მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Tuesday, May 8, 2012

პაწაწუნები

მე და ნანუკა
პატარა არსებებს რომ ვხედავ, გული მეკუმშება. ინტერნეტში არსებულ სურათებზეც, თუ პატარა ცხოველია გამოსახული, იგივე გრძნობა მაქვს. მინდა რომ ჩავეხუტო და მოვეფერო. დავიცვა.

ბავშვებზე ეს გრძნობა გაათასმაგებული მაქვს. არადა მეც ვიყავი ბავშვი, შენც, დედაჩემიც, ბებიაჩემიც და უკვე გარდაცვლილი ბებიაჩემის დედაც და მამაც, რაც არ უნდა ძნელი წარმოსადგენი იყოს. ბებიაჩემს რომ ვუყურებ, სულ ვცდილობ წარმოვიდგინო როგორი ბავშვი იყო, როგორ ეხუტებოდა თავის დედას, როგორ დარბოდა ფეხშიშველი ხელში პურის ნაჭრით.

დაგიფიქსირებიათ როგორ იყურებიან ბავშვები? რაც არ უნდა ბანალური იყოს პასუხი, ასეა - გულწრფელად. გულწრფელად და მინდობით. გენდობიან. ასი პროცენტით არა, უფრო მეტით. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე საკუთარ თავს ენდობიან.

მარიამს ვატრიალებდი ხელში ამას წინათ, მიუხედავად იმისა რომ ვერ ხედავდა, ვარდებოდა თუ არა, თვალებში მიყურებდა და მშვიდად იყო. სულ რომ ძირს დამეგდო, ბოლო წამამდე არ ექნებოდა შიშის შეგრძნება, იმიტომ რომ მენდობა.

ხო, გული ზუსტად იმიტომ მეკუმშება, რომ ჩვენთან უწევთ ურთიერთობა. დიდებთან, ცბიერებთან, უხეშებთან, გულგრილებთან.

როდის ვკარგავთ იმ დიდ გულს, რაც ბავშვობაში გვაქვს? რატომ ვკარგავთ?
არადა თუ არ დაკარგავ, მაშინ მოგატყუებენ, ხელს მოგკიდებენ და უფსკრულის პირას მიგიყვანენ, რომ იქნებ ფეხი დაგიცდეს, ზოგი, თუ თვალებში უყურებ, ფეხსაც დაგიდებს.

აი, ამიტომ მიჩნდება სურვილი რომ ყველა პატარას მოვკიდო ხელი, მოვეხვიო და გულში ჩავიკრა. მინდა, რომ კარგად და თბილად იგრძნონ თავი. მენანებიან. ეს გულწრფელობა და სიყვარულის გრძნობა მენანება, რაც მათთშია  და რასაც აუცილებლად, ნელანელა დააკარგინებს ცხოვრება.

"2. და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა 3. და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. "


»»  read more
Related Posts with Thumbnails