მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Tuesday, February 4, 2014

თაგვი

ხომ არის დღეები ცხოვრებაში, რომელიც არ უნდა დაგავიწყდეს და ვერ დაგავიწყდება. ზოგი იმიტომ რომ მაგრად გაგიხარდა, ზოგი პირიქით, მაგრად გეტკინა, ზოგიც შეგეშინდა. მნიშვნელობა არ აქვს რა ხდებოდა იმ მომენტში, დროის გასვლის მერე უმეტესობა აუცილებლად პოზიტიურად გაგახსენდება.
ყოველ ჯერზე, როცა ამ ამბავს ვყვები, სიცილს ვერ ვიკავებ, მართალია, ამბავი ძველია, მაგრამ ძალიან დამწყდება გული რომ სადმე არ დარჩეს:
მაშ ასე, ზაფხულის საღამოა, სადღაც 11 საათი, ნანუკა უყურებს ტელევიზორს და უცბად ამბობს რომ თაგვმა გაირბინა, რა თქმა უნდა მაგარი ვეკაიფეთ მე და ბუჩა, როგორ შეიძლება მეხუთე სართულზე, ახალაშენებულ სახლში მოხვედრილიყო თაგვი, მაშინ, როცა კალიების შიშით ყველგან ბადეები გვაქვს აკრული. 15 წუთის მერე, ტახტზე ვიჯექი და ზუსტად ფეხებთან გამირბინა თაგვმა და გაიქცა შემოსასვლელისკენ, თუმცა იქ არ გასულა, პიანინოს ქვეშ შეძვრა. მე სასწრაფოდ წამოვხტი, საძინებლების კარები დავკეტე და შემოსასვლელის "კამოდებით" გადავხერგე საძინებლებისკენ მიმავალი გზა.
ბუჩა მიხდვა რომ მისი გეგმები, მალე დაეძინა, გადაიდო და დაიწყო ბრძოლა თაგვის სახლიდან გასაგდებად.
თაგვმა ამასობაში უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია პიანინოს ქვეშ კი არა, პიანინოში დამალულიყო. ჯოხების, ხმაურების და ბრახუნის მიუხედავად, არ აპირებდა იქიდან გამოძვრომას. რაღა დაგვრჩენოდა, დავიწყეთ პიანინოს დაშლა. მე პირადად პიანინოს დაშლა, მხოლოდ იმ ფიცრების მოხსნა მეგონა რომელიც აქვს აფარებული. ნურას უკაცრავად, მხოლოდ ფიცრების მოხსნამ აანაირი შედეგი არ გამოიღო და ბუჩამ დაიწყო კლავიშების ამოყრა. მე თვალები დამრცა ფართოდ, არც კი ვიცოდი ასე მარტივ მამრავლებლად თუ იშლებოდა ეს პიანინო. კლავიშების ბუდიდან თაგვა წარმატებით გადაინაცვლა დეკასთან, მგონი არ მეშლება სიტყვა. და თან ისე მოხერხებულად დარბის სიმებზე, რომ აღვფრთოვანდით კიდეც.
ბუჩამ გადაწყვიტა თავის კატანა მოეტანა (სამურაის ხმალი), წვრილია და თუ რამეა, მოკლავდა ეგრევე. ყიჟინებით, ბრახუნებით და ა.შ. ვეცადეთ თაგვი თვალსაწიერში მოგვექია რომ მერე ბუჩა დასცემოდა თავზე... ასე მხიარულად გავატარეთ დრო ღამის 2-ის ნახევრამდე. თაგვი პიანინოში - ჩვენ დაქანცულები ტახტზე. ბოლოს თაგვმა, გადაწყვიტა თავი დაენებებინა ჩვენთვის და გამოძვრა და აივნისკენ წავიდა. აივნისკენ გზაში კი ფარდა შემოხვდა და იმაზე აძვრა. ბუჩამ ფერთხა ფარდა, იქიდან, აქედან, ვერ ვნახეთ და დავასკვენით რომ უკვე აივანზე იყო. 10 წუთში თაგვი ფარდიდან ჩამოდის და ხალიჩის ქვეში შერბის. აი ეს იყო გამოუსწორებელი შეცდომა. ხალიჩის ქვეშიდან ვეღარ გაგვექცეოდა და წარმატებით მოვუღეთ ბოლო.
დიდი ბოდიშს ვუხდი ცხოველთა დაცვის საზოგადოებას, თუ აღშფოთდა ბებერი თაგვის მოკვლის ამბავით, მაგრამ მე 3 ბავშვით თაგვთან ერთად ვერ ვიცხოვრებდი.
რაც მთავარია, მე და ბუჩამ დავასკვენით, რომ ფილმი თაგვზე ნადირობა სულაც არ არის კომედიური ჟანრის, არამედ დოკუმენტალური დრამაა.

პ.ს. საიდან მოხვდა თაგვი მეხუთე სართულზე არავინ ვიცით, სამაგიეროდ რატომ მოხვდა, გავარკვიეთ - კაკალი მქონდა შენახული აივანზე ღიად.

1 comments:

Unknown said...

დაიცავით იზოლირების და სანიტარიული ნორმები და არ შემოვა! და კიდევ არსებობს ჰუმანური სათაგურები, რომელშიც შედის და იკეტება კარი და მერე გაუშვებ ბუნებაში. პ.ს. თაგვები არ ჭამენ ბავშვებს!

Related Posts with Thumbnails