მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Monday, November 24, 2014

ნოემბერი

გარეთ ძალიან ნოემბრული ნოემბერია. მოქუშული ამინდი არ არის (ყოველ შემთხვევაში არ იყო 2 საათის წინ) მაგრამ სუსხია. უკვე თითქმის დეკემბერია. ყოველ 1 დეკემბერს თავში გრუშეს ფრაზა მიტრიალებს -"ზამთარი ხომ მაინც გავა და გაზაფხული ხომ მაინც მოვა". გუშინ ნანუკას ვეუბნები არ მიყვარს შემოდგომა -თქო. სექტემბერი თითქმის ზაფხულია, ნოემბერში ცივა. სამაგიეროდ ოქტომბერი მიყვარს ძალიან. აღმოჩნდა რომ პრინციპში იყოს თავის შემოდგომა, არაფერს მიშავებს.

დღეს ტაძარში ვიყავი და იქვე, სამშობიაროს ეზოში ქალი ეზოს გვიდა და სუროები აწია რომ მათ ქვეშ გამოეგვა. წარმოვიდგინე იგივე სცენა მარტში, სხვა სიხალისით გააკეთებს იგივეს. ზოგადად, "თითქმის გაზაფხული" ბევრად უფრო პოზიტიურია, ვიდრე "თითქმის ზამთარი", მიუხედავდა ტემპერატურის იდენტურობისა.

რაღაც "გადაგორების"  ფენომენია. აი ზამთარი გადავაგორეთ, აი ზაფხული გადავაგორეთ. გარდამავალ სეზონებს არ "ვაგორებ" - თავისით გორდებიან ან იქით ან აქეთ.

ეხლა იმ მდგომარეობის გადაგორება მინდა რაც სავარაუდოდ ორშაბათიდან მექნება და რასაც უმუშევრობა ქვია.

2 თვე ვიმუშავე ერთ კერძო კომპანიაში, სადაც ეხლაც ვზივარ და ვმკითხაობ, გარეთ ჯერ კიდევ მზეა თუ უკვე ღრუბლებიც. აბსოლუტურად უფანჯრო ოთახში, თუმცა ძალიან ლამაზ ინტერიერში. არც თუ ისე შესაფერის თანამდებობაზეა და საშინელი გრაფიკით.

შაბათს მუშაობა არის კატასტროფა. საშინელება. ნუ "ოჯახის" ქალებისთვის განსაკუთრებით. არ არის საკმარისი 1 არასამუშაო დღე. ვერ ეყოფი სახლის საქმეებს, საჭმელს და ყველა ბავშვს ერთად. საკუთარ თავზე და ქმარზე აღარც ვლაპარკობ. მერე, ბავშვები რომ გაიზრდებიან, ალბათ უფრო გავქაჩავ, ეხლა მაინც მიჭირს ღამე გაღვიძებების ფონზე ისედაც გადაღლილს.

მაინც სადღაც გული მწყდება რომ მიშვებენ. მომწონს ეს გუნდი. მომწონს რასაც აკეთებენ. მომწონს ჩემი თავი როცა ვმუშაობ. თუმცა იმის მცირე ნაწილსაც ვერ ვიღებ, რასაც ჩემ თავს და ბავშვებს ვაკლებ ჩემი უდროობით.

ზოგადად უფრო სევდიანი პოსტია, ვიდრე ნეიტრალური.
ერთი სული მაქვს 2 საათი გახდეს და არტკაფეში ავიდე ესპრესოს დასალევად.


»»  read more

Tuesday, February 4, 2014

თაგვი

ხომ არის დღეები ცხოვრებაში, რომელიც არ უნდა დაგავიწყდეს და ვერ დაგავიწყდება. ზოგი იმიტომ რომ მაგრად გაგიხარდა, ზოგი პირიქით, მაგრად გეტკინა, ზოგიც შეგეშინდა. მნიშვნელობა არ აქვს რა ხდებოდა იმ მომენტში, დროის გასვლის მერე უმეტესობა აუცილებლად პოზიტიურად გაგახსენდება.
ყოველ ჯერზე, როცა ამ ამბავს ვყვები, სიცილს ვერ ვიკავებ, მართალია, ამბავი ძველია, მაგრამ ძალიან დამწყდება გული რომ სადმე არ დარჩეს:
მაშ ასე, ზაფხულის საღამოა, სადღაც 11 საათი, ნანუკა უყურებს ტელევიზორს და უცბად ამბობს რომ თაგვმა გაირბინა, რა თქმა უნდა მაგარი ვეკაიფეთ მე და ბუჩა, როგორ შეიძლება მეხუთე სართულზე, ახალაშენებულ სახლში მოხვედრილიყო თაგვი, მაშინ, როცა კალიების შიშით ყველგან ბადეები გვაქვს აკრული. 15 წუთის მერე, ტახტზე ვიჯექი და ზუსტად ფეხებთან გამირბინა თაგვმა და გაიქცა შემოსასვლელისკენ, თუმცა იქ არ გასულა, პიანინოს ქვეშ შეძვრა. მე სასწრაფოდ წამოვხტი, საძინებლების კარები დავკეტე და შემოსასვლელის "კამოდებით" გადავხერგე საძინებლებისკენ მიმავალი გზა.
ბუჩა მიხდვა რომ მისი გეგმები, მალე დაეძინა, გადაიდო და დაიწყო ბრძოლა თაგვის სახლიდან გასაგდებად.
თაგვმა ამასობაში უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია პიანინოს ქვეშ კი არა, პიანინოში დამალულიყო. ჯოხების, ხმაურების და ბრახუნის მიუხედავად, არ აპირებდა იქიდან გამოძვრომას. რაღა დაგვრჩენოდა, დავიწყეთ პიანინოს დაშლა. მე პირადად პიანინოს დაშლა, მხოლოდ იმ ფიცრების მოხსნა მეგონა რომელიც აქვს აფარებული. ნურას უკაცრავად, მხოლოდ ფიცრების მოხსნამ აანაირი შედეგი არ გამოიღო და ბუჩამ დაიწყო კლავიშების ამოყრა. მე თვალები დამრცა ფართოდ, არც კი ვიცოდი ასე მარტივ მამრავლებლად თუ იშლებოდა ეს პიანინო. კლავიშების ბუდიდან თაგვა წარმატებით გადაინაცვლა დეკასთან, მგონი არ მეშლება სიტყვა. და თან ისე მოხერხებულად დარბის სიმებზე, რომ აღვფრთოვანდით კიდეც.
ბუჩამ გადაწყვიტა თავის კატანა მოეტანა (სამურაის ხმალი), წვრილია და თუ რამეა, მოკლავდა ეგრევე. ყიჟინებით, ბრახუნებით და ა.შ. ვეცადეთ თაგვი თვალსაწიერში მოგვექია რომ მერე ბუჩა დასცემოდა თავზე... ასე მხიარულად გავატარეთ დრო ღამის 2-ის ნახევრამდე. თაგვი პიანინოში - ჩვენ დაქანცულები ტახტზე. ბოლოს თაგვმა, გადაწყვიტა თავი დაენებებინა ჩვენთვის და გამოძვრა და აივნისკენ წავიდა. აივნისკენ გზაში კი ფარდა შემოხვდა და იმაზე აძვრა. ბუჩამ ფერთხა ფარდა, იქიდან, აქედან, ვერ ვნახეთ და დავასკვენით რომ უკვე აივანზე იყო. 10 წუთში თაგვი ფარდიდან ჩამოდის და ხალიჩის ქვეში შერბის. აი ეს იყო გამოუსწორებელი შეცდომა. ხალიჩის ქვეშიდან ვეღარ გაგვექცეოდა და წარმატებით მოვუღეთ ბოლო.
დიდი ბოდიშს ვუხდი ცხოველთა დაცვის საზოგადოებას, თუ აღშფოთდა ბებერი თაგვის მოკვლის ამბავით, მაგრამ მე 3 ბავშვით თაგვთან ერთად ვერ ვიცხოვრებდი.
რაც მთავარია, მე და ბუჩამ დავასკვენით, რომ ფილმი თაგვზე ნადირობა სულაც არ არის კომედიური ჟანრის, არამედ დოკუმენტალური დრამაა.

პ.ს. საიდან მოხვდა თაგვი მეხუთე სართულზე არავინ ვიცით, სამაგიეროდ რატომ მოხვდა, გავარკვიეთ - კაკალი მქონდა შენახული აივანზე ღიად.
»»  read more

Friday, November 22, 2013

მარტო სახლში

 ავად ვარ. რაღაც ვირუსი ავიკიდე და ფიზიკურად ვერ გავქაჩე სამსახურში წასვლა და სახლიდან ვმუშაობ. ვსვამ თაფლ-ლიმნიან და ჟლოიან ჩაის. ვარ თბილად და ღუნღულად.
უბრალოდ ცოტა სუსტად ვარ და ხანდახან მეშინია გული არ წამივიდეს. მერჩივნა მარტო არ ვიყო, მაგრამ ვერავინ მოვა :) ყველა მუშაობს ან თავის პირადი საქმე აქვს, ბავშვებიც სკოლა-ბაღში არიან. ნანუკა მაინც გვიან მოვა, დღეს კინოში აპირებს წასვლას "შიმშილის თამაშებზე". თუმცა საღამოს მაინ ხომ მოველენ სახლში და არ ვიქნები მარტო. :)
ბებიაჩემი წარმოვიდგინე, მთელი დღე რომ მარტოა. მე ვერთობი მაინც, ჩემ ნებაზე წამოვწვები, ვიმუშავებ, ტელევიზორს შევხედავ, ავდგები, გავივლი. როცა ეს არ შეგიძლია, რა საშინელებაა! ცოდოები არიან მოხუცები, არ უნდა ცხოვრობდნენ მარტო.

დღეს დილით პატარას მოძრაობა ვიგრძენი. რა მძაფრი ემოციაა, ვერც კი აღვწერ :)
წავედი, ჩაი დავადგა ისევ :)

»»  read more

Friday, October 4, 2013

სიყვარულები :)

ვითომ ისაა სიყვარული, მარტომ რომ დარჩები და ხვდები რომ უმისოდ ცუდად ხარ? 
თუ ისაა, რომ გიხარია როცა მისი რამე ჟესტი ან გამოხედვა გაგახსენდება? 
თუ ის, როცა ცუდად ხარ და ბოლომდე ცუდად ყოფნის უფლებას რომ არ გაძლევს იმის შეგრძნება, რომ ასეთი გყავს? 
კონტროლის ზონიდან გავდივარ :) 
ასე ნაფერები დამოუკიდებლობა და შინაგანი მიუჯაჭვლობა არ მინდა დაიკარგოს. 
ეს რომ არ მქონდეს, გაცილებით უფრო ცუდი ცოლ-ქმარი ვიქნებოდით. 
რაღაც გვაქვს შეუხებელი. მე -ჩემი, იმას - თავის. 
იმას უფრო გამოსდის ეს, მე უფრო მესაკუთრე ვარ. :) 


ისევ ორსულად ვარ. :)
ახალი პატარა გვეყოლება ბაძაძგუნა-ბურდღუჩა :) 
არც კი მჯერა რომ ამხელა სიყვარული მაქვს გარშემო. 
ადრე ვწერდი, სიყვარული სანთელივითაა თქო. დგახარ და სხვის გულებში შენ სანთელს ანთებ. რაც უფრო მეტი ადამიანი გიყვარს, მით უფრო მეტ ადამიანს აქვს "შენი" სინათლე გულში და მით უფრო დიდი ხდები. დიდი და ძლიერი, მშვიდი და ბედნიერი. :)
»»  read more

Tuesday, June 18, 2013

რაღაც უხილავები ... გულში...

აი რაღაც უხილავი სიმები ....

რაღაცას რომ შეეხებიან და გაგახსენებენ რომ ბედნიერი ხარ, რომ გიყვარს, რომ უყვარხარ, რომ ცოცხლობ, რომ დილა გათენდა, რომ სადღაც ვიღაცას უხარია.

ასეთ დროს მინდა დავურეკო ბუჩას და ვუთხრა, როგორ მიყვარს და ბედნიერი ვარ; ჩავეხუტო ბავშვებს და ვიცინო მაგათთან ერთად; ვაკეთო ბევრი საქმე და ვილოცე ბევრი.
მინდა ვიღაცას დავეხმარო და დავანახო რა კარგია ცხოვრება. მინდა რომ უკეთესი გავხადო სამყარო.

უცნაურია, ხან რა და ხან რა აპროვოცირებს ამ შეგრძნებებს, ხან რა.

ხან ყვავილი, ხან ღრუბელი, ხან რაიმე ლექსი, წეღან ნოდარ დუმბაძის სურათმა იმოქმედა. ვერ ვიტყვი საყვარელი მწერალია თქო, მაგრამ მახსოვს, რამოდენიმე მისი ფრაზა წაკითხვისთანავე ძალიან ღრმად რომ შემოვიდა გულში და იქ რომ ცხოვრობს.

ზოგადად ცხოვრება გულში შენახული პატარ-პატარა ბედნიერებებია.
მადლობა უფალს გათენებული დღისთვის. :)
მერე რა რომ ღამე ბავშვებს დავდევდი და არ მეძინა :D
»»  read more
Related Posts with Thumbnails