მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Wednesday, May 25, 2011

რა მინდა

იმდენად იშვიათად ვამბობდი ცხოვრებაში "მინდა"-ს რომ მეუცხოვა, დღეს დილით რომ აღმოვაჩინე, რომ რაღაც მინდა.
ეკატერინე ბაღში რომ მივიყვანე და ეზოში დავტოვე საქანელასთან, მომინდა მეყურებინა როგორ ისრიალებდა, როგორ მოიქცეოდა სხვებთან მიმართებაში, მინდოდა უბრალოდ მეყურებინა.
მერე გული დამწყდა რომ წამოვედი სამსახურში და დავფიქრდი, მართლა მინდა რომ ბავშვებთან ვიყო უფრო მეტ ხანს. თვეში 1000 ლარი რომ იყოს საიდანმე შემოსავალი მარტო ჩემი, მართლა შეიძლება არ მემუშავა. ბანკის ვალის გასტუმრების მერე, 600-ზეც თანახმა ვარ.
ვიქნებოდი ბავშვებთან, დავტკბებოდი ყოველ წამით, როგორ იზრდებიან. ამაზე დიდი ბედნიერება არ მგონია არაფერი.
საკუთარი თავის რეალიზაცია საქმით კარგია, მაგრამ რამე პატარა საქმე მექნებოდა ჩემთვის, ისე, დამატებითი შემოსავლისთვის და ვიქნებოდით მშვენივრად.
თუმცა ამ ჩემს განწყობას ალბათ მეორე მხარეც აქვს - მაინცდამაინც არ მომწონს ეს სამსახური და რასაც ვაკეთებ. შებოჭილი ვარ თითქოს. არადა არ მიყვარს შებოჭვა. მაინც შიგადაშიგ ჯობს.გე-ს ვათვალიერებ, იქნებ რამე იყოს. არადა ზუსტად 1 კვირის წინ, ჩემს საოცნებო სამსახურზე ვთქვი უარი. არის რაღაც, რასაც ვერ გადავაბიჯებდი და ამის გამო მომიწია უარის თქმა. არა უშავს, რამე უკეთესი იქნება :)
ჩემ ორსულობას რაც შეეხება, 21 კვირის ვარ, გუშინ დილით ადრე ისეთი დამარტყა, რომ გამაღვიძა. ძალიან ძლიერად მიბაგუნებს, ამიტომ მეგონა რომ ბიჭი იქნებოდა. ჩაჩავაში ექომ - გოგოაო. მივალ თათიასთანაც იქითა კვირაში და ვნახოთ, რას მეტყვის თათიაც :)
დანარჩენი ყველაფერი ძველებურად, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საკმაოდ მოვიმატე. ცოტა უნდა გავაკონტროლო წონა. :)

»»  read more

Saturday, May 14, 2011

ჰა ეს?


სასომხეთში ვიყავი :)
სახმელეთო საზღვარზე პირველად მომიწია გადასვლა და ფრიად აღვფრთივანდი მანქანაში შემოჭყეტილმა კამერამ და სურათის ასე გადაღებამ. კომფორტულად გაგვატარეს ჩვენი მხრიდან (სადახლოში), იმათ მხარეს, რიგშიც კი მოგვიწია დგომა, მე მუცელი გამოვბზიკე, იქნებ გამატარონ თქო, არ ვიცი ამან გაჭრა თუ დაემთხვა, სხვა ადგილას მიმითითეს იქ მიდიო. ხოდა ასე გავძვერი სასომხეთში.
იქვე ყავა ვიყიდეთ მე და მანანამ 5 ლარად მთელი 5 ჭიქა მოგვივიდა და მგონი ხურდაც დაგვრჩა. მე ასევე 5 ლარად სომხური ბილაინის ბარათიც ვიყიდე და დეპოზიტიც შევავსე. რამდენი, ვერ გავიგე, მაგრამ 5 ლარი დაახლოებით 1000 დრაჰმა გამოვიდა. ეს იყო ჩემი ფინანსური შეხება დრაჰმებთან, მეტი მე სომხურ ფულთან საქმე არ მქონია.
ისე, მგზავრობის ძალიან მეშინია, ყოველი მგზავრობის წინ, მორალურად სიკვდილისთვის ვემზადები, თუმცა თვითონ მგზავრობის პროცესი ძალიან მიყვარს. წინასამოგზაურო პერიოდი არ მიყვარს, თორემ საკმარისია ტრანსპორტში ჩავჯდე (განსაკუთრებით თვითმფრინავში) რომ ვეშვები და მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ მგზავრობით. :) ხოდა ამ ჩემ წინასამგზავრო ნერვიულობას ის დაერთო, რომ პირველად ვტოვებდი ეკატერინეს მარტო, უჩემოდ. ძალიან გამიძნელდა. ჯერ კიდევ ”ერთად” ვართ თითქოს ფიზიკურად (5 წლამდე გრძელდება ეს ფიზიკური კავშირი დედას და შვილს შორის).
რაც შეეხება ტრენინგს, მე და მანანა ვიყავით. CBI ატარებდა და შეეხებოდა ვებ პრომოუშენს. ძალიან საინტერესო იყო. სიტუაციის შეცვლა მომიხდა, თორემ წკიპზე ვიყავი :) არ ვფიქრობდი ჭურჭელს ვინ გარეცხავს, საჭმელს რას გავაკეთებ, სახლი დასალაგებელია თუ არა.
უფრო მომენატრა ბუჩაც, ბავშვებიც.
ამაათზეც კარგად იმოქმედა ჩემმა არყოფნამ.
ერთი დღით ადრე ჩამოვედი. მეორე დილასვე, ბუჩამ თვითონ შემომთავაზა, ბავშვს მე წავიყვან ბაღშიო. ეტყობა მარტო რომ იყო და ნახა დილით რამდენი რამეა მოსასწრები და გასაკეთებლი, მიხვდა რომ ცოტა ვიტვირთები. :)

მოკლედ, კარგად ვარ.
აი ამ სასტუმროში ვიყავი. ისე, ტრეინინგი ძალიან დატვირთული იყო ინფორმაციული და გასტრონომიული თვალსაზრისით :D
»»  read more

Monday, May 2, 2011

ჭაობი


ჭაობის განმარტება ვერ ვიპოვე ნეტში.
ისე ჩემი ნება რომ იყოს, ასე განვმარტავდი "წყლის პირას, ტენიანი, დამყაყებული სველი მიწა, რბილი და მეტად საშიში ჩასაფლობად". ვინმე უკეთესად იზავს ამ ამბავს :)

საყოფაცხოვრებო ჭაობის განმარტება ალბათ ასე იჟღერებს: "ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაფლული ოჯახის წევრები, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ უნარი, შეამჩნიონ ოჯახის წევრების ინდივიდუალურობა და გამოარჩიონ ისინი ოჯახის საერთო სურათიდან". ჭაობი იმიტომ, რომ ისევე გითრევს და ნელა ნელა გართმევს სიცოცხლეს.

უცნაურ მდგომარეობაში ვარ. როცა შეყვარებული ვიყავი, ეს "ყოველდღიურობის" მომენტი არ დგებოდა. ვიყავი შეყვარებული და ყოველი წუთი გაჟღენთილი იყო იმ ადამიანით. იმ შეგრძნებით, რომ მიყვარს. ნანუკას მამასთანაც კი არ მქონია მობეზრება, იმიტომ რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გვიძინია-გაგვიღვიძია ერთად. ეს ჭაობიც მაგას მოაქვს, მათ შორის მაგასაც - ერთად ძილს.

ეხლა კიდევ მავიწყდება რომ მიყვარს. არ მახსენდება. იმაზე ვფიქრობ ჭურჭელი როდის გავრეცხო, სახლი დღეს დავალაგო თუ ხვალ, კომუნალურები რამდენი მოვა გადასახადი, და ასეთი უამრავი წვრილმანი, რაც იმაში მიშლის ხელს რომ ეს დრო საყვარელ ადამიანზე ფიქრში დავკარგო. კი, საჭმელს რომ ვუმზადებ, ვცდილობ ამით გამოვხატო რომ ვზრუნავ და მიყვარს. როცა გაბრაზებული ვარ, არ ვუმზადებ საჭმელს მაგრამ ვერ ხვდება. გონია დაღლილი ვარ და იმიტომ. არადა ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიყო ისეთი დაღლილი რომ საჭმლის გაცხელება და თეფშის გამოტანა ვერ შევძლო.

ამას წინათ ღამე გამეღვიძა. 3 საათი ვერ დავიძინე. ვუყურებდი და ვფიქრობდი როგორ მიყვარს. როგორ მომწონს. როგორი ძვირფასია. როგორი ჩემია. შიშით ვერც კი ჩავეხუტე, არ გავაღვიძო-თქო.
დილით ისევ ის რუტინა დაიწყო, გადარბენები, ბავშვის მომზადება, საჭმელი, ჭურჭელი, ჩაცმა, სამსახურში გაქცევა.
ცოტა სიუხეშეც შემოვიდა ურთიერთობაში. ეს იმედია დროებითია და გაივლის სულ მალე.
შენ კიდევ ამბობ ფული არ არის მთავარიო, ხანდახან ამბობს. მიჭირს დავეთანხმო, მაგრამ როცა ხელფასი ახალი აღებული გვაქვს. გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. ალბათ იმიტომ რომ არ მაშინებს კომუნალური რამდენი მოვა. საჭმელზე რამდენი დაგვეხარჯება. ტანსაცმელი რა ვიყიდო ამ თვეში და ვისთვის. თუმცა რაღაც სხვაც გვაქვს, რაც მაშინაც კი გვაბედნიერებს ხოლმე, როცა ფული არ გვაქვს. ის, რომ მთავარია ერთად ვიყოთ კარგათ და დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

მთავარია ხშირად გავიხსენოთ როგორი ძვირფასები ვართ ერთმანეთისთვის, როგორ გვიყვარს და მოგვწონს ერთმანეთი.

პ.ს. ამას წინათ ეკატერინეს ეფერებოდა, კოცნიდა, მერე მე დავდექი ახლოს და მეგონა მეც მომეფერებოდა და მაკოცებდა. მუცელს მოეფერა, აკოცა და ერთი ორი სიტყვა უთხრა :D
ნანუკაც ხშირად მიმეორებს ხოლმე, თავს მიხედე ბავშვი კარგად იყოსო.

პატივისცემით თქვენი "ინკუბატორი" :D
»»  read more
Related Posts with Thumbnails