, ვარდისფერი ცის ქვეშ. თოვლიც ვარდისფერია :)

ნანუკაზეც ასე ვიყავი, მაგასთან ერთად ვიზრდებოდი, ხელმეორედ ვიწყებდი საუბარს, სიარულს, კიბეზე ასვლას...

ეხლა ხელმეორედ ვაკეთებ ამ ყველაფერს და ხელმეორედ, ახლებურად ვიწყებ სიარულს, ლაპარაკს, ცხოვრებას ზოგადად...
თოჯინების თეატრში ჯერ არ მყოლია ეკატერინე და ვტკბები და ვცმუკავ, ერთი სული მაქვს როდის წავიყვან.
რამდენი რაღაც აქვს აღმოსაჩენი, გვაქვს აღმოსაჩენი ერთად.

ბევრი შვილი მინდა მყავდეს. ამას წინათ მივხვდი, სანამ ქალს შეუძლია ბავშვი გააჩინოს და აჩენს, თავი მოხუცი არ გონია, თავის მოტყუებაა თითქოს, მაგრამ ასეა, ცხოვრებას თავიდან იწყებ, ყველა ახალ ბავშვთან ერთად.
»»  read more

Monday, October 11, 2010

შით :)


ეკატერინემ გადაწყვიტა რომ დილის ტუალეტი 9:30–ზე უნდა. ბოლო 5 დღეა ასე "საქმიანობს". როგორია დილით ადექი, ჩააცვი და გასვლისას ჩაისვრის. უნდა გამოუცვალო და ამასობაში აგვიანებ.
დღესაც მსგავსი განმეორდა, ვეუჩხუბე იმიტომ, რომ გარშოკზე არ მოინდომა არაფერი და კალგოტკაში მოისაქმა ფეხზე მდგარმა.
ათი ხდებოდა რომ გამოვედით სახლიდან, სამსახური 10–ზე მეწყება, ვიფიქრე, მივასწრებ მაინც თქო. გამოვედით, ერთ ხელში პარკი მიჭირავს ეკატერინეს თეთრეულით, მეორე ხელში ეკატერინე.
ჩავსხედით მანქანაში, გადავატრიალე გასაღები და არც არაფერი... "პრიბორებსაც" კი არ ანთებს. ვიფიქრე, კლემა ხომ არ მოძვრა თქო და კაპოტს ავხადე, ამასობაში ბანკიდან მირეკავს კრედიტ ოფისერი და მეუბნება რომ დღეს მელოდებოდა 10–ის ნახევარზე და რომ აუცილებლად უნდა მივიდე და მოვაწერო ხელი საბუთებს. კლემები წესრიგშია, მეტი მე ვერაფერს ვუზამდი მანქანას. გადმოვიყვანო ეკატერინე მანქანიდან, ავიღე მეორე ხელში პარკი და დავადექი ფეხით გზას.
მობილური ცალმხრივია და ბუჩას ვერ ვურეკავ. საფულეში 80 თეთრი მაქვს მარტო და ვიცი, ამით 2 ცალი პამპერსი უნდა ვიყიდო, რომ ბაღში დავუტოვო ეკატერინეს. ამიტომ ტაქსი გამოირიცხა, ავტობუსი იმიტომ გამოირიცხა რომ ჩემ უბანში ერთადერთი დადის და ისიც არა ვაკის მიმართულებით.
მერე გამახსენდა მეზობლები ამბობენ, ამ გზით თუ ჩახვალ, ეგრევე კეკელიძეზე გამოხვალო, ხოდა გადავწყვიტე მოკლე გზით ჩასვლა. ისე ადვილად საუბრობდნენ, რომ მეგონა აი სუუუულ იქვე იყო. მოკლედ ერთ ხელში ეკატერინეთი, მეორე ხელში პარკით და ფეხებზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დავეშვი "ჩორნი ხოდზე". აუფ.... 10 მეტრის მერე მივხვდი რომ მივქარე, მაგრამ უკან ვეღარ ავიდოდი ფიზიკურად. დაღმართი, კიბეებები, საფეხურები ნორმალური რომ არ აქვს, ზოგ ადგილზე ხელსაც ვერ ვკიდებდი და სადღაც 45 გრადუსიანი დაღმართი გამეჩითა. დავსვი ეკატერინე და ვეცადე რამე მოვჭიდებოდი. ასე ჩამოვბობღდით მე კეკელიძემდე. ვგრძნობ უკვე რომ ცუდად ვარ, მაგრამ გამოსავალი არ არის.
ჩამოვედი მრგავლ ბაღთან, ბარნოვზე პამპერსი ვიყიდე, მერე ბაზალეთზე... ჭავჭავაძეზე დავსვი ეკატერინე მაგრამ 50 მეტრის მერე გამიპროტესტა ჩქარა სიარული და ისევ ხელში ეკატერინეთი, მეორე ხელში პარკით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით გავაგრძელე ბაღისკენ გზა. ძლივს მივაღწიე ბაღამდე, მერე სამსახურამდე და ძლივს მოვედი აზრზე და ფერზე. ბატაში ფეხსაცმელები მომეწონა, დაბლები იყო, ძალიან ვინატრე ისინი მცმოდა.

მთელი გზა ვცდილობდი პოზიტივი მეპოვა ჩემ მდგომარეობაში დავიპოვე:
მადლობა ღმერთს რომ სამსახური და ბაღი ასე თუ ისე ახლოს მაქვს და არა სადღაც შორს :)
»»  read more

Monday, April 12, 2010

ეკატერინეს 2 ვიდეო

დილით :)



უყურებს მულტფილმს ”51 პლანეტა”

»»  read more

Thursday, January 28, 2010

ეკატერინეს ვიზიტი კინოში

ბოლო რამოდენიმე წელია 3D კინოს ან მულტფილმის ნახვაზე ვოცნებობ. ბავშ[ობაში ძალიან მიყვარდა სტერეო სურათები :)
საყოველთაო აჟიოტაჟი, რაც ავატარმ აგამოიწვია და ასევე საყოველთაო მოლოდინი, ”როდის გავა ავატარი ამირანში”, საკმაოდ გულგრილს მტოვებდა ისევე, როგორც ზოგადად ფილმები. მერე ისევ ლანდიშ-ზე წავიკითხე რომ თურმა ავატარამდე მულტფილმი გადის 3დ-ში და გადავწყვიტე კინოში წასვლა ნანუკასთან ერთად. მულტფილმები მიყვარს, 3დ- მაინტერესებს.
ნანუკასთან ზოგადად ასეტი დამოკიდებულება მაქვს: ”თუ დაიმსახურებ, მაშინ.... ”. მინდა ვთქვა რომ დამსახურებით მაინცდამაინც არ დაუმსხაურებია, მაგრამ რადგან გუშინ ბოლო დღე იყო, 8 საათზე მაინც წავედით. მანამდე ეკატერინე მივიყვანე დედაჩემთან დასატოვებლად. ბუჩა სამსახურში გვიანობამდე რჩებოდა და სხვა შანსი არ იყო...
აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო.
დედაჩემის სახლი რატომღაც არ მოსწონს, რატომ ვერ ვხვდები. პლუს, დედაჩემს აღარ აქვს უკვე პატარა ბავშვისთვის ნერვები, მამაჩემის იმედი უფრო მქონდა, მაგრამ სულ ტყუილად...
ეკატერინემ რომ დაინახა რომ პალტოს არ ვიხდიდი, მიხვდა რომ მივდიოდი და დაიწყო ტირილი. ტირილი, ისტერიკა მუშტების მოკუმვა, თავზე ხელების დადება. მოკლედ ნახევარი საათი ამ მდგომარეობაში იყო, თან შიოდა, მარტო ჩემთან ჭამდა.
რა მექნა?
ნანუკაც პატარაა, ეტყობა იმდენად უნდოდა კინოში წასვლა, რომ საკუთარი ეგოიზმი ვერ დაძლია და წავიდეთო, მაინც იძახდა.
ბოლოს მოვკიდე ხელი და ეკატერინესთან ერთად გავეშურეთ კინოში.
სალაროსთან რა თქმა უნდა რიგი დაგვითმეს.
ზემოთ რომ ავედით კინო დაწყებული იყო, შესასვლელში რა თმქ უნდა ყველას გაუკვირდა ეკატერინეთი რომ დაგვინახეს, შეგეშინდებაო, უთხრეს, მაგრამ დავიკიდე. ”ეკატერინეს გამო ნანუკა რატომ უნდა დავჩაგრო”-თქო (ეს ფრაზა გუშინ ატოტრენინგივით მქონდა საღამოს 8-დან 10 სთ-მდე) და დარბაზში შევედით.
ეკატერინეს დასაწყისში მოეწონა, დიდი ტელევიზორი გაეჩითა უცბად. მაგრამ მერე რაღაც მომენტში ახლო კადრში რაღაცამ დაიღრიალა და აი მანდ დაგვერხა...
ნანუკას ვეუბნები, უნდა გავიდე თქო, ნანუკა მეუბნება, ვაიმე დედა მეშინია არ გახვიდეო. ამასობაში გამახსენდა რომ ეკატერინეს კივილი ნაწილობრივ იმითიც იყო გამოწვეული, რომ შიოდა და პეჩენია მივეცი. ასე გავქაჩეთ კიდევ 5 წუთი. ამასობაში პეჩენია გათავდა და ფილმშიც ახალი დიდი და ხმაურიანი კადრი გაიჩითა.
ნანუკამ თქვა, გადით, აღარ მეშინია, თუ რამეა თვალებს დავხუჭავო და გარეთ გამოვედით.
ჯერ ვათვალიერეთ პოპკორნს როგორ აკეთებდნენ.
მერე ვიარეთ ბევრი, მერე იქ მომსახურე პერსონალს სათითაოდ გაუღიმა და ყველასთან მივიდა. თავის ჭკუაზე ატარა. მღეროდა ”აააა” და თან ტუჩებს სასაცილოდ კუპსავდა, იპრანჭებოდა. ვის ახსოვდა დედა, ამდენი ხალხი დატრიალებდა თავს. ერთმა გოგომ დაამუღამა რომ ბოხი ხმა ქონდა და ”ეკატო, ეკატო”-ს ეძახდა ბოხი ხმით, მე ვიხალისე მაგაზე მაგრად.
ფოიეში ვიჯექი მაგიდასთან და ერთი სული მქონდა თავი დამედო და დამეძინა, მაგრამ იქ ერთი შვილი ერთობოდა, აქ -მეორე. აი ესაა დედობრივი გრძნობა...ოოოჰ...
საათნახევარი გაგრძელდა ჩემი ვიზიტი კინოს ფოიეში...
თვითონ ფილმზე ვერაფერს ვიტყვი, რაც ვნახე, მომეწონა. ის ეფექტიც მაგარი იყო და ძალიანაც ვისიამოვნე.

პ.ს. პრინციპში ისე მომეწონა 3დ, რომ მაგის ხათრით ავატარზეც ვაპირებ წასვლას, რის ნახვასაც არაფრის დიდებით გუშინდელ დღემდე არ ვაპირებდი :)
»»  read more

Tuesday, January 12, 2010

1 წლის გავხდით

back to work.
back to routine.
back to life.

არ მიყვარს დასვენებები. შვებულება მიყვარს, შაბათ-კვირაც. მაგრამ ასე უაზროდ გაჩხერილი დასვენების 10 დღე, ამ საახალწლოდ რომ გვაქვს ხოლმე, უფრო ცუდია, ვიდრე კარგი. უაზროდ ბევრი საქმეა წლის ბოლოსთვის. შენ კიდევ უნდა დაისვენო...
თუმცა ამ 10 დღეში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის მოხდა რომ ეკატომ ძუძუს დაანება თავი. ნანუკას შემთხვევა რომ მახსოვდა, მორალურად ძალიან დიდხანს ვამზადებდი ჩემ თავს ამ პროცესისთვის. ჩემდა გასაკვირად, ვერც კი გაიგო, ისე გადავედით უძუძო სტადიაზე. პირველი ორი ღამე რომ იღვიძებდა, რაღაც უნდოდა, მაგრამ რა, ვერ ხვდებოდა. ვიხუტებდი და ისე ვაძინებდი. ღამე ჯერ კიდევ იღვიძებს, მაგრამ წყალს სვამს, ან უბრალოდ მოვეფერები და იბრუნებს ძილს. დილით ადრე მაწონს და პეჩენიას ჭამს და არის ცხოვრებისგან ბედნიერი :)
ძალიან ღრუტუნაა...
როცა შია, ისეთ ამბავს გვაწევს, თავზე გვამხობს ყველაფერს. თან გამომხატველად იძახის ”მნააა, მნააა” და თვალებს ქაჩავს. გუშინ მუშტების შეკვრაზე გადავიდა და სულ დადადადადა-ს მეძახდა, მაჭამეო. კოვზს რომ პირთან მივუტან, რაც შეიძლება დიდ პირს აღებს რომ ბევრი საჭმელი ჩაეტიოს.
3-ში 1 წლის გახდა.
ნათესავებ-ნათლიები გვაყვდნენ.
ეკატო მიხვდა რომ რაღაც მის გარშემო ხდებოდა და ჭკუაზე არ იყო.




ნათლია შალვამ ძალიან ლამაზი კაბა მოგვიტანა თავის ჟაკეტით და სასწრაფოდ შევიცვალეთ ჩაცმულობა :)
ბედნიერი ეკატო მშობლებთან ერთად :)
»»  read more

Thursday, October 15, 2009

ხითხითები

ძალიან საყვარელი ვიდეოა.
ეკატოც დაახლოებით ასეთი ხმით იცინის და სამსახურში რომ ვუსმენ ამას, უფრო მენატრება პატარა კაპარჩხანა:

2-3 დღეა ”პრავებს მიკაჩავებს”. როცა რამე უნდა ეგრევე მუქარაზე გადადის, მუშტებს შეკრავს და იჭიმება, მეც თუ მაგრად ”დავხვდი”, მერე იღიმება და თავისას ცდილობს მაინც. ძალინა სასაცილოა :)
ხოხავს ძალინა სასაცილოდ. ვერ ხვდებოდა რომ ხოხვით შეიძლებოდა გადაადგილება შორ მანძილზე, ხოდა მეც დავდექი ოთხზე და ერთი ხელი ავწიე, ვითომ მეც ხოხვას ვაპირებდი და დავუძახე, მოდი მეთქი. ხოდა წამოვიდა ჩემსკენ, ჭკუაზე არ იყო ისე გაეხარდა. სამაგიეროდ, აივნის კარს ვეღავ ვტოვებთ ღიას უყურდაღებოდი თუ ეკატოც იმ ოთახშია. მიხოხდება და ჯერჯერობით მარტო კარის მიხურვით შემოიფარგლება, მაგრამ შეიძება გახოხდეს კიდეც. ფეხზეც დგება იატაკიდან - საყვარელი საქმიანობაა :)
მეძახის ძალიან საყვარლად: ”დე-და”, ”და” და როცა შია ”მე, მე მეეე” ასე იძახის ხოლმე :)
გადავუღებ ვიდეოს და დავდებ უახლოეს დღეებში. :)
»»  read more

Wednesday, May 20, 2009

ეკატო :)

»»  read more

Tuesday, May 12, 2009

ეკატო ხმას სინჯავს



აი ეგეთი მეგრელი კაპასი ქალი გვყავს სახლში :)
»»  read more

Tuesday, May 5, 2009

რა მოდაშია ეს ”გრეჩიხა” კაცო

გუშინ ეკატო ავწომ გავზომეთ. 63.5 სმ და 6.600 კგ. ქალბატონი.
აღმოჩნდა რომ დღიური მატება ცოტა ნაკლები აქვს და ამიტომ დაგვინიშნეს დამატება... :)
ხოდა დავიმატეთ წიწიბურას (აქა გრეჩიხის) ფაფა.
ძალიან გაუკვირდა :)
ვერ გავარკვიე მოეწონა თუ არა....
მაგრამ ძალიან სასაცილო იყო, როცა ჭამდა. უკვირდა კოვზით რომ ვაჭმევდი და თან რაღაც ახალს.
ძალიან სასაცილო და სახალისო ტიპშაა :)
»»  read more

Friday, April 3, 2009

ვიზრდებით

როგორც იქნა სახლში ინტერნეტი გვეღირსა. მართალია მაგთიფიქსია, მაგრამ იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე გვეგონა (ფასს არ ვგულისმობ, 15 ლარი ულიმიტო) .

ესე იგი 2-ში, ჩემი პოსტის მერე ”ისევ ორი ვარ” წავედით ჩემ დასთან. პატარა სუფრა იყო სადაც ჩემმა სიძე თავის დაწურული საფერავი სპეციალურად ჩემთვის გამოიღო. მეც ვწრუპავდი ნელა ნელა, სუფთა გემოგლობინის მაბავში თორემ საფერავის სხვა ეფექტის აღარც მჯეროდა. ასე ვწრუპე 1 ჭიქა. მერე წამოვედით სახლში. რაღაც უცნაურად ვიყავი, დავწექი და ზუსტად 5 წუთში ვიგრძენი რომ წყლები დავღვარე (სულ მაინტერესებდა ეს როგორ ხდებოდა). ხოდა ნელა ნელა წავედით სამშობიაროში. ექიმმა რომ გამსინჯა შუადღემდე არ იმშობიარებო და გავუშვი ყველა სახლში. დავწექი დავიძინებ თქო... დავწექი თუ არა დაიწყო მოკლე ინტერვალები და დილით 8-ის ნახევარზე გავაჩინე ბახუცა :)

ინტელექტის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი აქვს: პირველივე დღეს რომ დავაწვინე გვერდზე ძუძუს მისაცემად, მიხვდა რომ უნდა ეჭამა და ტუჩები მოამზადა. მაგას დღემდე აკეთებს და ძლაინ ვხალისობ. რაღაცნაირად, კვატივით გამობზიკავს ტუჩებს ხოლმე :)

აფერისტობაც გვაქვს გენებიდან გამომდინარე, ვდგავართ და ვღნავივართ საწოლში და თან თვალებს ვაცეცებთ აქეთ-იქით - იქნებ ვინმემ აიყვანოს. ნუ... მაგ ნომერი არ გასდის არავისთან.

1 კვირის წინ ხელები აღმოაჩინა. საწოლზე საჩხრიალოებს ვუკიდებ და ხელით წვდება, თავიდან ვერ აკონტროლებდა ხელებს, ეხლა დაამუღამა და მთელი დღე ჩხარუნი ისმის სახლში. თვითონაც უხარია, როცა მიწვდება სათამაშოს და ჭკუაზე არაა.

”აღუებს” ჯერ კიდევ ვიძახით. კარონი ნომერი აქვს: რომ დააცემინებს, მერე ეგრევე აღუს აყოლებს ხოლმე... დაახლოებით ასე: პცხი-აღუ. ძალიან სასაცილოა.

გარშემომყოფებისგან მე გამომანსხვავა ბოლო 2 კვირაა. განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ.

ძალიან სასაცილოაა მანქანაში გვერდით მიზის ხოლმე კალათით, ხოდა თავი აქვს შემობრუნებული ჩემ მხარეს და თვალს არ მაშორებს. ვხალისობ ხოლმე :)

სიგრძეში 62 სმ-ა და წონა - 6კგ. საკმაოდ კარგი მატება აქვს, თუმცა არც ისე გოჭი არაა. ტაკოები აქვს ძლაინ სასაცილო და გასუქუნებული :)

ეხლა დავხედე და იმდენი იქნია ფეხები რომ ნასკები და შარვლის ცალი ტოტი გაიხადა.

ძალიან მაგარი ტიპია საბოლოო ჯამში, ძალიან მომწონს :)

ესეც ჩვენ სამის სურათი, ეფექტი იმიტომ აქვს რომ ორიგინალი არც ისე კარგი ხარისხი იყო :)
»»  read more

Saturday, January 17, 2009

ქალბატონი ეკატერინე



გავჩნდით 3 იანვარს. 2.900 და 50 სმ :)
დანარჩენი დრო რომ მექნება მერე დავწერ :)

»»  read more
Related Posts with Thumbnails