მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Tuesday, June 18, 2013

რაღაც უხილავები ... გულში...

აი რაღაც უხილავი სიმები ....

რაღაცას რომ შეეხებიან და გაგახსენებენ რომ ბედნიერი ხარ, რომ გიყვარს, რომ უყვარხარ, რომ ცოცხლობ, რომ დილა გათენდა, რომ სადღაც ვიღაცას უხარია.

ასეთ დროს მინდა დავურეკო ბუჩას და ვუთხრა, როგორ მიყვარს და ბედნიერი ვარ; ჩავეხუტო ბავშვებს და ვიცინო მაგათთან ერთად; ვაკეთო ბევრი საქმე და ვილოცე ბევრი.
მინდა ვიღაცას დავეხმარო და დავანახო რა კარგია ცხოვრება. მინდა რომ უკეთესი გავხადო სამყარო.

უცნაურია, ხან რა და ხან რა აპროვოცირებს ამ შეგრძნებებს, ხან რა.

ხან ყვავილი, ხან ღრუბელი, ხან რაიმე ლექსი, წეღან ნოდარ დუმბაძის სურათმა იმოქმედა. ვერ ვიტყვი საყვარელი მწერალია თქო, მაგრამ მახსოვს, რამოდენიმე მისი ფრაზა წაკითხვისთანავე ძალიან ღრმად რომ შემოვიდა გულში და იქ რომ ცხოვრობს.

ზოგადად ცხოვრება გულში შენახული პატარ-პატარა ბედნიერებებია.
მადლობა უფალს გათენებული დღისთვის. :)
მერე რა რომ ღამე ბავშვებს დავდევდი და არ მეძინა :D
»»  read more

Tuesday, June 11, 2013

ლოგიკა

არ არსებობს!
ნუ აი ადამიანური ლოგიკით არ ცხოვრობს ეს სამყარო.
ასე რომ იყოს, არც ერთი ბავშვი არ დაიღუპებოდა. ყველა კეთილი ადამიანი იქნებოდა დღეგრძელი და ბედნიერი.
არ არის მასე!
რამდენი ბავში იღუპება ომში ან შიმშილით ან ავადმყოფობით.
დღეს 2 ბავშის გარდაცვალების ამბავი გავიგე - 4 წლის იყო ორივე. შემზარა ისევ :(

თუმცა, მეორეს მხრივ ადამიანური ლოგიკა არ გამოდგებოდა სამყაროსთვის.
მიკერძოებულები ვართ მაინც ადამიანები, ცოდვითი მიდრეკილებებით, რაღაც ქვენა მიზნებით და გამორჩენებით. ვიღაცას თავის ნაცნობის გაქაჩვა და კარგად ყოფნა მოუნდებოდა, ვიღაცას ვიღაცის დასჯა და დაიწყებოდა ისევ ათასი უბედურებები.
ალბათ მასეც იყო თავიდან - ადამის ლოგიკით იყო ყველაფერი სანამ ის ვაშლი არ გასინჯეს. მერე აირია ადამიანური ბუნება, ცოდვილი გახდა და აირია ლოგიკაც და რაღაც არაადამიანური ლოგიკით და სამყაროს წყობით მოვდივართ, ღვთიური ლოგიკით, ასე ეძახის ზოგი წმინდა მამა.

სულ მინდა ვინუგეშო თავი რომ ღმერთი სიყვარულია და ყოველთვის იმას აკეთებს რაც ჩვენთვის საუკეთესოა და დროსაც საუკეთესოს არჩევს, უბრალოდ როგორ გინდა გაიგო ეს, როცა დაბომბილი ან ავადმყოფი ბავშვების სურათს უყურებ? ძალიან ძნელია.
»»  read more

Monday, June 10, 2013

ჭუჭყი

უფრო დაუფრო ვწუხდები ქალაქის გამონაბოლქვით... განსაკუთრებით შუქნიშანთან რომ გავჩერდები. ძალაუნებურად ვიკავებ სუნთქვას, მაგრამ როდემდე? არ გამოვა ისე, რომ საერთოდ არ ვისუნთქო. მერე იმაზე ფიქრს ვიწყებ, როგორ ბინძურია გარშემო ყველაფერი, რატომ ვყიდულობ იშვიათად ძეხვს, სოსისს, ტკბილეულს. მართალია, არაა სასარგებლო ისედაც, მაგრამ ამას დამატებული ათასი ხელოვნური ნივთიერება, რომელიც მაგ პროდუქტებშია, ბევრად უფრო საშიშს ხდის მათ მიღებას.
პური? სად ვიშოვო ქართული ხორბალი, რომ დავაფქვევინო და გამოვაცხო, მეცოდინება, რომ საშიში არაფერია, მაგრამ ვერ ვშოულობ.

სიგიჟემდე შეიძლება მიხვიდე ამ ყველაფრის ფიქრის შედეგად. სადღაც უნდა გაჩერდე. მართლა ხომ ვერ შეაჩერებ სუნთქვას?!

არადა, როგორ მღლის ეს ცივილიზაცია - ტელევიზორი, ინტერნეტი, ტელეფონი. კიდევ კარგი, წელიწადში 2-3 კვირა მაინც ვწყდები ამ ყველაფერს სოფელში და სუფთა ჰაერსაც ვსუნთქავ, სოფლის კვერცხს და მაწონს ვაჭმევ ბავშვებს და სუფთა წყალს სვამენ წყაროდან. ბანაობითაც რიონში ან ლოღორულში ვიბანავებ და სრულად შევიგრძნობ იმ ბუნებას, ღმერთმა რაც მოგვცა და რაც ასე იკარგება ქალაქში.

მახსენდება, 12 წლის რომ ვიყავი, რიონმა გზა წაიღო და ზედ მდგარი ელექტროგადამცემი ბოძებიც მიაყოლა. კვირაზე მეტი ვიყავით უშუქოდ. ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება და დამმუხტავს სავსე მთვრით განათებული სოფელი.

ხო, იქვე სულ რამოდენიმე მეტრში ჩამოვარდნილი მეხიც მახსენდება. მგონია, არსად წვიმს ისე ძლიერად როგორც აგვისტოში ხანდახან ჩემს სოფელში, რომელსაც ისევ გზის პრობლემა მოყვება მართალია, მაგრამ სამაგიეროდ ანეიტრალებს ვარსკვლავებით გადათეთრებული შუაღამის ცა.


ეტყობა მომენატრა ჩემი სოფელი და იმიტომ ვარ ასეთ განწყობაზე, იმიტომ განვიცდი ასე მძაფრად ქალაქის ჭუჭყს.

და დრო!!!... რომელიც დატვირთული და მსუყეა სოფელში და ასე უფასურდება ქალაქში კომპიუტერთან და ტელევიზორთან.

»»  read more
Related Posts with Thumbnails