მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Showing posts with label მე. Show all posts
Showing posts with label მე. Show all posts

Saturday, May 23, 2015

ჭიქა ყავა

ყავის დალევა მთელი რიტუალია. ლუდისაც. თუმცა ლუდს სხვა სიტუაცია და შეგრძნება მოაქვს და სჭირდება.

ყავა არის ჯერ არომატი, მერე ფრთხილად მოსინჯვა, ცხელი ხომ არ არის და თუმცა ცხელია, მაინც ნელ-ნელა მიეპარები და დალევას იწყებ.

შაბათია. მთელი კვირა ისტერიულად ვიჭიხვინე, მგონი დღიურის წერა უნდა დავიწყო რომ სიბერეში წავიკითხო რამდენ რამეს ვასწრებ დღის განმავლობაში. ბუჩა და ნანუკა სახლში არ არიან. თომას ძინავს, ეკატერინე და მარიამი თავიანთ ოთახში ხატავენ და კონცერტისთვის ემზადებიან. სრულიად ოჯახი ნასაუზმებ-დაბინავებულია. მე მაგიდაზე შემოვაწყე ფეხი და ყავის სმა დავიწყე.

ტელევიზორი გამორთულია. სიჩუმეა და მე ყავას ვსვამ. უცბად განათდა....
რატომ მსიამოვნებს ყავის სმა ასე ძალიან....
საკუთარ თავთან ვრჩები მარტო და ჩემი ცხოვრების იმ ნაწილს ვიპარავ რომელიც მარტო ჩემია.
პირველად მივხვდი ამ ინტიმს... საკუთარ თავში დაბრუნება - აი ეს არის ყავის თერაპია :)

»»  read more

Tuesday, February 4, 2014

თაგვი

ხომ არის დღეები ცხოვრებაში, რომელიც არ უნდა დაგავიწყდეს და ვერ დაგავიწყდება. ზოგი იმიტომ რომ მაგრად გაგიხარდა, ზოგი პირიქით, მაგრად გეტკინა, ზოგიც შეგეშინდა. მნიშვნელობა არ აქვს რა ხდებოდა იმ მომენტში, დროის გასვლის მერე უმეტესობა აუცილებლად პოზიტიურად გაგახსენდება.
ყოველ ჯერზე, როცა ამ ამბავს ვყვები, სიცილს ვერ ვიკავებ, მართალია, ამბავი ძველია, მაგრამ ძალიან დამწყდება გული რომ სადმე არ დარჩეს:
მაშ ასე, ზაფხულის საღამოა, სადღაც 11 საათი, ნანუკა უყურებს ტელევიზორს და უცბად ამბობს რომ თაგვმა გაირბინა, რა თქმა უნდა მაგარი ვეკაიფეთ მე და ბუჩა, როგორ შეიძლება მეხუთე სართულზე, ახალაშენებულ სახლში მოხვედრილიყო თაგვი, მაშინ, როცა კალიების შიშით ყველგან ბადეები გვაქვს აკრული. 15 წუთის მერე, ტახტზე ვიჯექი და ზუსტად ფეხებთან გამირბინა თაგვმა და გაიქცა შემოსასვლელისკენ, თუმცა იქ არ გასულა, პიანინოს ქვეშ შეძვრა. მე სასწრაფოდ წამოვხტი, საძინებლების კარები დავკეტე და შემოსასვლელის "კამოდებით" გადავხერგე საძინებლებისკენ მიმავალი გზა.
ბუჩა მიხდვა რომ მისი გეგმები, მალე დაეძინა, გადაიდო და დაიწყო ბრძოლა თაგვის სახლიდან გასაგდებად.
თაგვმა ამასობაში უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია პიანინოს ქვეშ კი არა, პიანინოში დამალულიყო. ჯოხების, ხმაურების და ბრახუნის მიუხედავად, არ აპირებდა იქიდან გამოძვრომას. რაღა დაგვრჩენოდა, დავიწყეთ პიანინოს დაშლა. მე პირადად პიანინოს დაშლა, მხოლოდ იმ ფიცრების მოხსნა მეგონა რომელიც აქვს აფარებული. ნურას უკაცრავად, მხოლოდ ფიცრების მოხსნამ აანაირი შედეგი არ გამოიღო და ბუჩამ დაიწყო კლავიშების ამოყრა. მე თვალები დამრცა ფართოდ, არც კი ვიცოდი ასე მარტივ მამრავლებლად თუ იშლებოდა ეს პიანინო. კლავიშების ბუდიდან თაგვა წარმატებით გადაინაცვლა დეკასთან, მგონი არ მეშლება სიტყვა. და თან ისე მოხერხებულად დარბის სიმებზე, რომ აღვფრთოვანდით კიდეც.
ბუჩამ გადაწყვიტა თავის კატანა მოეტანა (სამურაის ხმალი), წვრილია და თუ რამეა, მოკლავდა ეგრევე. ყიჟინებით, ბრახუნებით და ა.შ. ვეცადეთ თაგვი თვალსაწიერში მოგვექია რომ მერე ბუჩა დასცემოდა თავზე... ასე მხიარულად გავატარეთ დრო ღამის 2-ის ნახევრამდე. თაგვი პიანინოში - ჩვენ დაქანცულები ტახტზე. ბოლოს თაგვმა, გადაწყვიტა თავი დაენებებინა ჩვენთვის და გამოძვრა და აივნისკენ წავიდა. აივნისკენ გზაში კი ფარდა შემოხვდა და იმაზე აძვრა. ბუჩამ ფერთხა ფარდა, იქიდან, აქედან, ვერ ვნახეთ და დავასკვენით რომ უკვე აივანზე იყო. 10 წუთში თაგვი ფარდიდან ჩამოდის და ხალიჩის ქვეში შერბის. აი ეს იყო გამოუსწორებელი შეცდომა. ხალიჩის ქვეშიდან ვეღარ გაგვექცეოდა და წარმატებით მოვუღეთ ბოლო.
დიდი ბოდიშს ვუხდი ცხოველთა დაცვის საზოგადოებას, თუ აღშფოთდა ბებერი თაგვის მოკვლის ამბავით, მაგრამ მე 3 ბავშვით თაგვთან ერთად ვერ ვიცხოვრებდი.
რაც მთავარია, მე და ბუჩამ დავასკვენით, რომ ფილმი თაგვზე ნადირობა სულაც არ არის კომედიური ჟანრის, არამედ დოკუმენტალური დრამაა.

პ.ს. საიდან მოხვდა თაგვი მეხუთე სართულზე არავინ ვიცით, სამაგიეროდ რატომ მოხვდა, გავარკვიეთ - კაკალი მქონდა შენახული აივანზე ღიად.
»»  read more

Friday, October 4, 2013

სიყვარულები :)

ვითომ ისაა სიყვარული, მარტომ რომ დარჩები და ხვდები რომ უმისოდ ცუდად ხარ? 
თუ ისაა, რომ გიხარია როცა მისი რამე ჟესტი ან გამოხედვა გაგახსენდება? 
თუ ის, როცა ცუდად ხარ და ბოლომდე ცუდად ყოფნის უფლებას რომ არ გაძლევს იმის შეგრძნება, რომ ასეთი გყავს? 
კონტროლის ზონიდან გავდივარ :) 
ასე ნაფერები დამოუკიდებლობა და შინაგანი მიუჯაჭვლობა არ მინდა დაიკარგოს. 
ეს რომ არ მქონდეს, გაცილებით უფრო ცუდი ცოლ-ქმარი ვიქნებოდით. 
რაღაც გვაქვს შეუხებელი. მე -ჩემი, იმას - თავის. 
იმას უფრო გამოსდის ეს, მე უფრო მესაკუთრე ვარ. :) 


ისევ ორსულად ვარ. :)
ახალი პატარა გვეყოლება ბაძაძგუნა-ბურდღუჩა :) 
არც კი მჯერა რომ ამხელა სიყვარული მაქვს გარშემო. 
ადრე ვწერდი, სიყვარული სანთელივითაა თქო. დგახარ და სხვის გულებში შენ სანთელს ანთებ. რაც უფრო მეტი ადამიანი გიყვარს, მით უფრო მეტ ადამიანს აქვს "შენი" სინათლე გულში და მით უფრო დიდი ხდები. დიდი და ძლიერი, მშვიდი და ბედნიერი. :)
»»  read more

Tuesday, June 18, 2013

რაღაც უხილავები ... გულში...

აი რაღაც უხილავი სიმები ....

რაღაცას რომ შეეხებიან და გაგახსენებენ რომ ბედნიერი ხარ, რომ გიყვარს, რომ უყვარხარ, რომ ცოცხლობ, რომ დილა გათენდა, რომ სადღაც ვიღაცას უხარია.

ასეთ დროს მინდა დავურეკო ბუჩას და ვუთხრა, როგორ მიყვარს და ბედნიერი ვარ; ჩავეხუტო ბავშვებს და ვიცინო მაგათთან ერთად; ვაკეთო ბევრი საქმე და ვილოცე ბევრი.
მინდა ვიღაცას დავეხმარო და დავანახო რა კარგია ცხოვრება. მინდა რომ უკეთესი გავხადო სამყარო.

უცნაურია, ხან რა და ხან რა აპროვოცირებს ამ შეგრძნებებს, ხან რა.

ხან ყვავილი, ხან ღრუბელი, ხან რაიმე ლექსი, წეღან ნოდარ დუმბაძის სურათმა იმოქმედა. ვერ ვიტყვი საყვარელი მწერალია თქო, მაგრამ მახსოვს, რამოდენიმე მისი ფრაზა წაკითხვისთანავე ძალიან ღრმად რომ შემოვიდა გულში და იქ რომ ცხოვრობს.

ზოგადად ცხოვრება გულში შენახული პატარ-პატარა ბედნიერებებია.
მადლობა უფალს გათენებული დღისთვის. :)
მერე რა რომ ღამე ბავშვებს დავდევდი და არ მეძინა :D
»»  read more

Tuesday, October 23, 2012

მთები

ალბათ დავწერდი ადრეც - მთებს რომ ვხედავ ჩემდაუნებურად ღრმად ჩავისუნთქავ ხოლმე. წეღან მაჩუ პიქჩუს სურათი, ვნახე ფბ-ზე, ხო, მერე რა, მაგრამ ამ სურათს მერე აი ეს მოყვა და  ........ ისევ ღრმად ჩავისუნთქე.
ისევ ჩემი სოფელი გამახსენდა. ვერ ვხსნი, ასე მაგრად რატომ მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ბუნების სილამაზის მწვერვალია. სილამაზის, არა, პრინციპში უფრო რაღაც სხვა სახელი შეეფერება - სიდიადის, სიმშვიდის, სუფთის და ხელშეუხებელის. როგორ უფრო და უფრო იღვიძებს და დიდდება ჩემში ბუნებასთან სიახლოვის და უბრალოების სურვილი. ძალიან მამძიმებს ზედმეტი რაღაცეები. ვიცხოვრებდი სოფელში, მეყოლებოდა საქონელი, ყანა და ეკოლოგიურად სუფთა ბევრი რძე, ყველი, მაწონი და კარტოფილი. მეტი იქ არაფერი მოდის მგონი. არადა მასე არ არის თეა? ვაკეში ცხოვრობდა და ეხლა იქ ცხოვრობს. მატერილურად ძალიან ძნელია. თუ რამე სხვა შემოსავალი არ იქნა. ამიტომ რამე ბიზნესი, რომ ელემენტარული ფული იყოს ბავშვებისთვის. სამაგიეროდ ბუნებასთან რაც შეიძლება ახლოს ვიქნებით. აი მარიამის მთაზე რომ ვიყავით, მერე ზემოთ რომ ავედით და იქიდან გადმოვიხედეთ, მსგავსი სილამზე არ ვიცი რა უნდა იყოს. 13 წლის წინ ვიყავი და დღე არ გავა ის პეიზაჟი არ გამახსენდეს. ძალიან მიხარია რომ ჩემი ნაწილია, ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია ჩემი სოფელი.
 ესეც ბავშვობიდან მომდის ეტყობა.
აი ასეთი ხედია ჩემი სოფლიდან . ღების მხარეა. პირდაპირ უფრო მაგარია, ლოღორა ჩანს და ის "მარიამის მთა", რომ ვწერდი.
წლების წინ ვიღაც 2 სტუდენტი იყო ამოსული, მეორედ მოსვლის ხატებს ვიკვლევთო და იქ ერთ ერთ ხატზე, სამი ერთნაირი კლდე იყო, შუაში კი ცხოველი, ლომის ფაფარით და ღორის დინგით. ხოდა აქ იქნება მეორედ მოსვლა, ლო-ღორას დასახელაბაც, ლომი-ღორიდან მოდისო. არც იმ ხატების კანონიკურობა მჯერა, მაინცდამაინც მაგრამ მასე რომც იყოს, არ გამიკვირდება, იმდენად საოცარი ადგილია.
უწმინდესი რომ იყო მოსული ჩემს სოფელში, ამ სილამაზის შემხედვარე აქ ხალხი იხოცება საერთოდო? და რომ უთქვამთ, უკვე უნდა წავიდეთო, ცოტა ხანი კიდევ მაყურებინეთ ამ საოცრებისთვისო. :)
ეს მგონი დაწერიიც მაქვს, უბრალოდ იმდენად მიყვარს ეს ადგილი, რომ მინდა ყველას ვანახო, რომ ასეთი რაღაც არსებობს დედამიწაზე და როგორ მიხარია, რომ შემიძლია ვთქვა, რომ "ჩემია".


პ.ს :) ლოლ, ეხლა ის გამახსენდა, ფბ-ზე ადრე დაწერეს ერთ გოგოზე, ძალიან განათლებულია, ინტელექტუალი, კულტურული, გამოსული და მეორედ მოსვლის სჯერაო. მეც მჯერა და ვიცი რომ სოფელში უკეთესი იქნება მაგ დროს, ვიდრე ქალაქში - ელემენტარული პროდუქტი მაინც გექნება რომ შეჭამო. ეს სხვა თემაა, მაგაზე მერე... :)
»»  read more

Thursday, September 13, 2012

რუტინა

ღამის 2 საათი ხდება და არ მძინავს, ბუჩას ველოდები სამსახურიდან, მარიამიც ავადაა და ვყარაულობ სიცხე არ ავიდეს ძალიან მაღლა. გვერდით "სგუშინოკიანი ჩაი" მიდგას და ვიჭყიპები. ავად როცაა სულ ძუძუ უნდა ხოლმე.

დანარჩენი ძველებურად ყველაფერი. სამსახურში თავისუფალი დრო მაქვს ეხლა ცოა, სამაგიეროდ მომავალ კვირას დაიწყება უკვე საქმეები, 15 ოქტომბერს სწავლას ვიწყებთ და სტუდენტების დაბინვება, ჩარიცხვა და ათასი ხლაფორთი.

ხო, ომის მეშინია კიდევ. მარტო რუსეთის არა, უფრო გლობალურ მასშტაბებში .... ევროპაც აპირებს ფედერაციულად გადაიქცეს და საზღვრები მოიშლება, ეს კიდევ უმეტესობამ იცით რასაც ნიშნავს. მოკლედ, უკანალისკენ მიდის ყველაფერი.... ა ჟალ....

არჩევნები - ოცნებისტები და ნაცისტები... ცუდი ისაა რომ არც ერთის არ მჯერა. ხმა რომ არ მივცე არ გამოვა, ვინმე გამოიყენებს. ვის მივცე, არ ვიცი. უფრო და უფრო იფუჭებს საქმეს ოცნება და უფრო და უფრო გვიიმასშვება ნაცები. მოკლედ ცუდსა და ცუდს შორის უნდა ავარჩიო ოდნავ ნაკლებად ცუდი.

წავედი, ბუჩა მოვიდა, მივხედო.
»»  read more

Tuesday, May 8, 2012

პაწაწუნები

მე და ნანუკა
პატარა არსებებს რომ ვხედავ, გული მეკუმშება. ინტერნეტში არსებულ სურათებზეც, თუ პატარა ცხოველია გამოსახული, იგივე გრძნობა მაქვს. მინდა რომ ჩავეხუტო და მოვეფერო. დავიცვა.

ბავშვებზე ეს გრძნობა გაათასმაგებული მაქვს. არადა მეც ვიყავი ბავშვი, შენც, დედაჩემიც, ბებიაჩემიც და უკვე გარდაცვლილი ბებიაჩემის დედაც და მამაც, რაც არ უნდა ძნელი წარმოსადგენი იყოს. ბებიაჩემს რომ ვუყურებ, სულ ვცდილობ წარმოვიდგინო როგორი ბავშვი იყო, როგორ ეხუტებოდა თავის დედას, როგორ დარბოდა ფეხშიშველი ხელში პურის ნაჭრით.

დაგიფიქსირებიათ როგორ იყურებიან ბავშვები? რაც არ უნდა ბანალური იყოს პასუხი, ასეა - გულწრფელად. გულწრფელად და მინდობით. გენდობიან. ასი პროცენტით არა, უფრო მეტით. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე საკუთარ თავს ენდობიან.

მარიამს ვატრიალებდი ხელში ამას წინათ, მიუხედავად იმისა რომ ვერ ხედავდა, ვარდებოდა თუ არა, თვალებში მიყურებდა და მშვიდად იყო. სულ რომ ძირს დამეგდო, ბოლო წამამდე არ ექნებოდა შიშის შეგრძნება, იმიტომ რომ მენდობა.

ხო, გული ზუსტად იმიტომ მეკუმშება, რომ ჩვენთან უწევთ ურთიერთობა. დიდებთან, ცბიერებთან, უხეშებთან, გულგრილებთან.

როდის ვკარგავთ იმ დიდ გულს, რაც ბავშვობაში გვაქვს? რატომ ვკარგავთ?
არადა თუ არ დაკარგავ, მაშინ მოგატყუებენ, ხელს მოგკიდებენ და უფსკრულის პირას მიგიყვანენ, რომ იქნებ ფეხი დაგიცდეს, ზოგი, თუ თვალებში უყურებ, ფეხსაც დაგიდებს.

აი, ამიტომ მიჩნდება სურვილი რომ ყველა პატარას მოვკიდო ხელი, მოვეხვიო და გულში ჩავიკრა. მინდა, რომ კარგად და თბილად იგრძნონ თავი. მენანებიან. ეს გულწრფელობა და სიყვარულის გრძნობა მენანება, რაც მათთშია  და რასაც აუცილებლად, ნელანელა დააკარგინებს ცხოვრება.

"2. და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა 3. და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. "


»»  read more

Wednesday, April 25, 2012

უძინარი მე


»»  read more

Saturday, April 21, 2012

მთავარი

ეკატერინე, რუსა, ნიკოლოზი, მარიმაი, ქეთა, ნანუკა
ჩემები და დიშვილები :)))
გუშინ ღამე ეკატერინეს გული აერია ძილში, მანამდე მარიამმა გაიღვიძა. სანამ ეკატერინე დავბანე, გვირილა გავუმზადე, მარიამს საჭმელი გავუმზადე, ლამის გათენდა. დილით 8-ზე ისევ გამაღვიძეს, მოკლედ, უძინარი ვარ და ამ დილა უთენია ნამდვილად არ დავწერდი, რომ არა ერთი პოსტი, რომელიც ამ დილას შემომეკითხა.
ორგინალი სტატია გარდიანში დაიბეჭდა მგონი და ალექსანდრე ჯეჯელავამა გადათარგმნა და დადო თავის ბლოგზე. ასეა თუ ისეა, ძალიან მომეწონა  ხუთი რამ, რასაც ადამიანი სიკვდილის წინ ნანობს...
1. ნეტავ ისე მეცხოვრა, როგორც მე მინდოდა და არა ისე, როგორც სხვები მოელოდნენ ჩემგან...
2. ნეტავ ამდენი არ მემუშავა...
3. ნეტავ ჩემი გრძნობების გამოხატვის სითამამე მქონოდა...
4. ნეტავ მეგობრებთან მეტი დრო გამეტარებინა...
5. ნეტავ ჩემი თავისთვის უფლება მიმეცა, უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი...


არაფერი განსაკუთრებული რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე პუნქტზე გავამახვილე ყველაზე მეტი ყურადღებას, აი რატომ... 


დაახლოებით ერთი კვირის წინ ერთ გასაუბრებაზე ჩავფლავდი. მიზეზი იყო ის, რომ ის, რაც პრაქტიკულად ვიცი ძალიან კარგად, არ ვიცი ”ტერმინოლოგიურად”, ანუ მივედი იმ წერტილში, სადაც ვიცოდი, რომ აუცილებლად მივიდოდი - აუცილებლად მჭირდება განათლება ფინანსებში, თუნდაც სულ ელემენტარული კურსები. ძალინა განვიცადე იმიტომ, რომ ჯერჯერობით არც ფინანსური საშუალება არ მაქვს მაგისი და არც დრო რომ ეხლა ამ ეტაპზე რამე ვისწავლო. მერე დავიგრუზე და შევწყვიტე ახალი სამსახურის ძებნა, იმიტომ რომ იმაზე კარგ პოზიციაზე, რაზეც ეხლა მე ვარ, ვეღარ წავალ, მარტივი მიზეზის გამო - მჭირდება თეორიული ცოდნა. 


ის, რომ ბანკის ვალები მაქვს, არ ახალია, ძველია. და ისიც, რომ არც თუ ისე მაღალი ხელფასისი გამო, პლუს ეხლა ძიძის ფულის გამო, ძალიან მაგარ ფინანსურ კრიზისში ვართ. ასე რომ რაიმე ფასიან კურსებზე საუბარი ზედმეტია, უფასოზე დროის კარგვა იქნება. 


ცოტა გავიჭედე, ვგრძნობდი რომ გადავდიოდი იმ სტადიაში, როცა რაღაც არ მოგწონს შენ ცხოვრებაში, მაგრამ ვერ ცვლი. პერიოდულად კი მავიწყდებოდა ეს, როცა ბავშვებს ვეთამაშებოდი და ვფიქრობდი, რომ ამაზე მეტი რა მინდა ცხოვრებაში, მაგრამ საერთოდ ჯამში, მაინც დაგზურული ვიყავი. 


აი, ეს სტატია რომ წავიკითხე და მეორე პუნქტი, რომელიც სრულად აი ასე გამოიყურება: 
მომაკვდავი ადამიანები ხშირად ნანობენ, რომ "გააცდინეს" თავისი შვილების პატარაობა, მეუღლის სიყვარული, ახლობლებთან ურთიერთობა იმიტომ, რომ მეტისმეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პროფესიულ განვითარებას და მატერიალურ "დოვლათს". თითქმის ყველა ადამიანი, ვისაც აქტიური პროფესიული ცხოვრება ჰქონდა, ბოლოს ნანობს, რომ სამსახურს იმაზე დიდი ადგილი დაუთმო ცხოვრებაში, ვიდრე ეკუთვნოდა.
ამოვისუნთქე.... 
მივხვდი, რომ ამ ეტაპზე ჩემი სამსახური იდეალურია ჩემთვის... მაქვს საკმაოდ თავისუფალი დრო იმისთვის რომ ბავშვებთან ვიყო. გამოვძებნე პატარა დამატებითი შემოსავლის წყარო, რომელსაც დროის თვალსაზრისით დიდი რესურსი არ მიაქვს და სულ ელემანტარული ბენზინი ფული მაინც მექნება. იანვარში ვალებს მოვრჩები და თუ ეს სამსახური შემრჩა ისევ, აუცილებლად ვისწავლი და განვაახლებ IFRS-ის დიპლომისთვის სწავლას. 
ხოდა, ამოვისუნთქე, რა კარგია, რომ ხანდახან ვიღაც გაჩერებს, რაღაცას გეუბნება, რაც ზუსტად ისაა, რაც იმ მომენტში გჭირდება.... 
»»  read more

Wednesday, April 11, 2012

IQ test


რაც არ უნდა ვიხტუნავო 83%-ს ვიღებ სტაბილურად, ანუ ეს მაფიქრებინებს რომ ტესტი ასე თუ ისე "სწორია" და რაც არ უნდა გავიხე, გენიოსი არ ვარ თურმე.

ამას წინათ რაღაც გასაუბრებზეც გავაკეთე ტესტი, 48 შეკითხვა იყო და იქაც 83% მქონდა სწორი.

ხო, არსებობს ასეთი ორგანიზაცია "მენსა" http://www.mensa.org/ აქ გაერთიანებულები არიან ადამიანები რომელთან ინტელექტიც აღემატება 150-ს. ანუ ადამიანური საზომებით რომ არ იზომება. :) შეგიძლიათ გაერთოთ საიტზე ვორქაუთ ტესტით, მაგრამ მაინცდამაინც ნუ აღფრთოვანდებით თუ ტესტის ყველა პუნქტს სწორად გაეცით პასუხი (როგორც მე), ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ინტელექტი ჭერს წვდება, ეს უბრალოდ დადებულია მაგალითი ტესტში რა სახის ამოცანები შეიძლება იყოს.

დავდებ რამდენიმე IQ ტესტის ლინკებს.
1. http://www.nerdtests.com/mq/take.php?scored=1&id=13546
2. ეს ტესტი უფრო დიდია მგონი და უფრო მომწონს http://iqtest.dk/main.swf
3. მენზას სავარჯიშო ტესტი: http://www.mensa.org/workout.php
4. აი აქ უფრო მეტი ხალისებია: http://mensa-test.com/

ჩაუჯექით და არკვიეთ თქვენი IQ დონეები :) თუ რომელიმე გადაცდით 140%-ს ძალიან გთხოვთ, გამაგებინეთ, დიდი სიამოვნებით გავიცნობ გენიოსებს.


»»  read more

Tuesday, February 21, 2012

ჩემი ჯვრისწერა


ზუსტად 4 წლის წინ, 2008 წლის 21 თებერვალს, ხუთშაბათს, ჯვარი დავიწერეთ.

ნუ ხუთშაბათს იმიტომ რომ , კვირა დილა რომ ტენდებოდა გერმანიაში უნდა გავფრენილიყავი... მარტო... სამსახურიდან....
და საერთოდ ძალიან ცირკი იყო მთლიანი ეს დღე.

დილით გერმანიის საელჩოში ინტევიუზე ვიყავი, სადაც ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები, როცა საბუთებს ვაბარებდი და დამატებით საბუთებზე რომ დამიწყეს ლაპარაკი, დაახლოებით ასე ვუპასუხე, აი ჩემ ფეხებს თუ რამე მაკლია, ასი წელი არ დავამატებ არანაირ საბუთს, სულ არ მინდა რომ ვიზა მომცეთ თქო. მიზეზი ის იყო, რომ 3 დღით ადრე გავიგე რომ გერმანიაში უნდა წავსულიყავი, როცა ჯვრისწერა დაგეგმილი იყო, და გერმანიის კონსულმა, ვინმე პატრიციამ, მარტო ჩემზე გააკეთა გამონაკლისი, რომ სასწრაფო წესით მოეცათ ვიზა და ბუჩას უარი უთხრა, იმიტომ რომ მისი წასვლის აუცილებლობა ვერ დაინახა, მერე რა რომ 2 დღის ჯვარდაწერილები ვიქნებოდით როცა მე მომიწევდა მარტო წასვლა და თან გაურკვეველი ვადით (ბილეთი ღია თარიღით იყო). არ უშველა არც გერმანიიდან დარეკვამ და არაფერმა....

მერე იქვე კიდობანში გავვარდი და კაბის შერჩევა დავიწყე. იმიტომ რომ ვიქტორია სექრეტზე ნაყიდი და გამოგზავნილი კაბა სადღაც შუაგულ ევროპაში ამანათი გაიხა და დაიკარგა. ბაზრობაზე 11-ის ნახევარზე, რომელი მაღაზიაც იყო ღია იმაში შევვარდი და ერთი კაბა ავარჩიე, ბუჩას დავურეკე, გამოდი შეხედე თქო. ბუჩა მოვიდა, დაბრო თქვა და მგონი ელიავაზე წავიდა.

მე წავედი სალონში.
გავიკეთე თმა, წარბები და მაკიაჟი.
ჩემი და თმის შესაჭრელ-გასაკეთებლად ზაზამ თავის სალონში წაიყვანა ნუცუბიძეზე. მე გავუარე ჩემ მეჯვარეს მრგვალ ბაღთან და ასე დავარცხნილ-დამაკიაჟებული ბუჩას სამსახურის ჭუჭყიანი ნივით, გავქანდი სახლში, სადაც ბუჩა უკვე მოსულ იყო და "ქალი არ არის" სიტუაცია დახვდა :D

ჩავიცვი და სასწრაფო წესით გავქანდით ტაძარში. აი ჯვრისწერა რომ მახსენდება, ყოველთვის მეღიმება, როცა ურთიერთობაში გაჭედვები მაქვს, ყოველთვის მაგ მომენტს ვიხსენებ, განსაკუთრებით კი იმას, ამბიონზე რომ ვიდექით. მახსენდება ის დამოკიდებულება რაც მაშინ მქონდა და რეფრეშივით ყველაფერი სწორდება და ბედნიერად ვგრძნობ ისევ თავს. :)

ჯვრისწერის მერე წინა დღეს შერცეულ რესტორანში წავედით, იმიტომ რომ საერთოდ არ ვაპირებდით სუფრას, წინა დღემდე იმედი გვქონდა რომ ბუჩას ვიზას მისცემდნენ, ხოდა ამ გერმანიის ფულით პატარა სუფრა შევუკვეთეთ დიღმის სტანდარტულ რესტორანში.

სულ ეს იყო, შაბათი რომ დაღამდა, ბუჩამ თავისი ხელით, ფეხით და მანქანით წამიყვანა აეროპორტში და გავფრინდი საქორწინო მოგზაურობაში მარტო :D

ორივე ერთად საქორწინო მოგზაურობაში ჯერ არ ვყოფილვართ, ეს სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გვაქვს და იმედი მაქვს აუცილებლად ავისრულებ.

ხო, აი რამდენი სტამბულის აეროპორტში ვხვდები, იმდენჯერ მიჩნდება შეგრძნება რომ მე და ბუჩა აუცილებლად ამ ქალაქში უნდა მოვხვდეთ, ხოდა ალბათ მასეც ვიზავთ.

4 წელი მგონი არ არის ცოტა ხო? მე აბა რატომ მაქვს იმის შეგრძნება რომ ჯერ კიდევ "ახალი ცოლ-ქმარი" ვართ? ბუჩას პირიქით, გონია რომ უფრო მეტი ხანი ვართ ერთად, იმდენი რაღაც მოხდა ჩვენ ცხოვრებაში. ის ხელშესახები კრიტერიუმებით ზომავს, მე- ხელშეუხებელი და ალბათ ამიტომ არის ეს განსხვავება.

»»  read more

Wednesday, December 14, 2011

ასათიანის კაბინეტი


აი უბრალოდ მომავალში, როცა ძალიან დატვირთული ვიქნები, რომ გადავხედო ამ პოსტს და მივხვდე რომ თურმე ყველაფერს გადაიტანს ადამიანი. ჩემი დღის რეჟიმი ამ კვირაში:
ორშაბათი:
- ღამე რა თქმა უნდა ყოველ 2 საათში პოსტზე იყავი დამ არიამს ვაწოვებდი ძუძუს.
- დილIთ, 7:30-ზე მაქსიმუმ გამაღვიძა ეკატერინემ, ჩავაცვი, მულტფილმები ჩავურთე;
- გავაკეთე მაკარონი ტუნათი და დავადგი ლობიო.
- გაიღვიძა მარიამმა, ვაჭამე, ჩავაცვი;
- გავაუთოვე ბუცას მაიკა და საროჩკა;
- მოვიდა მეგი, წავედი მე სამსახურში, ეკატერინე წავიყვანე ბაღში.
- სამსახურში: გავაკეთე რამოდენიმე ხელშეკრულება, წვრილმანი საქმეები, და წავედი ნავთლუღში ხელშკერულებაზე ხელის მოსაწერად.
- გამოვიყვანე ეკატერინე და მოვედი სახლში
- ჩავზილმე ლობიო, მოვშუშე ხახვი და აღმჩნდა, რომ მწვანილები ვერ ვიპოვე, არადა ვიყიდე, მახსოვს, ესე იგი ნაგავს გადავაყოლე.
- 6:00 დამირეკა ერთერთმა ბინის მეპატრონემ და მიღება-ჩაბარებაზე მოსაწერად დავიბარე სახლში.
- ჩავედი, ხელი მოვაწერინე და გავედი მაღაზიაში, მწვანილების და პურის საყიდლად.
- ამასობაში შევხვდი კიბორგას და ამოვედით სახლში. და საიტზე ვუხსნიდი რაღაცეებს.
- კიბორგა წავიდა, მეგი წავიდა;
- ნანუკასთან ერთად ვაკეთებდი მათემატიკას. პარალელურ რეჟიმში ეკატერინეს კაპრიზებს ვასრულებდი და მარიამს ვაჭმევდი და ვაწყნარებდი.
- დავბანე მარიამი, ვაჭამე, დავაძინე.
- ეკატერინე მგონი არ დამიბანია, დავაწვინე.
- დავჯექი კომპიუტერთან სამუშაოდ, დავიწყე რაღაცეების კეთება და აღმოჩნდა რომ ფლეშკა დავკარგე.
- ჩამეძიან 11:30-ზე, მარიამმა გამაღვიძა 1-ზე; მერე 4-ზე, ამასობაში გამახსენდა რომ ფლეშკა შევინახე კოსმეტიჩკაში, ვიპოვე და ავდექი რომ საიტზე მემუშავა. რაც შესაძლებელი იყო, გავაკეთე და 8 იყო დაწყებული, ჩავუწექი ეკატერინეს, და მივაძინე. ჩამეძინა მეც, გამეღვიძა 9-ზე.
სამშაბათი:
- გამეღვიძა 9-ზე;
- ეკატერინემ გაიღვიძა, ვაჭამე, თავი დავიბანე, გავიშრე (ვინც იცის რამხელა დაა როგორი თმა მაქვს, მიხვდება, რატომ არის ეს ამბავი აღნიშნვის ღირსი).
- მარიამს ვაჭამე;
- ეკატერინე ბაღში, მე-სამსახურში.
- სამსახურში: ბიუჯეტი გავიარეთ და სხვა წვრილმანი საქმეები;
- გავედი ბანკში, ქეში უნდა ამეღო და სამსახურში მომეტანა,ფეხით წავედი თათასთან, შეცდომით გადარიცხული თანხის გასასწორებლად (სხვის შეცდომის), დავბრუნდი ისევ ფეხით უნივერსიტეტში და გავიქეცი ეკატერინეს გამოსაყვანად;
- საღამო სტანდარტულად: ნანუკას მათემატიკა, ეკატერინეს მულტფილმები, მარიამს ძუძუ.
- დავბანე მარიამი, დავაძინე იდეაში, მაგრამ გაიღვიძა მაინც ხმაურზე.
- დავიწყე სუპის კეთება. გავრეცხე ჭურჭელი.
- მოვიდა ბუჩა. მარიამი დააძინა ხელში;
- გავაკეთე სუპი, ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზში;
- დავჯექი საიტზე სამუშაოდ.
- 2-ზე გაიღვიძა მარიამმა და ვაჭამე და დავწექი;
- 3-ზე ისევ გაიღვიძა, დავაძინე და ამასობაში ეკატერინემ გაიღვიძა;
- მარიამი დავაძინე თავის ლოგინში და ეკატერინე წამოვიყვანე ჩემთან.
- დაიძინა ეკატერინემ, გადავაწვინე თავის ლოგინში, დავიძIნე მეც, ამასობაში გაიღვიძა მარიამმა;
- ვაჭამე, დავიძინეთ; გავიღვიძე 7:45-ზე;
ოთხშაბათი:
- გავიღვიძე 7:45-ზე;
- გავაკეთე მოხალული ვერმიშელი;
- ჩავაცვვი ეკატერინეს, ამასობაში დამირეკეს ტელეფონზე და სანამ მე ვლაპარაკობდი, ეკატერინემ ვერ მოასწრო კურტკის გახდა და ჩაიფსა; დავბანე და გამოვუცვალე;
- წავიყვანე ეკატერინე ბაღში;
- მოვედი სამსახურში და ვმუშაობ საიტზე ცალკე, ბიუჯეტზე ცალკე;

ხოდა, ძლივს მანიკური გავიკეთე დღეს დილით :)

მეძინება, გადაღლილი არ ქვია ამას რაც მე ვარ; უბრალოდ იმედი მაქვს, რომ როდესმე, მოვრჩები ამ საიტს, ჩამთავრდება დეკემბერი და ბიუჯეტები და დავისვენებ. მთავარია იქამდე გავძლო. :(

პ.ს. ლოლ, ხო, ყველაზე სახალისო ამ ალიაქოთში იყო კიბორგას კომენატარი ჩემ ნათქვამ, "აუ, ბოდიში ვერ გაცილებ"-ზე, "მაცილებ კი არა, ნორმალური რომ ხარ საერთოდ, მიკვირსო" :D
»»  read more

Friday, November 4, 2011

ეჭვიანობა


გარშემო ყველამ იცის რომ ეჭვიანი ვარ.
თუმცა მაინცდამაინც არ ვეთანხმები ამას. მე ვფიქრობ რომ არ ვარ ეჭვიანი, უბრალოდ თავს ვაჩვენებ რომ ვეჭვიანობ. როგორც იტყვიან ატ ეტავა ნი ლეგჩე :) ყოველ შემთხვევაში არა მგონია ბუჩა თავს ბედნიერად გრძნობდეს ამის გამო.
აი მაგალითად, სიგიჟემდე მაინტერესებს ვინ უგზავნის სმს, სამსახურის მეილზე ვინმე ხომ არ წერს სასიყვარულო მეილს, ან ხომ შეიძლება სულაც სამსახურის ტელეფონიდან ეკონტაქტებოდეს ვინმეს და მე ვერ გავიგო. მთელ ამ არეულობაში, მარტო ის მაღელვებს, რომ ვაითუ ვერ გავიგე. თორემ თუ გავიგებ, გაცილებით მარტივადაა საქმე - წავა ჩემი ცხოვრებიდან იმ მომენტიდან, იმ წამიდანვე. იმასაც კი ვფიქრობ, სიბერეში რომ გავიგო, რომ მიღალატა, მაინც გავშორდები. ანუ ჩემი ეჭვიანობა არის შიში რომ არ ვიყო მოტყუებული. თორემ თუ სხვასთან მოუნდა ყოფნა, მე ვერც ვერაფერს ვიზავ, წავიდეს, მაგრამ ისე, რომ ჩემთან აღარ იყოს, რომ მე მოტყუებულად არ ვიგრძნო თავი.
და საერთოდ ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ”ღალატი” სხვადასხვანაირად აღიქმება კაცების და ქალების მიერ. ქალებს გვწყინს, თუ კაცი ვიღაცა სხვა ქალს რაღაც სასიამოვნოს ეტყვის, ან თბილად მოიკითხავს, სმაილიკს გაუგზავნის და ა.შ (არ ვგულისხმობ მეგობრებს). ეს გარკვეულწილად ”ღალატად” აღიქმება ქალთა სქესის უმეტესობისთვის.
აი კაცების აზრით კი თუ სხვასთან სექსი არ ქონიათ, ცამდე მართლები არიან შენ წინაშე და პატიოსნები არიან. გარკვეულწილად ეს კარგიც კი არის, ესე იგი ის თბილი მოკითხვები, სმაილიკები და ა.შ. მისთვის არ არის ღირებული და არ ანიჭებს მნიშვნელობას.

რა თქმა უნდა კაცები სხვადასხვანაირები არიან, მაგრამ ჩემი დაკვირვებით და გარშემომყოფებისგან გამომდინარე - კაცების უმეტესობას მიაჩნია, რომ ცოლს არ აძლევს ეჭვიანობის საბაბს იმიტომ, რომ სხვასთან სექსი არ აქვს.

თუმცა თუ სურათს შემოვატრიალებთ და ამ შემთხვევაში ქალი მოიქცევა ისე, როგორც კაცი, არა მგონია ამ ამბავმა რეაქციის გარეშე ჩაიაროს. ისევ წამოიწევა თემა, რომ კაცებს ”უფლება აქვთ”, რაც რბილად რომ ვთქვა ნერვებს მიშლის.

ბუჩა რაც იტალიაშია, განსაკუთრებით შევწუხდი ამ თემით. ვფიქრობდი და ვფიქრობდი, ვფიქრობდი და იმას მივხვდი, რაც ზემოთ დავწერე, რომ ტყუილად ვუტრაკებ (ბოდიში), ტყუილად ვძაბავ და ვუშლი ნერვებს ჩემი ”ეჭვიანობებით”.
ხო, კიდევ, ხუმრობით ნათქვამი ”ვინმე გოგო რომ დახვდეს აეროპორტში მანქანითო”, ძალიან დარწმუნებით ვუპასუხე, რომ არ ჩაუჯდება, თუ არ ეცოდინეა რომ ჩემი ახლობელია ან მე გავაგზავნე თქო. ხოდა, მე თვითონ გამიკვირდა, როგორი დარწმუნებით ვუთხარი. ესე იგი არ მაძლევს იმის საბაბს, რომ ვიეჭვიანო. მოკლედ აღარ ვეჭვიანობ.

გაცილებით საინტერესო საქმით დავკავდი - თავს ვუვლი. ძველ ხატიას ვიბრუნებ. :)
ხო, კიდევ ამ 3 კვირის განმავლობაში იმას მივხვდი, რომ ”იდეალური ცოლი” მინდოდა ვყოფილიყავი და ვიხეოდი ათად და ოცად. უჰ, თქვენ შემოგევლეთ რაა.... სულ ცოტა ფეხებზე რომ დავიკიდე დიასახლისობა და სახლში ყოველდღე ორი თავი საჭმლის მაგივრად ერთი რომ მაქვს, თურმე ცხოვრება შეიძლება ასეც. იმედია ბუჩა რომ ჩამოვა, ისევ არ მექნება მისწრაფება რომ ყველაფერი მოვასწრო 10-იანზე. ცოტა ცოტა გახალტურება შეიძლება თურმე ყველაფერში, გამოზოგილი დრო კიდევ საკუთარ თავს რომ მოვხმარო, მშვენიერ ხასიათზე ვიქნები სულ.

ეხლა მეძინება, წავალ დავიძინებ. მაგარი გამცდენია ეს კომპიუტერი :)

პ.ს. მელირება გავიკეთე:

»»  read more

Saturday, October 22, 2011

სმს


კომპიუტერთან ვზივარ, წიწიბურას ვჭამ ქათმის სოსისთან ერთად. მანამდე ქერის ნახარში დავლიე - იქნებ როგორმე რძე მომემატოს, რაც სამსახურში გავედი, რძე დამიცოტავდა. ვზარმაცობდი და შუადღისას ხანდახან არ მოვდიოდი, ეს კიდევ მიეჩვია ბოთლიდან ჭამას და ეზარება ძუძუს წოვა.

სამსახურში გავედი და ისევ ოთხშაბათით დავიწყე კვირის ათვლა, ოთხშაბათი რომ მოდის, მიხარია, იმიტომ რომ მერე ხუთშაბათია და პარასკევს როგორღაც გადავაგორებ, სამაგიეორდ მერე შაბათ-კვირაა. ანუ ჩავდექი ისევ ძველ რეჟიმში - შაბათ-კვირის მოლოდინში. ისევ მგონია რომ მოვახერხებ ამ შაბათს აბ კვირას სახლის და კარადების დალაგებას, აბაზანის საგულდაგულოდ და სუფთავებას და ა.შ.... ჩემ უთქმელადაც მიხვდებით, რომ სულ ტყუილად...Add Image

დღეს ბუჩას სმს მივწერე ინტერნეტიდან - მენატრები ძალიან მეთქი, არ მიმიწერია რომ მე ვიყავი, გამეხარდა რომ პასუხი ეგრევე მოვიდა, ესე იგი ასეთი სმს-ის გამგზავნი მე ვიყავი მარტო თქო, მაგრამ პასუხში ”მეც”-ის მაგივრად სრულიად ნეიტრალური ”ნეტა აქ იყო” მომწერა. რა თქმა უნდა გასაქანი მივეცი ჩემ ულევ ფანტაზიას და დავიგრუზე და ვეჭვიანობ. ვფიქრობ, რომ ჩემს გარდა სხვასაც შეიძლება მიეწერა თურმე მსგავსი სმს.
ხოდა აღარ დავურეკავ. სანამ იქ არის, არ დავრეკავ თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა არ იქნა.

დღეს ძალიან დავიღალე, სულავასთან მყავდა მარიამი. სიყვითლე გაუხანგრძლივდა და გუშინ ანალიზები ჩავაბარეთ ბილირუბინზე. საკმაოდ მომატებულია, მერე ექო გადაგვაღებინა და დანიშნულება მოგვცა. იმედია დროზე გაუვლის. ძალიან ვნანობ რომ არ მოვნათლეთ აქამდე. ეხლა იმასაც კი ვფიქრობ, 40 დღის რომ გახდება, მოვნათლო ისე, რომ ბუჩას არ დაველოდო. თან გაბრაზებულიც ვარ...
მერე დიღომში წავედი, ვიფიქრე ბავშვებს რუსიკოსთან დავტოვებ და გუდვილში გავალ იქვე თქო. მაგრამ რუსიკო გასასვლელი იყო, რძაი და ძმისშვილი ჩამოდიოდნენ და იმათ უნდა დახვედროდა 5-ზე. 5-ზე გავიდა, ისინი 6-ზე ჩმოვიდნენ, უხერხული იყო რომ არ დავლოდებოდი.

იქიდან გამოსვლის წინ ნანუკას დავურეკე და გუდვილშ დავიბარე, ვაკეში. თორემ მარტო მე, ორი ბავშვით, შანის არ იყო რამე მომეხერხებინა. მოვიგუდვილეთ, მერე კიდევ მოვიმაღაზე, კომუნალურები გადავიხადე და ამოვაღწიეთ სახლში. ნანუკამ ორი გზა გააკეთა პარკების ამოსატანად და მესამე კიდევ- ეკატერინეს პამპერსისი საყიდლად, დამავიწყდა რომ მეყიდა.

მაგრად მეხმარება ნანუკა ბავშვებთან დაკავშირებით. ნეტავ სხვა რაღაცეებშიც ესეთი მონდომებული იყოს.

ეხლა ვზივარ კომპთან, თან ვწერ, თან ვჭამ. ჯერ კიდევ არ შემიჭამია ბოლომდე სოსისი.
ჩაი ადუღდა - შესქელებული რძით უნდა დავლიო ჩაი (ოპერაცია ”მოვიდეს რძე”).
დაღლილი ვარ, მეზარება ყველაფერი. თან ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ - რა მოხდებოდა, ჩემ სმს-ზე პასუხად მარტივი ”მეც” რომ მოსულიყო :(

პატარებს სძინავთ. იდეალური დროა სახლის დასალაგებლად, მაგრამ განძრევის თავი არ მაქვს.
»»  read more

Wednesday, August 24, 2011

მე - დედა

ეკატერინე 2 კვირა აქაა. ეს ბოლო დღეებია რუსიკოსთან ვერ მიმყავს, ფაქტიურად სულ ჩემთან არის. ძალიან ვიღლები, ნუ ვიღლები იმიტომ, რომ მუდმივ კონტაქტს ითხოვს. სამსახურში ერთად დავდივართ. უკვე იცის, რომ დილიტ სახლიდან რომ გამოდის "სასახურში მიდივართ". კიდევ კარგი მარტო ვარ და ყველა შვებულებაშია. ჩემი თანამშრომლის კომპიუტერთან ზის და უყურებს მულტფილმებს. მერე მივდივართ.
ვსეირნობთ. ხან ვესტუმრებით ვინმეს, ხან სადმე შევივლით.
ვტკბებით ერთმანეთთან ურთიერთობით მეც და ისიც.
რამხელა ბედნიერებაა, როცა გაქვს იმის ფუფუნება შვილებთან იყო და უყურო როგორ იზრდებიან.
ეხლა ცოტა ვიღლები. ელემენტარული ტუალეტში როცა უნდოდა, ხელში აყვანა და გადაყენება მიხდებოდა. ისედაც ყოველ 5 წუთში ითხოვს რომ მივიდე, გამიზიაროს მულტფილმში პუტო აფრინდა თუ კატა გამოჩნდა. რამეს თუ ვერ იგებს, ხელს მკიდებს, მივყავარ და მთხოვს ავუხსნა რა არის. ჩემ მდგომარეობაში ცოტა მიჭირს. ამას წინათ ბასტი-ბუბუს კარაოკეზე მამღერა და მაცეკვა. დედაჩემი მეუბნება, ნამეტანი ანებივრებო, არ ვფიქრობ მასე, ისეთი ასაკი აქვს, მაქსიმალურად უნდა იგრძნოს ჩემგან რომ გვერდით ვყავარ და ჩემი იმედი ქონდეს, რომ თავდაჯერებულ ადამიანად ჩამოყალიბდეს, ხოდა თუ ჩემგან მარტო ყურადღებას ითხოვს, რისი გულისთვის მოვაკლო?

გუშინწინ ნანუკაც ჩამოვიდა.
ძალიან რთული პერიოდი აქვს. მე კიდევ ნერვები ცოტა წკიპზე მაქვს, რომ ყველაფერზე შენიშვნა არ მივცე. არადა საერთოდ არ მუშაობს საკუთარ თავზე. დაეწყო თინეიჯერული წიკები - "არ გესმის შენ ჩემი". ვიმშობიარებ და ცოტა მკაცრად მოვკიდებ ხელს. სწავლაც დაიწყება. აბსოლუტურად არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ტვინი ერთი მიმართულებით მუშაობს მარტო - როგორ და რითი გაერთოს. რთული პერიოდი გვაქვს წინ. ერთადერთი, რაც ძალიან მაწყნარებს, კარგი ადამიანია. რაღაცეები მალავს ამას, მაგრამ შიგნით კარგი ადამიანია. უნებისყოფოა ცოტა, იქნებ შეიძლება ამის გამომუშავება?

მე ჩემი თავი რაც მახსოვს, მუდმივად ვცდილობდი რომ რაღაც შემეცვალა და უკეთესი გავმხდარიყავი, სულ პატარაობიდანვე, აი სადანაც ჩემი თავი მახსოვს. შეიძლება ესეც კომპლექსია, რომ სხვების ყურადღება, სიყვარული და პატივისცემა მომეპოვებინა, თუმცა ნაკლებად მგონია, რომ სულ პატარა ასაკში მაგის დეფიციტი მქონოდა.
იგივეს რომ ვერ ვატყობ ნანუკას, ძალიან მწყინს.

ეკატერინე თუ რამეს აკეთებს, ჩანს რომ სანამ გააკეთებდა იფიქრა.
აი ნანუკასთვის მსგავსი არაფერი შემიმჩნევია.
ისიც არ ვიცი რა ჯობია, სხვისი მაგალითები მოვუყვე თუ ავუხსნა მის ასეთ საქციელს რა შედეგიც შეიძლება ქონდეს?

ჩემი შეცდომებიც არის ნაწილობრივ. მე და ნანუკას რომ ცალკე გვეცხოვრა და არა დედაჩემთან, ალბათ უფრო სხვანაირად მოვიქცეოდი, უფრო მეტად დავატანდი თავს ძალას და მივაჩვევდი რაღაცეებს. იქნებ არ არის ეხლაც გვიანი. აი შვებულებას ავიღებ, 1 თვე ვიქნები სახლში და ვნახოთ, იქნებ რამე შეიცვალოს.
»»  read more

Wednesday, August 3, 2011

ხილის წვენი ჩემ ცხოვრებაში

ადრე წვენებს არ ვყიდულობდი.

ნაწილობრივი იმიტომ, რომ ადრე ბაზარზე უმეტესობა წვენს საშინლად ხელოვნური გემო ქონდა (დაწყებული წყალში გასახსნელი "ზუკოდან") და კიდევ ახლობლის ნათქვამი ფრაზის გამო, რომ ერთერთი ქართული მოწინავე ბრენდის ყველა წვენი ვაშლის წვენია, რომელსაც დამატებული აქვს არომატიზატორები. ანუ რომ მგონია ანანასის წვენს ვსვამ, თურმე სინამდვილეში ვსვამ ვაშლის წვენს, ანანასის გემო-არომატით.
მოკლედ წვენებს არ ვწყალობდი.
თუმცა ფორთხოლის ფრეშზე ყოველთვის ვგიჟდებოდი და სახლში, ჩემი წვენსაწურით გაწურული წვენიც ძალიან მომწონს(და), უბრალოდ ცოტა გამოდის.

მერე გავიცანი ბუჩა, რომელმაც ერთი-ორჯერ ჩემთან საუბარში ახსენა წვენი "სანტალი", მეთქი ეშლება, ეტყობა "სანდორა" უნდა ეთქვა თქო, მაგრამ დავიკიდე, არ შევუსწორე. ჯასთ ნაცნობი იყო და რა პონტში უნდა შემესწორებინა.

მერე ლანჩზე დავაპატიჟებინე თავი, თბილისურში.
რა თქმა უნდა დამაგვიანდა. რომ მივედი უკვე იქ იყო და 2 ცალი ჭიქა იდო მაგიდაზე, ორფერი წვენით. ქვემოთ ყვითელი, ზემოთ წითელი. ვაუ-თქო, გამიკვირდა, დავიჯერო გემრიელი იქნება თქო? გასინჯეო. ჰმ, მეთქი, კი ბატონო. გავსინჯე და აი იქ დაიწყო ყველაფერი.
ყველაფერი რა, ის, რამაც დღემდე მოგვიყვანა და ერთად ვართ.
გემო იყო ფანტასტიური, აი ზუსტად 100% გარტყმული ჩემ გემოვნებასთან +ჩემთვის უცხო. მივხვდი, რომ ამ ადამიანს გაეგება წვენებში. ზოგადად, როცა ადამიანს რამეში გაეგება, პლიუსია ჩემ თვალში.
ხოდა, ეხლა წვენების თემა ძალიან აქტუალურია ამ სიცხეში. უბრალოდ ორსულობის გამო, ბევრ წვენს ვერ ვსვამ, თან უმეტესობა შაქრითაა გაძეძგილი და ვერიდები. თან ბუჩა მენატრება ძალიან და კიდევ ერთხელ გავიხსენე ის დღე, როცა ამაგდო და თავი მომაწონა ისე, რომ არც კი ფიქრობდა ამას.
ძალიან მიყვარს! :)


აი ეს წვენი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა, ბანანის ნექტარი ქვედა სართულზე და ალუბლის წვენი ზედა სართულზე. თან ბანანის ნექტარი უფრო მძიმეა და იმიტომ გამოდის ასე.

»»  read more

Sunday, July 31, 2011

მოწყენილი და მარტოხელა ძროხა


გავუშვი ჩემები, ცოტა გვიან წავიდნენ, სადღაც 2 საათში წესით ჩავლენ უკვე.
მენატრებიან უკვე.
სახლში კიბეზე რომ ამოვდიოდი, ეკატერინეს ხმა ჩმოსმოდა ყურში ”ლატომ გათისე?” პრეტენზიანარევი ტონით. და რომ წარმოვიდგინე რომ მინიმუმ 2 კვირა ამას ვერ გავიგებდი, ლამის ვიტირე. ბავშვები ოთახში რომ შევედი, მეთქი ჯანდაბას, დავალაგებ მე ან იყოს ასეთი არეული, ოღონდ აქ იყოს ნანუკა თქო. აი ხომ ძალიან გადაღლილი ვარ და ერთი სული მაქვს რომ დავისვენო და ჰაერივით მჭირდებოდა მარტო ყოფნა და მარტო საკუთარ თავზე ზრუნვა, ჯანდაბას! მზად ვარ დავიტვირთო ოღონდ აქ იყვნენ და ერთად ვიყოთ.
პირველი 2-3 დღე ძალიან მიჭირს ხოლმე, თან ბუჩაც არ არის აქ.
იმედია მალე გავა დრო.
უბრალოდ თავს ვინუგეშებ რომ ძალიან კარგ ადგილზე იქნებიან და დაისვენებენ.


»»  read more

Saturday, July 30, 2011

აცე, ვიროოოო!


აი სრულიად აღშფოთებულმა უნდა დავწერო დღევანდელი, უფრო სწორედ, უკვე გასული დღე.
იმითდავიწყებ, რომ ღამე ისევ არ მეძინა, ეკატერინემ ისევ გამაღვიძა რამოდენიმეჯერ, ცხელოდა ეტყობა, მერე მე ვერ ვიძინებდი, იმიტომ რომ მე მცხელოდა და ასე გავქაჩეთ და დილით 7:45-ზე ავდექი. ისიცნ ეკატერინეს ძალდატანებით ”მიკი მაუსი ცართე ლაა”.
10-ისთვის წავედით მე, ნანუკა და ეკატერინე ოჯახის ექიმთან, ნანუკას რაღაც თიაქარივით აქვს ხელზე. იქიდან 11-ზე რაღაც შეხვედრა უნდა ყოფილიყო და პულტი ჭირდებოდათ ჩემი ოთახიდან, ხოდა კისრის ტეხით გავიქეცი სამსახურში, ეკატერინე თან წავიყვანე.
სამსახურშჳ საქმეები გავაკეთე, ეკატერინე ხან ხტუნაობდა, ხან ზურას კომპზე მულტფილმებს უყურებდა, 4-ზე წამოვედით და ისევ ნანუკა მივიყვანე ექიმთან - ამჯერად ენდოკრინოლოგთან. 5-ზე ავიყვანე წყნეთში და იქიდან მე და ეკატერინე რომ ჩამოვედით, ტექნო ბუმში შევედით და ვენტილატორი ვიყიდეთ. 6-ზე მაკდონალდსშჳ ვიყავით დაპატიჟებულები და იქ მივქანდით. ძალიან გაერთო ეკატერინე, რომ გამოვიდა ”ჰეფი ბერსდეი კიდევ მინდა”-თი მივიყვანე მანქანამდე.
მერე გამახსენდა რომ წამლები მაქვს საყიდელი ზეგისთვის, ამათ რომ ვუშვებ და სანაპიროზე ფარმადეპოში მივედი (ნარინჯისფერი რომ არის, მგონი ფარმადეპო ქვია, სულ მერევა მაგი და ფარმაცენტრი). ვიყიდეთ რაც საყიდელი მქონდა და ვხვდები რომ ისეთი დაღლილი ვარ, სახლშჳ მარტო ვერ მივალ. გადავწყვიტე ბუჩასთვის გამევლო, რადგან ცალმხრივი ვარ (ეს პრინციპის ამბავია, ვეჯიბრები ჯეოსელს!!!). მივედით სასმსახურში ბუჩასთან და იქ ვიჯექი და ვისვენებდი. ბულატმა (სტუდენტმა) დამირეკა და როგორც ყოველთვის, გამბურღა თავის ბინის საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, 11-ის ნახევარზე გამოვეტიეთ ბუჩას სამსახურიდან და დავაწექით წყნეთისკენ გზას, ეკატერინეს უკვე ეძინა.
სანამ ნანუკა ვიპოვეთ სად იყო, სანამ ის, სანამ ეს, ჩამოვედით თბილისში 12-ის ნახევარზე. პოპულშჳ წვენები, კვერცხი, მაწონი და მონადირული ვიყიდეთ და სახლში ამოვედი, როგორ არ მკითხოთ, როგორ ამოვიარე 5 სართული ფეხით, არ ვიცი.
სანამ ბუჩა ვენტილატორს აწყობდა, მე შევწვი მონადირული და ყველაინი კვერცხი და მერე წამოვწექი ისე, რომ სა№ჭელიც ვერ ვჭამე. არადა მთელი დღე მშიერი ვიყავი.
ცოტა წავუძინე და რომ ავდექი შევჭამე ”ჩემი წილი”. ეხლა გული მაქსვ ცუდად, პულსი მაქვს ჩქარი და ისეთი დაღლილი ვარ, რომ ვერც კი ვიძინებ. თან ძალიან, ძალიან, ძალიან მცხელა. ბანაობაც მეშინია - ცუდად არ გავხდე.
ერთადერთი დადებითი მომენტი ის იყო, რომ მთელი დღე ეკატერინე ჩემთან იყო - რა ბედნიერებაა, როცა შეგიძლია შვილებთან ყოფნა :)

ხო, ზემოთ თქმულს დაამატეთ რომ მერვე თვეში ვარ უკვე და გარდა საკუთარი თავისა, კილონახევრიან არსებას დავატარებ კიდევ თან :)
»»  read more

Wednesday, July 27, 2011

სთენდ ბაი.


დღეს ფბ-ს ექაუნთს დეაქტივაცია გავუკეთე.
ძალიან ცუდად ვარ, გადავიღალე, რესტარტ და ცხოვრების შათ დაუნ არ გამოდის, ხოდა ალბათ ამით იყო პროვოცირებული, რომ რომელიმე სამყაროდან მაინც გამეკეთებინა ”შატნ დაუნ”, თუნდაც დროებითი.
მთელი ღამის განმავლობაში ოთხჯერ გამაღვიძა ეკატერინემ და დილითაც 7-ზე დამადგა, დედიკო, გაივიძე და მიკი მაუის ჩამირთეთი.
წკიპზე ვარ.
სამსახურშიც დაძაბული დღეებია ეს ბოლოპერიოდი, სტუდენტები უნდა გავამგზავროთ უკან და იმხელა ბიუროკრატიაა რომ სუფთა მეგრელივით მიწევს მოსავლელი გზების ძებნა. რაც ეს კვირა დაიწყო სახლში 9-ის ნახევარზე ადრე ვერ შემოვდივარ, პლიუს დაამატე სიცხე და ღამე ეკატერინეს გაღვიძებები... ააააა.....
ჭამაც აღარ მინდა, არადა საჭიროა.
ეხლაც წინ სუპის თეფში მიდევს და მორალრად ვემზადები რომ თავს ვაიძჲლო ჭამა.
გუშინწინ სასწრაფო გამოვიძახე, წნევა ამეწია ან დამეწია, თვალებში დიდი ვერცხლიფერი ბურთი გაჩნდა და ვეღარ ვხედავდი ვერაფერს, ადრე დამემართა მასე, ეკატერინე რომ პატარა იყო და 190 მქონდა წნევა. სანამ სასწრაფო მოვიდა, კარგად გავხდი, მაინც წამიყვანეს გაგუაში, ექო გადავიღე - ყელი დახურულია, მაგრამ ცოტა დამოკლებულიო.
ლამის დამტოვეს, დაგაკვირდებითო, მეთქი სახლში ორი ბავშ[ი მყავს დატოვებული, დიდი ბოდიში ვერ დავრჩები, თუ ექოზე ყველაფერი ნორმაა, სახლში წავალ-თქო. სახლში იმ პირობით გამომიშვეს რომ ეს დღეები ვიწვებოდი, ხოდა როგორ ვწევარ, კი დავწერე წინა აბზაცებში.
ამათ კვირას ვუშვებ რაჭაში. ესენიც დაისვენებენ და მეც. მე სამსახურიდან რომ მოვალ, ის არ მექნება საფიქრალი, რა გავაკეთო საჭმელი და ღამეც არ გავიღივძებ ხოლმე. უკეთესი დასვენება წელს არ გამომივა. ისე, ვფიქრობ სადმე ახლომახლო ხომ არ წავიდე შაბათ-კვირას და ესეც წამადგება, ფასანაურში ან სადმე ახლოს. მარტყოფშიც შეიძლება, მონასტერში.
გადავიღალე, რესტარტინგ - ჯერჯერობით მხოლოდ ფბ-ზე და ფორუმებში.

პ.ს. ლეპტოპი მინდა. წამოვწვებოდი და ვიმუშავებდი.
ახალი სამსახურიც მინდა.
»»  read more

Tuesday, July 19, 2011

ერთი სამსახურის დაკარგვის მიზეზი


დილით ბანაობისას სამსახურის პრობლემებზე ვფიქრობდი. აქაც აირია საქმეები, არადა როგორ არ მინდა, ყოველ 6 თვეში სამსახურის ცვლა. მერე ის გამახსენდა ECMI-ში რომ არ ვმუშაობ, ვისი დამსახურებაა და კიდევ დავიგრუზე.
სულ მიკვირს რატომ უნდა არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც სხვისთვის ცუდი უნდა. ნუ იდეაში, თავის თავისთვის და კატიასთვის უნდოდა კარგი, მაგრამ ეს ხომ ავტომატურად ნიშნავდა, რომ ჩემთვის უნდოდა ცუდი?!
ძნელია, ადამიანებს როცა შენი გადმოსახედიდან აფასებ და უყურებ.
და როგორი უცხოა ჩემთვის ის, როგორც ის ადამიანი იქცეოდა და იქცევა.
მე ის მიკვირს, ტომი რატომ არის გამოდებილებული. სასაცილომდე გამოდებილებული. რითია დაბრმავებული, იმასაც ვერ ვხვდები.
ვბრაზდები კიდეც, თან სიბრაზე, თან შეურაცხყოფა. აი ასე ვარ ყოველთვის, როცა მახსენდება ვის და რის გამო არ ვმუშაობ ჩემთვის ძალიან სასურველ ადგილზე.
თან როგორ ვარ იცი? ვისაც ჩემთვის ცუდი გაუკეთებია, ყველა დასჯილა, თან საკმაოდ. ხანდახან სხვების მაგივრად მეშინია კიდეც, როცა ვინმე ცუდს მიკეთებს. არ ვიმჩნევ, არ ვეუბნები, გარკვეულწილად "ვწირავ" იმისთვის, რომ სამაგიერო მიიღოს. იქნებ ჯობია რომ ვუთხრა, რომ მატყუებს, რომ ცუდად მექცევა და ამით ავაცილო ის, რაც ელოდება?
ბაზარში თუ ვინმე მატყუებს, არ ვიმჩნევ, გულწრფელად ვუხდი მადლობას და იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი მადლობა სადღაც გულში შეუღიტინებს და სინდისს გაუღვიძებს.
არადა არ მაქვს პატიების პრობლემა, ძალიან ბევრისთვის მიპატიებია ბევრად უფრო სერიოზული რაღაცეები, ვიდრე ესაა, მაგრამ კონკრეტულად ამ ადამიანს და კოკრეტულად ჩემი სამსახურის დაკარგვას და იმას, რომ ვდგავარ და ვნერვიულობ ბანკის ვალს ხვალ რითი გადავიხდი და შვილებს საჭმელი არ მოაკლდეთ, ვერ ვპატიობ, მიჭირს.
»»  read more
Related Posts with Thumbnails