მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Tuesday, March 22, 2011

ორსულების ლოცვა :)

ყოვლად ძლიერო უფალო, შემოქმედო ყოვლისა ხილულისა და უხილავისა! შეგივრდებით შენ, უსაყვარელსსა მამასა ჩვენსა არსებანი, გონებით დაჯილდოებულნი, რამეთუ შენ შეჰქმენ მოდგმა ჩვენი განსაკუთრებული განგებულებითა შენითა, გამოძერწე მიწისაგან გვამი ჩვენი გამოუთქმელითა სიბრძნითა შენითა და შთაჰბერე სული შენისაგან სულისა წმიდისა, რათა ვიყოთ ჩვენ ხატება შენი. და თუმცა, შენს ნებაში იყო ჩვენი მეყსეული შექმნა, მსგავსად ანგელოზებისა, მაგრამ სიბრძნემან შენმან ინება, რათა ქმრისა და ცოლისაგან, შენ მიერ დადგენილი ქორწინების წესით გამრავლდეს მოდგმა კაცთა; ინებე შენ კურთხევა ადამიანებისა, რათა აღორძინდნენ და გამრავლდნენ და აღავსებდნენ არა მხოლოდ ქვეყანასა, არამედ ანგელოზთა საუფლოსაც. ჰე, ღმერთო და მამაო, დაე, იდიდოს სახელი შენი უკუნითი უკუნისამდე ყოვლისათვის, რაიცა ჰქმენ ჩვენთვის!
მადლობას გწირავ აგრეთვე, მოწყალებისა შენისა, რომ მე არა მხოლოდ წარმოვდექი შენისა საოცარის ქმნილებისაგან და მივეკუთნები რჩეულთა კრებულს, არამედ იმისთვისაც, რომ ღირს მყავს შენისა კურთხევისა მეუღლეობაში და მომანიჭე ნაყოფი მუცლისა ჩემისა. ესე არს საჩუქარი შენი, ღმრთაებრივი წყალობა შენი, ჰე უფალო და მამაო სულისა და ხორცისა! ამისა გამო შენ ერთს მოგმართავ და გევედრები უმორჩილესად მოწყალებისა და შეწევნისათვის, რათა იგი, რომელსაც შენ ჩემში ჰქმნი ძალითა შენითა იყოს დაცული და იშვას უვნებლად. რამეთუ უწყი მე, ჰე უფალო, რომ ადამიანს არ ძალუძს და ხელეწიფება თავისა გზისა გამორჩევა; ჩვენ მეტად უძლურნი ვართ და მიდრეკილნი დაცემისაკენ, რომ უვნებელად განვვლოთ ყველა ის მახე, რომელსაც ბოროტი სული დაგვიგებს დაშვებითა შენითა და თავი დავაღწიოთ ყველა განსაცდელს, რომელშიც ჩვენი უზრუნველყოფით ვვარდებით, ხოლო სიბრძნე შენი უსაზღვრო არს და უკიდეგანო. ვისაც ინებებ, ანგელოზისა შენისა ხელითა უვნებელად დაიცავ ყოვლისაგან ბოროტისა.
ამიტომ მეცა, მოწყალეო მამაო, შეჭირვებისა ჩემისა ჟამსა თავსა ჩემსა გაბარებ და გევედრები, რათა მოწყალებისა თვალითა გადმომხედო და დამიფარო ყოვლისა სატანჯველისაგან. მოგვანიჭე მე და ჩემს ძვირფას მეუღლეს ლხენა, ღმერთო, მეუფეო ყოვლისა სიხარულისაო! რათა ჩვენ, შენისა წყალობისა შემხედვარენი, ნათელი გულითა თაყვანს გცემდეთ შენ და გმსახურებდეთ სიხარულითა სულითა აღვსილნი. მე არ ვითხოვ, რომ ამცდეს ის, რაც მთელს ჩვენს გვარს დააკისრე შენ, უბრძანე რა ტკივილით შობა ყრმათა. მაგრამ გევედრები უმორჩილესად, რომ შემეწიო, გადამატანინო ტანჯვა და მომანიჭო შვება. და თუ შეისმენ ამ ჩვენს ვედრებას და მოგვანიჭებ ყრმას, ჩვენ ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ იგი ისევ შენ მოგგვაროთ და შენ შემოგწიროთ, რათა შენ იყო მოწყალე ღმერთი და მამა ჩვენთვის და ჩვენისა შთამომავლობისათვის, და აღგითქვამთ ერთგულნი მსახურნი ვიყოთ შენი ჩვენისა ყრმასა ერთად. ისმინე, მოწყალეო ღმერთო, ლოცვა მდაბლისა მხევლისა შენისა, აღასრულე გულისა ჩვენისა ღაღადი, მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს გულისთვის, რომელიც განკაცდა ჩვენთვის, აწ კი შენ თანა და სულისა წმიდისა თანა ჰგიებს და ხელმწიფებს სამარადისოდ. ამინ.
»»  read more
Related Posts with Thumbnails