მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Wednesday, November 18, 2009

ჩემი ფილმები


საერთოდ არ მიყვარს ფილმები. არც ტელევიზორზე ვგიჟდები. აი ეხლა ბუმი როა, 2012-ის სურვილიც კი არ გამჩენია რომ წავიდე. სხვა საქმეა მულტფილმები, რომლებიც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ტომი და ჯერი, დისნეის მულტფილმები და ძველი რუსული მულტფილმები :) კიდევ ეს მულფილმი მიყვარს ძალიან არა დისნეის, Spirit– Stallion of the Cimarron. მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ :)
მაშ ასე ჩემი ფილმები :)
ანუ ფილმები, რომლებისთვისაც შემიძლია ძილი მოვიკლო.

1. The Shawshank Redemption - ფილმი, რომელშიც მთავარი გმირი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში, 20 წლის განმავლობაში თხრიდა იქიდან გამოსასვლელს. მომწონს იმიტომ რომ ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ინარჩუნებდეს საკუთარ ღირსების გრძნობას. ფილმი, რომელიც აჩვენბებს რომ მიუღწეველი არაფერია. მეტს არ დავწერ არაფერს, გირჩევთ ნახოთ.

2.
Yip Man - ფილმი Wing Chun-ის (ჩინური საბრძოლო ხელოვნებაა) ოსტატზე. რომელიც მაქსიმალურად ცდილობს არ მოახდინოს საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება. სანამ არ ერჩიან, არავის ერჩის. მიყვარს მასეთი ადამიანები, რომლებთაც ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, რომ სხვაზე უპირატესობა გამოაჩინოს, მაგრამ ამას არ აკეთებს სანამ არ დადგება ამის საჭიროება. ჩემი ქმარია ასეთი. მიუხედავად იმისა რომ თავისუფლად შეუძლია რამოდენიმე კაცი ერთმანეთზე დააწყოს, როცა კონფლიქტური სიტუაციები ეჩითება, ცდილობს წყნარად მოაგვაროს ყველაფერი. ვერ იტანს ბაქიბუქა და ჰაერზე მოლაპარაკე ადამიანებს. თუ რამის თავი აქვთ, ქნან თუ არადა ამ ბლატაობის მუღამს ვერ ვხვდებიო.

3. Le violon rouge (წითელი ვიოლინო) - შინაარსის მოყოლას აზრი არ აქვს. უბრალოდ მიყვარს ეს ფილმი.

4. შერეკილები - უკომენტაროდ :)

5. The Last Samurai - ეტყობა მიყვარს შინაგანად ძლიერი ადამიანები და მათზე ფილმები :)

6. ინდი - თითქოს ბანალური სიუჟეტია, მაგრამ რამდენსაც ვნახავ 4-5 დღე შთაბეჭდილებებით დავდივარ. ეს არის ფილმი საყვარელ ადამიანებზე, საკუთარ საქციელებზე და სიცოცხლეზე რომ უნდა დაფიქრდე.


7. Catch me if you can - მართალია დიკაპრიო არ მიყვარს, სამაგიეროდ ტომ ჰენკს-ზე ვაბოდებ :)
ამიტომაც მიყვარს მაგ კაცის ყველა ფილმი :)

8. The Terminal - იხ. ზემოთ ჩემი ტომ ჰენქსის სიყვარულის შესახებ :)

8. ”სემიჩკა” ფილმები : ჯულია რობერტსის რომანტიულ-კომედიური ფილმები, ”ტუტსი”, ”პრინცესას დღიურები” და ა.შ. :)

თუ კიდევ გამახსენდა რომელიმე, აუცილებლად გავავრცობ :)
გიისმენთ თქვენ :)
»»  read more

Wednesday, November 11, 2009

ქართველი მენეჯერის აღსარება

ამას უფრო ჩემთვის ვწერ, საკუთარ თავს რომ ხშირად შევახსენო რა არის საჭირო რომ გაკეთდეს :)

ქართველი მენეჯერის აღსარება

გამარჯობათ, მე ტიპიური ქართველი მენეჯერი ვარ მისთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. მეც მინდა რომ სწრაფად მივაღწიო დიდ წარმატებებს და აღიარებას, მეც მინდა რომ დაფასებული და ღირებული ვიყო ყველასთვის ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მეც მინდა ყველა აღფრთოვანებით საუბრობდეს ჩემზე, ჩემს მიღწევებზე, მინდა ვუყვარდე თანამშრომლებს, ამავე დროს ეშინოდეთ ჩემი, რიდი ჰქონდეთ და პატივისცემა. აღიარებდნენ ჩემს განუზომელ შესაძლებლობებს და უნარებს, ჩემს უზომოდ დიდ წვლილს იმაში რასაც ჩვენი ორგანიზაცია აკეთებს და მუდმივად ცდილობდნენ იყვნენ ჩემსავით კარგები, ჭკვიანები და შედეგიანები.

მინდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომდის. არა, ძალიან ცუდად კი არ არის საქმე, უბრალოდ მე უფრო მეტი მინდა და ამიტომაც. ერთხელ (ადრე არასდროს მიქნია იგივე) დავჯექი და გადავწყვიტე კარგად დავფიქრებულიყავი რატომ არ გამოდის ყველაფერი ისე როგორც მინდა, რატომ ვერ ვაღწევ ამ ყველაფერს, არა მგონია, მაგრამ შემთხვევით ჩემი ბრალიც ხომ არ არის ამაში რამე. ამ განსჯაში რამოდენიმე დასკვნამდე მივედი. აღმოვაჩინე რაღაცეები რაც არ მომეწონა ჩემში და მინდა აზრები გაგიზიაროთ იქნებ თქვენც რამეში გამოგადგეთ ჩემი მიგნებები.

მივხვდი რომ არ მიყვარს დაგეგმვა, რაც ძალიან ბევრ რაღაცაში მიშლის ხელს. არ ვგეგმავ შეხვედრებს, არ ვგეგმავ სამუშაოებს, არ ვგეგმავ წელს, კვირას, დღეს. შესაბამისად ხშირად არ ვიცი რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ, რა უნდა მივიღო შედეგი. რა მაქვს მიზანი. შეხვედრები გაუთავებლად იწელება, გადაწყვეტილებების მიღებას კი ვერ ვახერხებთ. უშედეგოდ იკარგება და იფლანგება დრო, შესაძლებლობები, რესურსები. დღეს დღე მისდევს, წელს წელი და როცა უკან იხედები ხედავ რომ შეგეძლო რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი მოგესწრო მაგრამ გამოგეპარა, გამოგრჩა, გამოუყენებელი დარჩა რაღაცა შანსი რომელიც შეიძლება აღარც მოგეცეს მეორედ. სანაცვლოდ ყოველდღე აუარებელია რუტინა, მიმდინარე საქმეები რომლებიც გახრჩობს და ერთი წამით მოსვენებას არ გაძლევს. ვერ ახერხებ მიმდინარე, სასწრაფო საქმეებისაგან თავის დაღწევას და ვერასოდეს იცლი აუცილებლად მოსაგვარებელი საკითხებისთვის რომლის გარეშეც არათუ ამ რუტინიდან გამოსვლა, რამე ღირებულის შექმნა და მიღწევაც სრულიად წარმოუდგენელი ხდება.

აღმოვაჩინე რომ არ მიყვარს სხვების მოსმენა, არა კი ვუსმენ როცა მელაპარაკებიან მაგრამ ძირითადად უფრო იმაზე ვფიქრობ რა ვუპასუხო ვიდრე იმაზე რას მეუბნებიან. მგონია, რომ ინფორმაცია ყველაზე მეტი მე მაქვს, პასუხისმგებლობაც, გამოცდილებაც, ამდენად სხვების მოსმენა უფრო დროის კარგვაა, ვიდრე რამე ღირებულის მიღების შესაძლებლობა. ამიტომაც ჩემით ვიღებ გადაწყვეტილებებს, არ ვეკითხები ხშირად სხვებს. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვან პრობლემებს მიქმნის, ხშირად ჩემი გადაწყვეტილებები დეტალების დონეზე საკმარისად კარგად არ არის გააზრებული, ჩემ თანამშრომლებს უჭირთ ჩემი დავალებების შესრულება, არ ესმით და მაინც და მაინც დიდი ხალისიც არ აქვთ რომ შეასრულონ. კამათითაც აღარავინ მეკამათება, შეეგუვნენ რომ დიდი აზრი არ აქვს და იმიტომ. შედეგად ხშირად მარტო მიწევს რაღაცეების მოფიქრება და მერე დიდი ძალისხმევის გარეშე არაფერი გამოდის, და ხშირად ძალისხმევითაც ვერ ხერხდება სასურველი შედეგის მიღება.

სამწუხაროდ მიჭირს სხვების შექება, მათი წვლილისა და დამსახურების დანახვა, დაფასება და აღიარება. კარგად რომ გავიაზრე ცხადად დავინახე, რომ თითქმის არასდროს ვაქებ თანამშრომლებს, მაშინაც კი როცა ცხადად ვხედავ რამდენად მოინდომეს, ან რამდენად კარგი რაღაცა გააკეთეს. მიჭირს ვუთხრა მადლობა მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის. მეორეს მხრივ, შესაძლოა ქვეცნობიერად, მაგრამ ხშირად პატარა წარმატებებსაც კი უფრო საკუთარ გამჭრიახობას და გამოცდილებას ვაწერ, ვიდრე სხვების მონდომებას და ძალისხმევას. უფრო მეტად მგონია რომ ჩემმა დროულმა ჩარევამ კარგი შედეგი გამოიღო და არ ვფიქრობ იმაზე რა იქნებოდა ამ საქმიდან იმ ადამიანების გარეშე რომლებიც მას რეალურად აკეთებენ. ეს ნაკლიც ასევე ძალიან ბევრ პრობლემას მიქმნის. ყველაზე დიდი აქედან თანამშრომლების დემოტივაციაა, ისინი უჩემოდ გადაწყვეტილებას აღარ იღებენ, ყველაფერს მეკითხებიან და არც შედეგებზე აქვთ დიდი პრეტენზია. თანამშრომლები აღარ ცდილობენ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული გააკეთონ, ალბათ იმიტომ რომ თვლიან რომ ამას მაინც ვერავინ დაინახავს და დააფასებს. შედეგად ისევ მარტო მიწევს ფიქრი, მერე მოქმედება და ხშირად მოქმედებითაც აღარაფერი გამოდის.

თურმე როგორ მეზარება კითხვა, სწავლა. სულ მეგონა რომ ცხოვრების წიგნი, გამოცდილება რომელსაც ყოველდღიური მუშაობით იძენ საკმარისია იმისთვის რომ ეფექტურად იმოქმედო და არ მესმოდა რატომ უნდა დამეკარგა დრო რაღაცა წიგნების კითხვაზე. რაღაცას კი ვეჭვობდი, რომ ისინი ვინც ყოველ დღე ცოტას მაინც კითხულობს დროის განმავლობაში გაცილებით ფართო ხედვა ჩამოუყალიბდებათ, უფრო მეტი ინფორმაციაც ექნებათ. ალტერნატივებსაც უფრო მეტს და განსხვავებულს დაინახავენ. 2-3-5 წელიწადში უკვე ბევრზე ბევრად მეტი ეცოდინებათ ვიდრე მე, და არც გამოცდილება ექნებათ ნაკლები. ვხვდებოდი ამას მაგრამ საქმე საქმეზე რო მიდგებოდა ისევ ტელეფონზე დარეკვა და რაღაც მიმდინარე საკითხის „მოგვარებას“ ვანიჭებდი უპირეტესობას, ვიდრე დღეში 20-30 წუთის კითხვისთვის დათმობას. არადა წასაკითხიც ხომ ძალიან ბევრია დაგროვილი. ნებისმიერ სფეროში რა სიახლეებია, რა ტენდენციებია, რა შესაძლებლობები ჩნდება. ისევ იმის იმედზე უნდა ვიყო რომ ვიღაცამ შეიძლება წაიკითხოს და ჩემთან საუბარში ახსენოს ან წამოცდეს რამე საინტერესო.

და ბოლოს, მაინც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სისუსტე რომლის მიხვედრამაც ყველაზე მეტად დამაფიქრა. მე ხომ არასდროს არ ვცდილობდი აქამდე მეფიქრა იმაზე თუ რა იყო ჩემი, ჩემი სისუსტეების ბრალი იმ პრობლემებში და დაკარგულ შესაძლებლობებში რომელიც ასე მაწუხებს დღეს. ალბათ სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სისუსტე. ყოველთვის ვეძებდი მიზეზებს ადამიანებში ჩემს გარშემო, გარემოში, კონკურენტებში, ამინდში, ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებში და თითქმის არასდროს ვფიქრობდი იმაზე მე ხომ არ უნდა შემეცვალა რამე ჩემს ქცევაში, მიდგომებში, დამოკიდებულებებში. სწორედ ამან მიმიყვანა იქამდე რომ ვაკრიტიკებდი ყველას და ყველაფერს ჩემს გარშემო და არაფერს ვაკეთებდი ჩემი სისუსტეების აღიარებისათვის და მათ დასაძლევად. არასდროს ვიხდიდი ბოდიშს, მაგრამ ყოველთვის ვითხოვდი სხვებისგან ბოდიშის მოხდას. გული მისკდებოდა იმაზე თუ როგორ უსამართლო და უმადური იყო გარემო იმით რომ ვერ ხედავდა და ვერ აფასებდა ჩემს მონდომებას მაშინ როცა მათ ჩემგან გაცილებით მეტი და გაცილებით უკეთესად გაკეთებული ეკუთვნოდათ. ვფიქრობდი ადამიანებზე რამდენად არამოტივირებული და შეუსაბამოები იყვნენ ისინი იმის რასაც ვაკეთებდი და არასდროს ვფიქრობდი მე რას ვაკლებდი მათ იმისათვის რომ უკეთესები ყოფილიყვნენ. სწორედ ალბათ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომ სხვების ყურებაში, მათი ხარვეზების და ნაკლოვანებების შეფასებაში არასათანადო დროს ვუთმობდი საკუთარ თავში არსებულ პრობლემებს, შესაბამისად არ ვცდილობდი მათ გამოსწორებას, საკუთარი უნარების განვითარებას. სწორედ ამიტომ ვერ ვიღებდი სათანადო პროგრესს, ვერც საკუთარ თავში, ვერც ადამიანებში ჩემს გარშემო, ვერც საქმეში რომელსაც ვაკეთებდი და შესაბამისად ვერც შედეგებში. რაც ასე მწყვეტდა ყოველთვის გულს.

თუმცა რადგან დავჯექი და დავფიქრდი, რადგან მივხვდი ამას და რაც მთავარია ეს სისუსტეები ჩამოვწერე. ეს უკვე ნიშნავს ალბათ რომ რაღაც დონეზე მინიმუმ ამ ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი სისუსტის დაძლევა დავიწყე. იქნებ მოვახერხო და ყველა წინა პრობლემის გადაჭრაც შევძლო რაღაც დონეზე მაინც და მაშინ ალბათ დროც უფრო ეფექტურად იმუშავებს ჩვენზე, გადაწყვეტილებებიც ბევრად უფრო შედეგიანი გახდება, ადამიანებიც უფრო მოტვირებულები და მონდომებულები იქნებიან ჩემს გარშემო და სწავლაც უწყვეტ პროცესად იქცევა რასაც თუ წარუმატებლობის მიზეზების მუდმივად საკუთარ თავში ძიებაც დაემატება სავარაუდოდ ბევრად უკეთეს შედეგებსაც მივიღებ და წარმატებაც ბევრად უფრო სასიამოვნო გახდება.

»»  read more

Monday, November 9, 2009

ეკატოს და ნანუკას სურათები


»»  read more

Thursday, November 5, 2009

ერთი სიყვარულის ისტორია

მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ არ ვიცნობ(დი) ამ წყვილს.
მართლმადიდებლურ ფორუმზე წავიკითხე რომ ერთ-ერთ უზერს ცოლი გარდაეცვალა. ორსული, მგონი 6 თვის :( ძალინა განვიცადე მაგ ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც არც ფორუმზე არ მიკონტაქტია იმ ადამიანთან. ის გოგო მარტო იყო სახლში, ცუდად გამხდარა და მგონი რომ დავარდა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე :( მით უმეტეს, როცა ახალი ოჯახი გაქვს, პატარა ბავშვი...

ყოველდღიურობა, სამსახური, გადაღლა, ჩემი ცხოვრება... სხვსი პრობლემები მალე გვავიწყდება...
მეც აღარ მახსოვდა ეს ამბავი.
რამოდენიმე ხნის წინ ადნაკლასნიკებში მორიგი შეხედვის დროს ჩემ რამოდენიმე სურათზე კომენატარი დამხვდა. ავტორი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც თავის ქორწილის და მეუღლის სურათები ედო. იმდენად თბილი კომენტარები იყო და იმდენად თბილი სურათები ქონდა რომ მივწერე მადლობა, ხო... იმიტომაც მივწერე რომ სხვა ვეგონე, ის, ცნობილი. და ტექსტი ასეთი იყო, ”დიდი მადლობა, მე არ ვარ ის ცნობილი ხატია, როგორც ვხედავ შენც ბავშვს ელოდები, ღმერთმა გაბედნიეროს ოჯახთან ერთად თქო”... მივწერე და უპს... მერე ტუჩზე ვიკბინე, რატომღაც გამახსენდა ის ბიჭი, ფორუმიდან, გადავამოწმე სურათები ფორუმზე და მართალი აღმოვჩნდი.
მეორე შეტყობინება გავუგზავნე, ბოდიში, ვიზიარებ შენ ტრაგედიას თქო...
არაფერია, დიდი მადლობაო.

.... ეხლა ძველ შეტყობინებებს ვათვალიერებდი და ეს მესიჯები შემხვდა, სურათები ისევ ის აქვს...
ისევ იმ სიხარულით და იმ დღეებით, იმ სიყვარულით ცხოვრობს ალბათ დღესაც.

მგონია რომ ძალიან ახლობელია ჩემი ეს ადამიანი...
შორიდან ვცემ უდიდეს პატივს.
»»  read more

Tuesday, November 3, 2009

ეკლესიის შავი პიარი

პური და სანახაობა!!!
ამ რეჟიმის მიერ მოწოდებული სანახაობა ამჯერად ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პიარ კამპანიაა.
რა უნდა გადაფაროს ამით?
კაგებეს საბუთები... რატომ არ ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს, არავინ უფლებას არ მისცემდა ”თანმშრომლობის” გარეშე ემოქმედა. როცა ჩათრევას ჩაყოლა ჯობია, როცა იცი რომ თუ მგელს ლუკმას არ გადაუგდებ, მთლიანად შეგჭამს.
რუსეთთან ”თანამშრომლობაზე” ვის აკვირვებენ? როცა რუსები ჩამოდიან ფულიანი ქეიზებით და ქართველი მაღალჩინოსნები აეროპორტში უკანალზე კოცნით ხვდებიან, მაშინ არ ახსენდებათ რუსეთის მტრობა?
ძალიან გული მწყდება...
ყველაზე ძალიან კი იმაზე მწყდება გული, რომ საზოგადოებას ხლეჩენ ორად. საპატრიარქო/სამღვდელოების მომხრედ (ბნელებად) და მათ მოწინააღმდეგებად (განვითარებულებად/დამოუკიდებლობის მიმდევრებად).
რა მნიშვნელობა აქვს, საბაბი რა იქნება, მთავარი ხალხში მტრობის დანერგვაა! ”მტრის ხატად” რუსეთი აღარ გამოდგება და ეხლა სხვა ხატის ძებნა დაიწყეს?
შეეშალათ ძალიან, ეკლესიას ვერაფერს დააკლებენ. უბრალოდ რატომ? საუკუნეების მანძილზე, ქართველისთვის სამშობოლოს დაცვა, სარწმუნოების დაცვას უდრიდა. ეხლა სამშობლო გვინდა და სარწმუნოება არა?
»»  read more
Related Posts with Thumbnails