მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Tuesday, June 18, 2013

რაღაც უხილავები ... გულში...

აი რაღაც უხილავი სიმები ....

რაღაცას რომ შეეხებიან და გაგახსენებენ რომ ბედნიერი ხარ, რომ გიყვარს, რომ უყვარხარ, რომ ცოცხლობ, რომ დილა გათენდა, რომ სადღაც ვიღაცას უხარია.

ასეთ დროს მინდა დავურეკო ბუჩას და ვუთხრა, როგორ მიყვარს და ბედნიერი ვარ; ჩავეხუტო ბავშვებს და ვიცინო მაგათთან ერთად; ვაკეთო ბევრი საქმე და ვილოცე ბევრი.
მინდა ვიღაცას დავეხმარო და დავანახო რა კარგია ცხოვრება. მინდა რომ უკეთესი გავხადო სამყარო.

უცნაურია, ხან რა და ხან რა აპროვოცირებს ამ შეგრძნებებს, ხან რა.

ხან ყვავილი, ხან ღრუბელი, ხან რაიმე ლექსი, წეღან ნოდარ დუმბაძის სურათმა იმოქმედა. ვერ ვიტყვი საყვარელი მწერალია თქო, მაგრამ მახსოვს, რამოდენიმე მისი ფრაზა წაკითხვისთანავე ძალიან ღრმად რომ შემოვიდა გულში და იქ რომ ცხოვრობს.

ზოგადად ცხოვრება გულში შენახული პატარ-პატარა ბედნიერებებია.
მადლობა უფალს გათენებული დღისთვის. :)
მერე რა რომ ღამე ბავშვებს დავდევდი და არ მეძინა :D
»»  read more

Tuesday, June 11, 2013

ლოგიკა

არ არსებობს!
ნუ აი ადამიანური ლოგიკით არ ცხოვრობს ეს სამყარო.
ასე რომ იყოს, არც ერთი ბავშვი არ დაიღუპებოდა. ყველა კეთილი ადამიანი იქნებოდა დღეგრძელი და ბედნიერი.
არ არის მასე!
რამდენი ბავში იღუპება ომში ან შიმშილით ან ავადმყოფობით.
დღეს 2 ბავშის გარდაცვალების ამბავი გავიგე - 4 წლის იყო ორივე. შემზარა ისევ :(

თუმცა, მეორეს მხრივ ადამიანური ლოგიკა არ გამოდგებოდა სამყაროსთვის.
მიკერძოებულები ვართ მაინც ადამიანები, ცოდვითი მიდრეკილებებით, რაღაც ქვენა მიზნებით და გამორჩენებით. ვიღაცას თავის ნაცნობის გაქაჩვა და კარგად ყოფნა მოუნდებოდა, ვიღაცას ვიღაცის დასჯა და დაიწყებოდა ისევ ათასი უბედურებები.
ალბათ მასეც იყო თავიდან - ადამის ლოგიკით იყო ყველაფერი სანამ ის ვაშლი არ გასინჯეს. მერე აირია ადამიანური ბუნება, ცოდვილი გახდა და აირია ლოგიკაც და რაღაც არაადამიანური ლოგიკით და სამყაროს წყობით მოვდივართ, ღვთიური ლოგიკით, ასე ეძახის ზოგი წმინდა მამა.

სულ მინდა ვინუგეშო თავი რომ ღმერთი სიყვარულია და ყოველთვის იმას აკეთებს რაც ჩვენთვის საუკეთესოა და დროსაც საუკეთესოს არჩევს, უბრალოდ როგორ გინდა გაიგო ეს, როცა დაბომბილი ან ავადმყოფი ბავშვების სურათს უყურებ? ძალიან ძნელია.
»»  read more

Monday, June 10, 2013

ჭუჭყი

უფრო დაუფრო ვწუხდები ქალაქის გამონაბოლქვით... განსაკუთრებით შუქნიშანთან რომ გავჩერდები. ძალაუნებურად ვიკავებ სუნთქვას, მაგრამ როდემდე? არ გამოვა ისე, რომ საერთოდ არ ვისუნთქო. მერე იმაზე ფიქრს ვიწყებ, როგორ ბინძურია გარშემო ყველაფერი, რატომ ვყიდულობ იშვიათად ძეხვს, სოსისს, ტკბილეულს. მართალია, არაა სასარგებლო ისედაც, მაგრამ ამას დამატებული ათასი ხელოვნური ნივთიერება, რომელიც მაგ პროდუქტებშია, ბევრად უფრო საშიშს ხდის მათ მიღებას.
პური? სად ვიშოვო ქართული ხორბალი, რომ დავაფქვევინო და გამოვაცხო, მეცოდინება, რომ საშიში არაფერია, მაგრამ ვერ ვშოულობ.

სიგიჟემდე შეიძლება მიხვიდე ამ ყველაფრის ფიქრის შედეგად. სადღაც უნდა გაჩერდე. მართლა ხომ ვერ შეაჩერებ სუნთქვას?!

არადა, როგორ მღლის ეს ცივილიზაცია - ტელევიზორი, ინტერნეტი, ტელეფონი. კიდევ კარგი, წელიწადში 2-3 კვირა მაინც ვწყდები ამ ყველაფერს სოფელში და სუფთა ჰაერსაც ვსუნთქავ, სოფლის კვერცხს და მაწონს ვაჭმევ ბავშვებს და სუფთა წყალს სვამენ წყაროდან. ბანაობითაც რიონში ან ლოღორულში ვიბანავებ და სრულად შევიგრძნობ იმ ბუნებას, ღმერთმა რაც მოგვცა და რაც ასე იკარგება ქალაქში.

მახსენდება, 12 წლის რომ ვიყავი, რიონმა გზა წაიღო და ზედ მდგარი ელექტროგადამცემი ბოძებიც მიაყოლა. კვირაზე მეტი ვიყავით უშუქოდ. ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება და დამმუხტავს სავსე მთვრით განათებული სოფელი.

ხო, იქვე სულ რამოდენიმე მეტრში ჩამოვარდნილი მეხიც მახსენდება. მგონია, არსად წვიმს ისე ძლიერად როგორც აგვისტოში ხანდახან ჩემს სოფელში, რომელსაც ისევ გზის პრობლემა მოყვება მართალია, მაგრამ სამაგიეროდ ანეიტრალებს ვარსკვლავებით გადათეთრებული შუაღამის ცა.


ეტყობა მომენატრა ჩემი სოფელი და იმიტომ ვარ ასეთ განწყობაზე, იმიტომ განვიცდი ასე მძაფრად ქალაქის ჭუჭყს.

და დრო!!!... რომელიც დატვირთული და მსუყეა სოფელში და ასე უფასურდება ქალაქში კომპიუტერთან და ტელევიზორთან.

»»  read more

Wednesday, May 8, 2013

მე და მობილურები

ვინც მიცნობს, კარგად იცის რამდენი ხანი ვფიქრობ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ :) მაგალითად, წარბები გამეკეთებინა თუ არა, ვიფიქრე 6 თვე, თმა შემეღება თუ არა - 2 წელი. მიკვირს ასე მალე როგორ გადავწყვიტე ოჯახსი შექმნა, გაცნობიდან 6 თვეში ერთად ვიყავით უკვე მე და ბუჩა.

ბუჩა ამბობს, თითო ბავშვზე თითო მობილური ეწირებაო: ძირითადად კბილების ამოსვლის პერიოდში, რატომღაც ყველაზე კარგად ჩემი მობილურით იფხანენ ღრძილებს. ეკატერინე "კბილებს" სონი-ერიქსონის ცოტა უცნაური მოდელი G700 შეეწირა, მაგრამ ზემოთაღნიშნული გადაუწყვეტელობის გამო, სანამ საერთოდ არ შეწყვიტა ფუნქციონირება, მანამდე ერთგულად ვატარებდი ჩანთით. ბუჩამ მერე სააღდგომოდ ახალი ტელეფონი მომიტანა.

მერე მოყვა მარიამის დაბადება, მარიამის კბილები-ღრძილების ფხანა, რომელსაც ახალი სონი ერიქსონ J10i ვაჟკაცურად გაუმკლავდა. თუმცა, მარიამმა რატომღაც ჩათვალა რომ ეს ტელეფონი მისია და სასტიკად ბრაზდებოდა, როცა რეკავდა და მე ვიღებდი და არ ვაძლევდი საშუალებას მაგას ეპასუხა. მარიამთან ჭიდილში ტელეფონს გაუტყდა ეკრანი.
ჯერ - წვრილი ხაზი იყო, მერე გამსხვილდა, მერე წვიმასავით ჩამოვიდა ამ ნაკაწრიდან ხაზები, ეხლა როცა ვინმე რეკავს, ბოლო 2 ციფრი ჩანს და სმს წაკითხვის სპეციალური ხერხები დავამუღამე- ფორვარდს ვაკეთებ და ისე ვკითხულობ.

7 თვეა უკვე ვფიქრობ შევცვალო მობილური. საახალწლოდაც მინდოდა განვადება, მაგრამ არ იყო ის მოდელი, მე რომელიც მინდოდა. მერე განვადების 20% არ მქონდა, მერე განვადება არ დამიმტკიცეს. მერე რომ დამიმტკიცეს 4,9 პროცენტიანი (http://zustad.ge/), წინასწარ 20% მაინც მომთხოვეს და გავბრაზდი.

ეხლა ყულაბა გავაკეთე - სნოს წყლის ბოთლში ვყრი 1 ლარიანებს, მაგრამ ავსების ტემპით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ 4 თვე მომიწევს ძველი მობილურით სიარული და ინტუიტიურად სმს-ების კითხვა და ხმით ამოცნობა, ვინ მირეკავს.

რა ტელეფონი მინდა? სამსუნგ გალაქსი ს4.  ელეგანტურობა და ინტელექტის განსახიერება. ცოტათი მგავს :) ფბ-ზე კონკურსია და თუ მოვიგებ, ჩავთვლი რომ 2013 წელი ძალიან იღბლიანია ჩემთვის. :)

P.S. მეოთხე ბავშვს მგონი ჯერ არ ვგეგმავთ და თუ რამეა, ძველ მობილურს არ გადავაგდებ და იმით მოიფხანს კბილებს.
»»  read more

Thursday, November 29, 2012

სალომე ჭონიშვილი

სალომე დაიღუპა, მარიამის ნათლია.
მეორე ადამიანია, ვისი სიკვდილიც, ბაბუაჩემის მერე ძალიან განვიცადე., 2 დღეა ვტირივარ პერიოდულად. მართალია, ყოველდღე ვერ ვნახულობდი, მაგრამ ყოველდღე ტელეფონზე მხვდებოდა, როცა ბუჩასთან ვრეკავდი და ბუჩაც, რომ მოდიოდა, ერთხელ მაინც ახსენებდა ხოლმე. დაუსწრებლად ყოველდღიურად იყო სალომე ჩვენს ოჯახში და ჩემთვის ახლობელი.
ყურში ჩამესმის ხრინწიანი და ხალისიანი, ოდნავ დაღლილობა-შეპარებული ხმა. სულ მესმის, "ხო, ხატი" და კიდევ მეტირება. პრინციპში, არ მჯერა. გასვენებაშიც არ ვიცი წავალ თუ არა.
აი ეხლაც, გამახსენდა, ბოლოს რომ ვნახე.
მეცოდება ალბათ. მენანება და მტკივა უფრო.
მამაომ თქვა, როცა ახლობელი გარდაიცვლება, გარდაცვლილზე მეტად, საკუთარ თავს დავტირით, რომ მის გარეშე ვიქნებითო. ალბათ ასეა.
არადა არ შეიძლება ასეთი ხალისიანი ადამიანი არ იყოს ცოცხალი. უბრალოდ, არ შეიძლება.
ძალიან მტკივა...


»»  read more
Related Posts with Thumbnails